რამდენს გვატყუებენ პურის წონაში?

აკმაყოფილებს თუ არა ქართულ ბაზარზე არსებული პურის წონა ეტიკეტზე მითითებულ ინფორმაციას?!

რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ მარკეტში, მომხმარებლისა და კონსულტანტის კამათს შევესწარი. როგორც მათი საუბრიდან გავიგე, წინა დღით, ამ მარკეტში შეძენილი პური, წებოვანი აღმოჩნდა. მომხმარებელსა და კონსულტანტს შორის არასასიამოვნო დიალოგი კარგა ხანს გაგრძელდა. გაღიზიანებული ქალბატონი მარკეტს უხარისხო პროდუქციის რეალიზაციაში ადანაშაულებდა და მენეჯერთან ითხოვდა შეხვედრას. იქვე მდგარმა ასაკოვანმა მამაკაცმა კი რომელიც სალაროს რიგში იდგა, თანხმლებ ქალაბატონს გადაულაპარაკა - რას ვჭამთ ის არ ვიცით, მაგრამ პურის წონაშიც, რომ გვატყუებენ, სად უნდა ვიჩივლოთო... სწორედ ეს პატარა გადალაპარაკება გახდა იმ ექსპერიმენტის საბაბი, რომელიც BPN-მა ჩაატარა.

რამდენად შეესაბამება ქართულ ბაზარზე არსებული პურის წონა ეტიკეტზე მითითებულ ინფორმაციას და რამდენია ტყუილის წილი პურის წონაში? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად მარტივი ექსპერიმენტის ჩატარება გადავწყვიტეთ. ერთ-ერთ პატარა მარკეტში, რამდენიმე მწარმოებლის ხუთი დასახელებს შეფუთული პური შევიძინეთ და ერთ-ერთი ცნობილი სუპერმარკეტის სასწორზე ავწონეთ. აღმოჩნდა, რომ ხუთი დასახელების პურიდან, ორმა ეტიკეტზე მითითებული მწირი ინფორმაცია ვერ დააკმაყოფილა.

დაჭრილი ბატონი, რომელსაც ეტიკეტზე მითეთებული აქვს, რომ 470 გრამი უნდა იყოს, ( + _ 10გრ ) რეალურად 458 გრამი აღმოჩნდა. სამაგიეროდ, 14 გრამით ზედმეტი აღმოჩნდა ერთ-ერთი მწარმოებლის ჭვავის პური, რომელსაც ეტიკეტზე 300 გრამი ჰქონდა მითითებული. ერთ-ერთი მწარმოებლის ქატოს პური ეტიკეტის მიხედვით 300 გრამი უნდა ყოფილbpnიყო, მისი აწონვის შემდეგ კი 302 გრამი აღმოჩნდა. რაც შეეხება რუხ დაჭრილს, რომელიც ეტიკეტის მიხედვით 380 გრამი უნდა ყოფილიყო (+ _ 10გრ), რეალურად 372 აღმოჩნდა. ასევე 40 გრამით ნაკლები აღმოჩნდა ”ორიგინალური ტექნოლოგიით” დამზადებული პური, რომელსაც ეტიკეტზე 480 გრამი ეწერა ( + _ 3 გრ) და რეალურად 440 გრამი იყო.

ექსპერტები ამბობენ, რომ თუ ეტიკეტზე მითითებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, შესაძლოა, ეს ფალსიფიკაციად ჩაითვალოს.

ლია თოდუა, ”მომხმარებელი.გე”-ს ხელმძღვანელი: ”ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია, ეს არის ფაქტობრივად, ის განაცხადი, რაც არის პროდუქტი და რის მიხედვითაც ყიდულობს მომხმარებელი. თუ ის არ შეესაბამება სიმართლეს, ფაქტობრივად, ეს შეიძლება ჩაითვალოს ფალსიფიკაციად. აქ გასათვალისწინებელია, რამდენად დიდია განსხვავება, ეტიკეტზე მითითებული წონასა და რეალურ წონას შორის. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტორები: წონის დაკლება პურის გამოშრობამ ხომ არ გამოიწვია და ა.შ. ცოტა უფრო მეტი დეტალებია საჭირო. მემგონი კარგი იქნება თუ ამის შესახებ აცნობებთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რომ მათ უფრო დეტალურად გამოიკვლიონ ეს საკითხი.” bpn

ქართულ ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტის საფასურს, ხარისხი, შეფუთვა და წონა განსაზღვრავს. ამ ექსპერიმენტიდან კი ირკვევა, რომ ზოგიერთი მწარმოებელი დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად არ ასრულებს. ასე რომ, სანამ პურის შეძენას გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრდით, ყოველდღიურად 20 და 30 გრამით მოტყუებულებს, ყოველთვიურად თქვენს ჯიბეს რა ზარალი ადგება.

BPN მომავალშიც განაგრძობს პროდუქტებზე მსგავსი ტიპის ექსპერიმენტებს.

თორნიკე ყაჯრიშვილი