შავი ”ვოლგების” ქვეყნიდან - ავტომობილების სასაფლაომდე?

არასამთავრობოთა ინფორმაციით, საქართველოში მოძრავი ავტომობილების რაოდენობა უკვე მილიონს აღწევს

თბილისის ქუჩებში უცხოური ავტომობილების სიმრავლე დიდი ხანია არავის უკვირს, რადგან ჩვენს ქვეყანაში ყველაზე პოპულარული და გავრცელებული სწორედ უცხოური მარკის ავტომობილებია: ”მერსედესი”, ”ოპელი”, ”ფორდი”, ”ფოლკსვაგენი”, ”ჰონდა”, ”ნისანი”- ეს იმ მანქანების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით, თუმცა ეს ძირითადად მეორადი, მოძველებული ავტომანქანებია, რომლებიც გარედან მტერს უბრმავებენ თვალს, ხოლო შიგნით - მოყვარეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების მნიშვნელოვანი ნაწილი 2002 წლამდეა წარმოებული, უფრო მეტიც, ჩვენს ავტოპარკში 11-დან 20 წლამდე და უფრო მეტი ხნის ავტომობილების აშკარა სიჭარბეა. ამ მხრივ ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას ძალზე მწვავედ აფასებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ექსპერტი შალვა ოგბაიძე.

შალვა ოგბაიძე:

”საბჭოთა კავშირის დროს საქართველო შავი ”ვოლგების” ქვეყანა იყო. მაშინ სწორედ შავი ”ვოლგა” იყო ადამიანის სოციალური სტატუსის განმსაზღვრელი. დღეს კი რა ხდება? - ადამიანი ყიდულობს BMW X5-ს, ამ უიშვიათეს ქმნილებას და მერე გადაჰყავს გაზზე, რომ ფულის ეკონომია გააკეთოს, ან ყიდულობენ ”პორშე კაენ”-ს, რომელიც არის მანქანა-შედევრი და გადაჰყავთ გაზზე, რითაც დიდ ზიანს აყენებენ ჩვენს ეკოსისტემას. მოკლედ, არც მოქალაქეები ვაკლებთ ხელს, მაგრამ ამ სფეროში არც სახელმწიფო პოლიტიკა უქნია ღმერთს, უფრო სწორად არავითარი პოლიტიკა არ გვაქვს, განსაკუთრებით, ავტოპარკის გასაახლებლად. ამიტომ საქართველო თანდათან ემსგავსება დიდ ელიავას ბაზრობას, ან ავტომობილების სასაფლაოს, სადაც უცხოეთიდან შემოსულ ძველ ავტომობილებს ასაღებენ.”

ამ სფეროში არსებულ პრობლემებს დეტალურად სწავლობს არასამთავრობოთა ორგანიზაცია ”საზოგადოებრივი ინიციატივა”. როგორც ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ვასო ურუშაძემ გვითხრა, საქართველოში 2013 წლის ბოლოს 900 ათასი ავტომანქანა იყო, მაგრამ ეს რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა. ამჟამად ჩვენს ქვეყანაში მოძრავი ავტომობილების რაოდენობა მილიონს აღწევს და მათი უმრავლესობა მოძველებული, ექსპლუატაციიდან გამოსული მანქანებია.

ვასო ურუშაძე: ”მე ხელთა მაქვს 2013 წლის ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ჩვენი ავტოპარკის 57 პროცენტს 20 წელს გადაშორებული მანქანები შეადგენენ, 17% პროცენტს - 15 წელს გადაშორებული, 11 პროცენტი - 10-დან 15 წლამდე ასაკის მანქანებია და მხოლოდ 3 პროცენტია 5 წლამდე ასაკისა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ყოველდღიურად ხუთიდან ათამდე ავტომობილის განბაჟება ხდება და ჩვენს ავტოპარკს ეს რაოდენობაც ემატება, ნათელი ხდება, რომ ავტომობილების რაოდენობა საქართველოში ზრდას განაგრძობს”.

იმას, რომ საქართველო მსხვილი რეექსპორტიორი ქვეყანა გახდა და საექსპორტო ათეულში მეორად ავტომანქანებს პირველი ადგილი უკავია, ურუშაძე გამარტივებული პროცედურებით ხსნის: ”მოიხსნა გადასახადი ავტომობილების იმპორტზე, სხვადასხვა პროცედურის გამარტივებამ გამოიწვია ის, რომ ქვეყანაში, რომელიც ავტომანქანებს არ აწარმოებს, მათმა ექსპორტმა პირველ ადგილზე გადაინაცვლა. საქართველოში განვითარდა ავტობიზნესი და ამ ბიზნესში 20 ათასამდე ადამიანი დასაქმდა. მათ ავტომანქანები შემოჰყავდათ ევროპის ქვეყნებიდან და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ჰყიდდნენ. მთავარი საექსპორტო ბაზარი ჩვენთვის ყაზახეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი იყო. ყაზახეთი 2011 წელს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანდა და საბაჟო პროცედურების გამკაცრების გამო რუსულ ბაზარზე გადავიდა, აზერბაიჯანმა 2014 წლის 1 აპრილიდან 2005 წელზე ადრე წარმოებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა და დარჩა მხოლოდ სომხეთი, რომელსაც ამ ბაზარზე ისედაც მცირე წილი ეკავა- დაახლოებით, 5 პროცენტი. ამან რა გამოიწვია? - ადრე ავტოდილერი ყიდდა თავის ძველ ავტომობილს და ყიდულობდა შედარებით ახალს ანუ ჩვენი ავტოპარკის განახლება რეექსპორტის ხარჯზე ხდებოდა, ძველი ავტომობილები კი აზერბაიჯანსა და სომხეთში გადიოდა. ახლა უკვე 2005 წელზე ადრე წარმოებული ავტომანქანები ვეღარსად გადის და საქართველოში რჩება. სამწუხაროდ, ძველი ავტომობილები ქართულ ბაზარზე გაიყინა, რამაც ფასების არნახული ვარდნა გამოიწვია. ამას დაერთო ისიც, რომ ბანკები აქტიურად მუშაობენ საავტომობილო განვადებებზე და მოსახლეობას მანქანის შეძენას უმარტივებენ. ამიტომ, ავტომობილის მყიდველთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა. ხალხმა მასობრივად დაიწყო ავტომობილების შეძენა იმიტომ, რომ ეს ძალიან იაფი და ხელმისაწვდომი გახდა, რამაც ავტომობილების რაოდენობის მასობრივი ზრდა გამოიწვია”.

ურუშაძის თქმით, ”ავტომობილი ნებისმიერ ქვეყანაში ძალიან ძვირი სიამოვნებაა, მასზე დაწესებულია ტექდათვალიერების გადასახადი, ხოლო თუ ეკოლოგიურ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, ასეთი მანქანის პატრონი ქუჩაშიც ვერ გავა - ერთი სიტყვით, მისი შეძენაც ძვირი ჯდება და შენახვაც. ჩვენთან კი, ავტომობილების რაოდენობა ქაოტურად იზრდება და ხელისუფლება ვერანაირ რეგულაციას ვერ აწესებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად. თუ სახელმწიფომ ვერ შეძლო, რომ ავტომობილების რაოდენობა ქალაქების განვითარების ტემპის შესატყვისი იყოს, ჩვენი ქუჩები მთლიანად გაიჭედება და მოძრაობა შეუძლებელი გახდება, რასაც თბილისის ქუჩებში უკვე ხშირად ვაწყდებით. გაუთვალისწინებელი საცობების გამო ადამიანები აგვიანებენ, ნორმალურად ვერ მოძრაობს სასწრაფო და სამაშველო სამსახური, ფერხდება დისტრიბუციის სერვისი, რომელიც პურითა და საკვებით ამარაგებს მაღაზიებს და ა.შ... ამიტომ, ყველა ქვეყანაში არსებობს რეგულაციები, რომლებიც მოძრაობას აწესრიგებს, ჩვენთან კი ასეთი რამ არ ხდება. არანაკლებ სერიოზული პრობლემაა ტაქსების სიმრავლე: თუ შეუიარაღებელი თვალით გადავხედავთ, ტაქსების უმეტესობა 20 წელს არის გადაცილებული, ადამიანს სჭირდება ავტომობილი და იაფი ტაქსის ნიშანი, რომელსაც დაადგამს ავტომობილს და ხდება დასაქმებული. უმუშევრების უმეტესობა სწორედ ასე იქცევა, ამიტომ, დღეს ვინმემ რომ იკითხოს, რამდენი ტაქსი გადაადგილდება თბილისის ქუჩებში, არავინ იცის, იმ ორგანოებმაც კი, ვისაც ამის ცოდნა ევალება”.

შეკითხვაზე - სად არის გამოსავალი ამ სიტუაციიდან - ვასო ურუშაძემ გვიპასუხა: ”საჭიროა ახალი ავტობანების, მაგისტრალებისა და მათი დამაკავშირებელი ქუჩების გახსნა. ეტაპობრივად უნდა დაიწყოს ახალი გზების, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა, რასაც მოძრაობის განტვირთვა მოჰყვება. ამავე დროს, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ავტოპარკის განახლებაზეც იმიტომ, რომ ნებისმიერი მოძველებული, მოუწესრიგებელი ავტომანქანა გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის ბუნებას”.

ხათუნა ჩიგოგიძე