ვნებათაღელვა Doing Business 2015-ის გამო

”ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ამგვარი რეიტინგებით არ იზომება”

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულმა რეიტინგმა, Doing Business 2015, რომელიც ფართო საზოგადოებამ ამ დღეებში გაიცნო, სერიოზული კამათი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მსოფლიო ბანკი ამ რეიტინგს ყოველწლიურად აქვეყნებს, წლევანდელ რეიტინგში სულ 189 ქვეყანა შევიდა, რომელთა შორის საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით მე-15 ადგილზეა. გასული წლის რეიტინგთან შედარებით, საქართველო ერთი პოზიციით დაქვეითდა, ხოლო 2013 წელთან შედარებით - 6 პოზიციით და საუკეთესოთა ათეულში აღარ არის. 2013 წელს საქართველო რეიტინგში მე-8 ადგილზე იყო. ერთ წელიწადში ის ჩამორჩა ნორვეგიას, დიდ ბრიტანეთს, ფინეთს, ავსტრალიას, შვედეთს, ისლანდიას, ირლანდიას და გერმანიას. რეიტინგის სათავეში კვლავ სინგაპურია. მიუხედავად ამისა, საქართველოს ევროპისა და ცეტრალური აზიის რეგიონში ყველაზე მაღალი ადგილი უკავია. მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები წლევანდელ ჩამორჩენას მეთოდოლოგის შეცვლით ხსნიან. ჩვენ გადავწყვიტეთ, ამ საკითხის გააანალიზება ქართველი ექსპერტებისთვის გვეთხოვა.

როგორც ეკონომიკის ექსპერტმა ლევან კალანდაძემ გვითხრა, მეთოდოლოგია მართლაც შეიცვალა, ოღონდ ეს შარშან მოხდა და სწორედ ამის გამო გადმოვინაცვლეთ მე-8 ადგილიდან მე-14-ზე. წლევანდელ რეიტინგში კი საქართველომ რეალურად უკან დაიწია.

ლევან კალანდაძე: ”საერთოდ, მსგავსი რეიტინგები უფრო შესაძლებლობების რეიტინგებია და ამ თვალსაზრისით სიტუაციის გაუარესება ანუ მე-14 ადგილიდან მე-15-ზე გადასვლა უბრალოდ, ცუდი ტენდენციის მაჩვენებელია. წლების განმავლობაში საქართველოს მოწინავე პოზიციები ჰქონდა და ეს არის ნიშანი, რომ ჩვენი უცხოელი მეგობრები სიტუაციის გაუარესების ტენდენციას ხედავენ. სწორედ ამაზე უნდა გააკეთოს აქცენტი ხელისუფლებამ - მთავარია, მომავალში სიტუაციის გაუარესება არ მოხდეს. Doing Business არ არის სრულყოფილი შემფასებელი, ის ერთ კონკრეტულ მიმართულებას აფასებს: ეს არის ბიზნესის დაწყების სიმარტივე, გადასახადების გადახდის სიიოლე და შემჭიდროებული ვადები. როგორც ჩანს, ამ მხრივ სარეიტინგო კომპანიამ ჩვენს ქვეყანაში ან უკან გადადგმული ნაბიჯი დაინახა, ან - არსებული შანსების გამოუყენებლობის საფრთხე. ამგვარი შანსების გამოუყენებლობა სარეიტინგო კომპანიისათვის არის ერთ-ერთი ნიშანი იმისა, რომ სარეიტინგო მაჩვენებლები გააუარესოს. მართალია, წლევანდელი ”დაქვეითება” კატასტროფა არ არის, მაგრამ ცუდი ტენდენციის მიმანიშნებელია. ამავე დროს, ეს არის ძალიან საინტერესო სიგნალი მთავრობის ეკონომიკური გუნდისათვის, თუ როგორ უნდა დაგეგმოს მან მომავალი ეკონომიკური პოლიტიკა, ან რა უნდა შეცვალოს მასში”.

მსგავს რეიტინგებს ერთგვარ უნდობლობას უცხადებს ექსპერტი ვაჟა კაპანაძე: ”მე ასეთი რეიტინგებისა ნაკლებად მჯერა, ალბათ გახსოვთ, წლების განმავლობაში მოწინავე პოზიციებზე ვიყავით და რა აჟიოტაჟი იყო ამის გამო. ამ ტიპის რეიტინგები არასოდეს იძლევა საფუძველს, რომ ქვეყნის ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა რეალურად შეფასდეს. შესაძლოა რომელიმე ქვეყანამ რაღაც პარამეტრი გააუმჯობესა და რეიტინგში წინა ადგილი დაიკავა, ამ დროს შეიძლება ჩვენთან არაფერი გაუარესებულა, არც გაუმჯობესებულა, მაგრამ ვიღაცამ მაინც გადაგვასწრო. მგონი, არ ღირს ამაზე ბევრი კამათი და მსჯელობა”.

დაახლოებით იგივე მოსაზრება აქვს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ სოსო არჩვაძეს: ”თუ დავაკვირდებით, ამ რეიტინგში ჩვენზე უკან არიან ქვეყნები, რომლებსაც ჩვენზე მეტი ეკონომიკური პოტენციალი აქვთ, ამიტომ, მსგავსი რეიტინგების გამოდევნებას მე, ცოტა არ იყოს, ირონიით ვუყურებ. ვკამათობთ რეიტინგებზე და ამ დროს მთავარი მაჩვენებლები გვავიწყდება ხოლმე. მთავარი კი, მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტი და ეკონომიკის ზრდის ტემპია. თუ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ტემპი არის დაბალი, რაც უნდა მაღალი ადგილი მოგვანიჭონ საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა, წინ ნაბიჯსაც ვერ გადავდგამთ. სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან ბევრი მაჩვენებლით ჩამოვრჩებით პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებსაც კი, ამიტომ, სასურველია, ამ მიმართულებით ვიმუშაოთ. სასურველია, მედიამ რეალური მონაცემები აიყვანოს კონტროლზე და არა ასეთი რეიტინგები. სხვათა შორის, ამ რეიტინგში ჩვენ მეზობელი აზერბაიჯანიც ჩამოგვრჩება, მაგრამ ამ ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები საქართველოსას აშკარად აღემატება. უნდა გვახსოვდეს, რომ სხვა ინდიკატორებიც არსებობს, რომლებიც უფრო სრულად ასახავს ქვეყნის განვითარების დონეს. სხვათა შორის, ამავე რეიტინგში ჩვენზე უკან არიან პოლონეთი, ესტონეთი და აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იქ ბიზნესი ცუდ მდგომარეობაშია. ამიტომ, სიტუაციის შეფასებისას უფრო რეალური ინდიკატორები უნდა გავითვალისწინოთ. საერთაშორისო რეიტინგებში რამდენიმე პუნქტით წინ წაწევა, ან უკან ჩამორჩენა ბევრს არაფერს ნიშნავს და ვერც ვერაფერს შეცვლის”.

ხათუნა ჩიგოგიძე