რამდენჯერ აჭარბებს საქართველოში მდიდრების შემოსავალი ღარიბებისას

საშუალო ფენა დაახლოებით 4-5%-ია, მდიდარი - 5-6%, ღარიბების რაოდენობა კი თითქმის 90%-ს შეადგენს

როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, საქართველოში საშუალო ფენა ისევ არ არსებობს. უთანასწორობის მაჩვენებლით კი ევროპულ დონეს 2-ჯერ და მეტჯერაც ვუსწრებთ. ყველაზე მდიდარის ფულადი შემოსავალი, ყველაზე ღარიბის შემოსავალთან შედარებით, 65-70-ჯერ მაღალია. მიუხედავად არაერთი სოციალური პროგრამისა, ქვეყანაში სიღარიბის დაძლევა და უთანასწორობის მაღალი დონის შემცირება ისევ ვერ ხერხდება. ამას სპეციალისტები ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით ხსნიან.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 10% ღატაკია, ანუ 430 ათასამდე ადამიანი. ეს 430 ათასი იმ კატეგორიაშია, რომელიც საარსებო შემწეობას იღებს და რომელთა სოციალური დონე 57 ათას ქულამდე ფასდება. 58 ათასქულიანი ოჯახი უკვე ღარიბად ითვლება, მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში ღატაკის სოციალური მდგომარეობა ღარიბის სტატუსიანისგან არაფრით განსხვავდება.

რაც შეეხება მდიდრებს, აქ ოფიციალური სტატისტიკა, თუ რამდენი ადამიანია ქვეყანაში მდიდარი, არ არსებობს. ცნობილია, რომ მდიდარისა და ღარიბის შემოსავალის თანაფარდობით ჩვენ არა მარტო მსოფლიოში, არამედ ყოფილ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი გვიჭირავს. სტატისტიკის ექსპერტის სოსო არჩვაძის განცხადებით, საქართველოში ყველაზე მდიდარი ფენის 5%-ის ფულადი შემოსავალი ყველაზე ღარიბი ფენის 5%-ის შემოსავალთან შედარებით 65-70-ჯერ მაღალია. საზოგადოების სოციალურ ფენებს შორის არსებული უთანასწორობის მაჩვენებლით კი საშუალო ევროპულ დონეს 2-ჯერ და მეტჯერ ვუსწრებთ.

აშშ-ში ღარიბად ითვლება ოჯახი, რომლის წლიური შემოსავალი არ აღემატება 22 000 დოლარს. საშუალო ამერიკული ოჯახის წლიური შემოსავალი, დაახლოებით, 50 000 დოლარია. გარდა ამერიკისა, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში საშუალო ფენის განმსაზღვრელად გარკვეული სტანდარტები არსებობს. ამ კატეგორიას განეკუთვნება ის ადამიანი, რომელსაც საბანკო ანგარიშზე აქვს 18 თვის საარსებო მინიმუმის ოდენობის თანხა, ჰყავს მანქანა, აქვს აგარაკი და კვირაში ერთხელ ოჯახთან ერთად რესტორანში საუზმობს ან ვახშმობს.

ქართულ რეალობაში იმისათვის, რომ საშუალო ფენას განეკუთვნებოდე, სულ მინიმუმ საბანკო ანგარიშზე 2 804 ლარი უნდა გქონდეს (საარსებო მინიმუმი ჩვენთან 155,8 ლარია, 18 თვის ოდენობა კი ზუსტად 2 804,4 ლარია). რაც შეეხება სხვა კომპონენტებს, როგორიცაა აგარაკი, მანქანა და ა.შ. ესეც ქართველების საკმაოდ დიდ ნაწილს არ აქვს, შესაბამისად, ისინი, რა თქმა უნდა, საშუალო ფენას არ განეკუთვნებიან, ყოველ შემთხვევაში, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.

ემპირიული დაკვირვებით საქართველოში მდიდრები და შეძლებულები ერთად აღებული, დაახლოებით, 10%-ია. აქედან, 2-2,5% მდიდარია, დანარჩენი შეძლებული. საშუალო ფენაც ასევე 8-10%-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო დანარჩენი 80%-ის ცხოვრების სტანდარტი არ აკმაყოფილებს განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნების ნორმას.

”ასეთი სხვაობის ფონზე, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ არა მდიდრებს და სიმდიდრეს, არამედ ჩვენ უნდა ვებრძოლოთ სიღარიბეს, ამიტომ სიმდიდრე არ უნდა იყოს სოციალური პროტესტის თემა, ეს მიგვიყვანს საბჭოთა კავშირამდე და შევალთ ჩიხში. ეკონომიკური პოლიტიკა ისეთი უნდა იყოს, რომ ღარიბების რაოდენობა ქვეყანაში მიგრაციით ან სიკვდილიანობით კი არ შემცირდეს, არამედ გაუმჯობესდეს სიტუაცია და ისინი თანდათანობით გადავიდნენ სხვა ეკონომიკურ კატეგორიაში. უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას, რომ ეს პროცესი დაიწყოს და ასეთმა ტენდენციამ მიიღოს სწრაფი და შეუქცევადი ხასიათი”, - განაცხადა ”ბიზნეს-რეზონანსთან” საუბრისას სოსო არჩვაძემ.

საქართველოში მძიმე სოციალური მდგომარეობაა, ამაზე ”ჯინის” კოეფიციენტიც მიუთითებს. ”საქსტატის” ინფორმაციით, მთლიანი ფულადი ხარჯების მიხედვით, ”ჯინის” კოეფიციენტი - 0,47-ია. სპეციალისტების თქმით, როდესაც ”ჯინის” კოეფიციენტი 0,40-ზე მაღალია, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში საშემოსავლო და ქონებრივი დიფერენციაცია დიდია.

არჩვაძის განცხადებით, არა მარტო ევროპაში, არამედ პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც კი საქართველო ერთადერთია, სადაც შემოსავლებს შორის სხვაობა ძალიან მაღალია. ”ჩვენ გვაქვს დახალოებით 6 ათასი ლარის მშპ მოსახლეობის მყიდველუნარიანობის პარიტეტით და როდესაც ამას ერთ სულზე უთანაბროდ ანაწილებ, ღარიბთა რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება”, - ამბობს სოსო არჩვაძე.

მისი თქმით, საქართველოში უთანასწორობის პრობლემა უკვე წლებია არსებობს და ის ტენდენცია, რასაც მდიდრის უფრო მეტად გამდიდრება ჰქვია და ღარიბის უფრო მეტად გაღარიბება, დღესაც გრძელდება.

”საქართველოში უთანასწორობის პრობლემა ისევ სერიოზულად დგას, ეს ეხება არა მხოლოდ შემოსავლებს, არამედ სხვა საკითხებსაც. ზოგადად სიმდიდრეც და სიღარიბეც მრავალპროფილიანია. აქ იგულისხმება ხელისუფლების გადაწყვეტილების შესაძლებლობა, აგრეთვე საზოგადოებრივი რესურსების გამოყენებისა და განკარგვისადმი გარკვეული წვდომა და ა.შ. მაგალითად, ბიუჯეტში სამთავრობო სექტორის წილად მოდის მშპ-ს 8,5%, ეს არის დაახლოებით 2,7 მლრდ ლარზე მეტი. რამდენად რაციონალურად ხდება ამ თანხის გამოყენება, საჭიროა თუ არა ამდენი იხარჯებოდეს სამთავრობო სექტორზე? კარგი ხომ არ იქნებოდა ამის შემცირება? ეს არის განსჯის საგანი. საერთოდ, ქვეყნის მართვა საზოგადოებას და სახელმწიფოს საკმაოდ ძვირი უჯდება და ამიტომ ხალხს აქვს მორალური უფლება და პირდაპირი მოვალეობა, რომ მოსთხოვოს ხელისუფლებას, რათა შედეგის თვალსაზრისით მმართველობა იყოს რაც შეიძლება ეფექტური”, - განაცხადა სოსო არჩვაძემ.

საზოგადოების სოციალურ ფენებს შორის არსებულ უთანასწორობაზე საუბრობს ეკონომისტი ლია ელიავაც. მისი თქმით, ბოლო წლებში მდიდარსა და ღარიბს შორის თანაფარდობა არათუ შემცირდა, პირიქით, გაიზარდა. ”საქართველოში მდიდრები უფრო მდიდრდებიან, ღარიბები კი უფრო ღარიბდებიან. ეს არის ტენდენცია, რომელიც ისევ გრძელდება. ამის მიზეზია ის, რომ საქართველოში დღემდე საშუალო ფენა ვერ წარმოიქმნა, რომელიც ძალიან მდიდრებსა და ძალიან ღარიბებს შორის ზღვარს შეასუსტებდა. სამწუხაროდ, ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურა ისე არის მოწყობილი, რომ ის არ აძლევს საშუალებას ხელმოკლე ადამიანებს, დასაქმდნენ ბიზნესით, საქმეს მოჰკიდოს ხელი და შედარებით გაიუმჯობესონ საკუთარი ეკონომიური მდგომარეობა. საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი მაინც ჩამოკიდებულია საჯარო სამსახურს, სადაც ხელფასი ქვედა რგოლებში არც ისე მაღალია. მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის შესაძლებლობას კი ჯერჯერობით ისევ ვერ ვხედავ. რაც შეეხება მდიდრებს, ისინი გამდიდრებულები არიან იმიტომ, რომ ქვეყნის ეკონომიკური სექტორები მონოპოლიური და ოლიგოპოლიურია. ვისაც მონოპოლიური და ოლიგოპოლიური მდგომარეობა უკავია, ის პიროვნებები ისევ მდიდრდებიან. სამწუხაროდ, ამას ვერ უშველა ვერც კანონმა კონკურენციის შესახებ, ვერც ხელისუფლების მიერ გადადგმულმა მეტ-ნაკლებად პოზიტიურმა ნაბიჯებმა”, - განაცხადა ლია ელიავამ.

განვითარებულ ქვეყნებში მდიდრების რაოდენობა მეტია, ვიდრე ჩვენთან, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით, იქ საშუალო ფენაც პროცენტულად ძალიან მაღალია. ”განვითარებულ ქვეყნებში საშუალო ფენა მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 60-70%-ს შეადგენს. სწორედ ეს საშუალო ფენა განსაზღვრავს ქვეყნის სიმდიდრის მაჩვენებელს. რაც უფრო დიდია პროცენტულად საშუალო ფენა, მით უფრო მდიდარია ქვეყანა და კმაყოფილია ხალხიც. ჩვენთან საშუალო ფენა დაახლოებით 4-5%-ია, მდიდარი - 5-6%, ღარიბების რაოდენობა კი თითქმის 90%-ს შეადგენს. ღარიბები კი უფრო ღარიბდებიან, მდიდრები კი, როგორც უკვე აღვნიშნე, მონოპოლიურ-ოლიგოპოლიური ბიზნესის შედეგად, ისევ მდიდრდებიან. ეს ტენდენცია ვერ შეიცვლება საქართველოში, ვიდრე არ შეიცვლება ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურა, სანამ არ შეიცვლება მოსახლეობის ხელმისაწვდომობა იაფ კრედიტებზე. ასევე არ შეიცვლება მოსახლეობის შემოსავლების დონე, რომელიც ინფლაციის მაჩვენებლის ზრდას უკან უნდა მისდევდეს. ვიდრე ხელისუფლება ვერ ისწავლის ქვეყნის და განსაკუთრებით ეკონომიკის ოპტიმალურ მართვას, საქართველოში ყოველთვის იქნებიან მცირე რაოდენობით მდიდრები და ძალიან დიდი რაოდენობით ღარიბები”, - დასძინა ელიავამ.

ელზა წიკლაური

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”