დოკუმენტი, რომელმაც ქართველი მეცხვარის ხვედრი უნდა შეამსუბუქოს

"თანამედროვე, მაღალპროდუქტიული ცხვრის ჯიშების გამრავლება ამ ბიზნესს უფრო მომგებიანს გახდის"

როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობა მეცხვარეობის დარგში ცვლილებების განხორციელებას გეგმავს: უკვე დაწყებულია მუშაობა სახელმწიფო სტრატეგიის დოკუმენტზე, რომელიც დაახლოებით ერთ თვეში იქნება მზად. დოკუმენტზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები მუშაობენ, მის მომზადებაში აქტიურადაა ჩართული საქართველოს მეცხვარეთა ასოციაცია. როგორც ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე, ბექა გონაშვილი ამბობს, ეს იქნება სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პირველი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც შეისწავლიან მეცხვარეობის დარგში არსებულ პრობლემებს, შემდეგ კი, უკვე მათი გადაწყვეტა უნდა დაიწყოს.

ბექა გონაშვილი: პირველ რიგში გეტყვით, რომ ამ სფეროში წლების განმავლობაში ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა, ჩვენ ვცდილობდით საზოგადოების ყურადღება მიგვექცია ამ პრობლემებისათვის. ამიტომ, ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დოკუმენტზე მიწევს მუშაობა და საერთოდ, ქვეყანაში ამგვარი ინიციატივა გაჩნდა. მოსაწონია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურს, ჰქონდეს სტრატეგია იმის შესახებ, თუ რა მიდგომებია საჭირო ამ დარგში. ამ საქმეში ჩართულია სოფლის მეურნეობის სამინისტრო თავისი სტრუქტურებით. ორიოდე დღის წინ გვქონდა შეხვედრა სამინისტროში და ამ შეხვედრის დროს ძალიან ბევრი ისეთი პრობლემა გამოიკვეთა, რომლის მოგვარებასაც არც დიდი ფინანსები სჭირდება და არც განსაკუთრებული ძალისხმევა, ამას თვითონ სამინისტროს წარმომადგენლებიც აღნიშნავდნენ. პირველადი დოკუმენტი უკვე განვიხილეთ და ახლა კონკრეტული ღონისძიებების დასახვის ფაზა იწყება. ჩვენ, მეცხვარეთა ასოციაციის წარმომადგენლებს, დიდი სურვილი გვაქვს, აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ამ პროცესში იმიტომ, რომ დღემდე ერთად საკმაოდ ნაყოფიერი თანამშრომლობა გამოგვივიდა.

- თქვენ ამბობთ, რომ მეცხვარეებს არაერთი პრობლემა აქვთ. კონკრეტულად, რომელი პრობლემის მოგვარებაზე იმსჯელეთ?

- ნებისმიერი მეცხვარე დამეთანხმება, რომ ძალიან მწვავე პრობლემაა გადასახადების საკითხი: არავინ ითხოვს, რომ დღეს არსებული გადასახადები ვინმემ ერთბაშად მოგვიხსნას, ან შეამციროს, მაგრამ ყველა შევთანხმდით იმაზე, რომ საჭიროა კვლევის ჩატარება და არსებული სისტემის გადახედვა. ვგულისხმობ იმას, რომ ზოგიერთ ნიადაგს აქვს რესურსი, რომ იქ უფრო მაღალი გადასახადები გადავიხადოთ, მაგრამ ზოგიერთი საძოვარი ისეთ დღეშია, რომ იქ გადასახადი ნაკლები უნდა იყოს. საქართველოში ათეულობით სხვადასხვა კლიმატური ზონაა, არ შეიძლება ერთ მუნიციპალიტეტში აბსოლუტურად ერთნაირი გადასახადი იყოს დაწესებული, რადგან ზოგჯერ ერთ რაიონში რამდენიმე კლიმატური ზონა გვხვდება. ამიტომ, გადასახადი მუნიციპალიტეტების მიხედვით კი არ უნდა იყოს დაწესებული, არამედ საძოვრის ხარისხის მიხედვით და შესაბამისად უნდა იყოს ორი, ან სამი განსხვავებული გადასახადი. ზოგიერთი ტერიტორიის მოვლისთვის კი, გლეხს შეიძლება საუბსიდიაც გამოუყონ. დედოფლისწყაროში, სიღნაღში, საგარეჯოში - ყველგან არის გაუდაბნოების პრობლემა, როდესაც ცხვარი ასეთ ტერიტორიაზე ძოვს, მეცხვარეს არ შეიძლება იგივე გადასახადი გადაახდევინო, რამდენსაც კარგ საძოვრებზე ახდევინებ. სწორედ არასწორი საგადასახადო პოლიტიკის ბრალია ის, რომ 2011 წლიდან ვიხდით გაურკვეველ გადასახადებს, რომელიც ბევრ მეცხვარეს ძალიან აზარალებს და წელში წყვეტს. სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ითქვა, რომ ჩვენი შენიშვნები გათვალისწინებული იქნება და ამ ცვლილებებზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს თითქმის ყველა რგოლმა თანხმობა განაცხადა.

ასევე სერიოზული პრობლემაა სასაქონლო-მატერიალური მარაგების ჩამოწერა: როდესაც ცხვარი გვიკვდება, მისი ჩამოწერის პროცედურა ისეთ აბსურდამდე მიდის, რომ გაკვირვებული ვრჩებით ხოლმე. საგადასახადო სამსახური ზოგჯერ ერთი კვირის შემდეგ მოდის, თუ საკუთარი თვალით არ ნახეს, რომ ცხვარი ნამდვილად მოგვიკვდა, თუ მტკიცებულება არ დავახვედრეთ, მის ფასს დასაბეგრ შემოსავალში გვიანგარიშებენ. ესე იგი, ცხვარი მგელმაც რომ შეჭამოს, "ნივთმტკიცების" გარეშე არ დაიჯერებენ. სხვათა შორის, ამის გამო ფერხდება ძალიან კარგი ინიციატივის - კოოპერატივების დანერგვა იმიტომ, რომ კოოპერტივის შემთხვევაში ბუღალტერიის წარმოება აუცილებელია, ამგვარი დაბრკოლებები კი ართულებს მის მუშაობას. ჩვენი სურვილია, დადგინდეს რაღაც ნორმატივები და თუ მეცხვარე ამ ნორმას გადააჭარბებს, აღრიცხვაც მაშინ გამკაცრდეს. დავუშვათ, დოლის დროს ცხვარში სიკვდილიანობა არის 10 პროცენტი, ამ 10 პროცენტის ზემოთ უნდა იყოს გამკაცრებული აღრიცხვა და არა ასე, თითოეულ შემთხვევის გამო პასუხს რომ გვთხოვენ. პროცედურების გამარტივება სხვა მხრივაც შეიძლება.

- ითქვა, რომ ეს დოკუმენტი დაახლოებით ერთ თვეში იქნება მზად. რა ეტაპზეა ის ამჟამად?

- შეიძლება ცოტა მეტი დროც დასჭირდეს, მაგრამ ერთი თვის ვადაში უკვე სამუშაო ჯგუფები შეიკრიბება კონკრეტული ღონისძიებების დასაგეგმად. თუმცა, მთავარია, რომ ეს დოკუმენტი უკვე მომზადდა, მასზე იმუშავეს სპეციალისტებმა და დაიდო სწორი შეფასებები იმის გათვალისწინებით, თუ რა პრობლემები აქვთ ჩვენს მეცხვარეებს. ეს იქნება სტრატეგია, რომლის მიხედვითაც უნდა იმუშაოს და იმოქმედოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყველა სტრუქტურამ. მათ ეცოდინებათ, რა არის ამ სფეროში პრიორიტეტი, ამასთან, როდესაც გვექნება სტრატეგია, უფრო ადვილი გახდება საუბარი თუნდაც ფინანსთა სამინისტროსთან, რომელსაც გადასახადების საკითხი ევალება. ასევე შევთანხმდით იმაზე, რომ სახელმწიფო დაგვეხმარება ჯიშების გაუმჯობესების საკითხში. შექმნილია მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ამ საკითხზე და ჩვენ გვექნება საშუალება, შემოვიყვანოთ ახალი ჯიშები და ამ დარგში ახალი ტექნოლოგიებიც გამოვიყენოთ. ამავე დროს, ადგილობრივი, ენდემური ჯიშების - თუშური და იმერული ცხვრის დაცვა და კონსერვაციაც უნდა მოხერხდეს, რომ ეს ჯიშები არ გადაშენდეს, თუმცა ეს ხელს არ უშლის იმას, რომ ჩვენთანაც შემოვიდეს და გამრავლდეს თანამედროვე, მაღალპროდუქტიული ცხვრის ჯიშები, რომლებიც ამ ბიზნესს უფრო საინტერესოს და მომგებიანს გახდის. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს დოკუმენტი დადებითად აისახება ამ სფეროზე, ვნახოთ, შეამსუბუქებს თუ არა ის ქართველი მეცხვარეების მდგომარეობას.

ხათუნა ჩიგოგიძე