აფიორა, რომლის გამოც ბიუჯეტი ვერ შესრულდა ?!

”არ გამოვრიცხავ, რომ ამ პროცესის უკან ვიღაცის პოლიტიკური ინტერესი იმალებოდეს”

ბიუჯეტის შეუსრულებლობის გამო ჩვენი ქვეყნის მთავრობას ძალიან ბევრი აკრიტიკებს, ლამის დაუსრულებელი კამათი მიმდინარეობს იმის შესახებ, თუ რატომ ვერ შესრულდა 2014 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი. ამის თაობაზე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ საქართველოს პარლამენტში, კერძოდ, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში. როგორც ამ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თემურ მაისურაძე აცხადებს, ბიუჯეტის ვერ შესრულების მიზეზად შესაძლოა, ჩაშლილი ტენდერები დასახელდეს. მაისურაძე არ გამორიცხავს, რომ ამ პროცესის უკან პოლიტიკური ინტერესიც იმალებოდეს. თემურ მაისურაძემ bpn.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ კომიტეტმა უკვე გამოითხოვა ინფორმაცია ტენდერების ღირებულების შესახებ და პარლამენტში ამ საკითხს საფუძვლიანად შეისწავლიან.

თემურ მაისურაძე: მე ვისაუბრებ იმ ძირითად პრობლემებზე, რომლებიც ამ სფეროში გამოიკვეთა. არ შეიძლება არ გამოვყო ერთი უცნაური მოვლენა: ხშირად ერთი კომპანია რამდენიმე ტენდერში იღებდა მონაწილეობას, იმარჯვებდა და მერე ყველა ორგანიზაციაში ერთი და იმავე ტექნიკის ნუსხას წარადგენდა. ესე იგი, ერთი კომპანია იგებდა 3-4 ტენდერს, ყველას ეგონა, რომ იქ სამუშაოს შესასრულებლად საკმარისი ტექნიკა ჰქონდათ, მაგრამ ასე არ იყო: თავისი ტექნიკა ერთი ორგანიზაციიდან მეორეში გადაჰქონდათ, სამუშაოს ვეღარ ასწრებდნენ და ბოლოს გადავადებას ითხოვდნენ. რაც მთავარია, ამგვარი დარღვევების მიუხედავად, ეს კომპანიები ”შავ სიაში” არასოდეს ხვდებოდნენ. გარდა ამისა, ტენდერში გამარჯვებულები ხელოვნურად აგდებდნენ ფასებს და მერე, მუშაობის პროცესში პირობებს ცვლიდნენ.

- რატომ ფიქრობთ, რომ ამ პროცესის მიღმა პოლიტიკური ინტერესები იმალება?

- დიახ, ჩვენ საფუძვლიანი ეჭვი გაგვიჩნდა, რომ შესაძლოა აქ რაღაც პოლიტიკურ გარიგებას ჰქონდეს ადგილი. ჯერჯერობით პასუხი არ ჩანს შეკითხვებზე: რატომ უნდა სურდეს გამარჯვებულ კომპანიას ტენდერის პირობების დარღვევა? კომპანიამ მოიგო ტენდერი, მაგრამ არ არის დაინტერესებული მოგება მიიღოს - სად არის აქ ლოგიკა? მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ სახელმწიფოს ასეთი დარღვეული ტენდერის გამო, სულ მცირე, ერთი წლით უფუჭდება საქმე, მაშინ უკვე ჩნდება ეჭვი, რომ ასეთი გარიგება არსებობს. გასული წლის გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ბიუჯეტში ჩავარდნები სწორედ ასეთი- შეუსრულებელი, ან ჩაშლილი ტენდერების გამო ჩნდებოდა. მსგავსი ფაქტები გახდა მიზეზი იმისა, რომ საკითხის სიღრმისეული შესწავლა დავიწყეთ და მსხვილი სახელმწიფო დამკვეთებისაგან გამოვითხოვეთ ინფორმაცია ჩატარებული ტენდერების შესახებ. 2011 წლიდან მოყოლებული დღემდე, ყველა ტენდერი უნდა შევისწავლოთ და ვნახოთ, რომელი კომპანიები ასრულებდნენ, ან არ ასრულებდნენ დაკისრებულ ვალდებულებებს, ვინ ითხოვდა გადავადებას, ან აცხადებდა თავის პირობებს და შუა მუშაობის დროს ცვლიდა - ეს ყველაფერი უნდა შევისწავლოთ და დავადგინოთ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ სიტუაციაში გასაქანს არ აძლევენ სხვა კომპანიებს, რომლებიც პატიოსანი თამაშის წესებს იცავენ და კეთილსინდისიერად იქცევიან. სამწუხაროდ, უამრავი ტენდერი ჩატარდა, რომლის ვადებიც გადაიდო ამა თუ იმ მიზეზის გამო. როდესაც მე შემიძლია ვადა გადავდო, მერე უკვე შემიძლია შესასრულებელი სამუშაოს თანხაც შევცვალო და ეს ინფლაციითა და ფასების ზრდით ავხსნა. თავდაპირველად ფასებს დაბლა აგდებდნენ და ტენდერებს ამ გზით იგებდნენ, მერე კი ვადებს ცვლიდნენ და ასე იქმნებოდა ნოყიერი ნიადაგი თაღლითობისთვის. შექმნილ სიტუაციაში იჩაგრება კომპანია, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ამ ტენდერის შესრულება ნაკლებ ფასში ვერ მოხერხდება. ეს ხომ უსამართლობაა? ამიტომ, თუ ეს საკითხი საფუძვლიანად არ შევისწავლეთ და სწორი საკანონმდებლო ინიციატივა არ წარმოვადგინეთ, მსგავსი პრობლემები არასოდეს დაგველევა.

- როდესაც პოლიტიკურ ინტერესებზე საუბრობთ, ”ნაციონალურ მოძრაობას” გულისხმობთ?

- ჯერჯერობით გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ეს იყო ”ნაციონალური მოძრაობის” დროს დაწერილი კანონი და ძველი თამაშის წესები დღემდე მოქმედებდა. ახლა უნდა დავფიქრდეთ, გვაძლევს ხელს ამგვარი წესები თუ - არა? ხომ უნდა დავფიქრდეთ, რატომ არის ტენდერების შესრულების მხრივ ასეთი დარღვევები, რას დავაბრალოთ ამდენი გადავადება, ან ამდენი შეუსრულებლობა? თუ ყველა პირობა შემიძლია შევცვალო, სად არის მაშინ პატიოსანი თამაშის წესები? ეს აფიორაა და მეტი არაფერი. სწორედ ამიტომ, ტენდერების ჩატარების სისტემაც უნდა შეიცვალოს და პირობებიც. თუნდაც იმიტომ, რომ ბიუჯეტის ჩავარდნა სწორედ ამ მიზეზით მოხდა - სახელმწიფომ თანხა ვერ დახარჯა მხოლოდ იმიტომ, რომ გამარჯვებული კომპანიები სატენდერო პირობებს არ ასრულებდნენ და არღვევდნენ. ასეთი პრობლემები იყო შარშან და იგივე განმეორდა წელსაც, რაც მერე ”ნაციონალურმა მოძრაობამ” გამოიყენა, რომ ეთქვა: აი, ბიუჯეტი ვერ შესრულდა და ქვეყანა ინგრევაო! მართალია, კომპანია, რომელიც სატენდერო პირობებს ვერ ასრულებს, ჯარიმას იხდის, მაგრამ მე გადავიხდი რამდენიმე ასეულ ათასს, თუ მერე სერიოზულ პიარს ავაგორებ - საქვეყნოდ ვიტყვი, რომ ეს ხელისუფლება არ ვარგა. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ ამ პროცესის უკან პოლიტიკური ინტერესი იმალება და ჩვენს ეჭვს საფუძველი ნამდვილად აქვს.

- ამ ეტაპზე თუ გაქვთ რაღაც კონკრეტული ფაქტები, ან მონაცემები?

- კონკრეტულ ციფრებსა და ფაქტებზე ჯერ ვერაფერს გეტყვით, არ მინდა რომელიმე კომპანიას შევეხო და უპასუხისმგებლო განცხადება გავაკეთო. ნუ ვიჩქარებთ, რადგან ჯერ ყველაფერი საფუძვლიანად უნდა შევისწავლოთ. მერე უკვე ზუსტად გეტყვით რა გამოვლინდა, რომელი კომპანიები არღვევდნენ პირობებს, ან რატომ... ეს ინფორმაცია 8-10 დღეში უკვე ხელთ გვექნება. ამ საქმეში ჩავრთეთ სამინისტროები და ყველაზე დიდი ტენდერების დამკვეთები, ჩვენი მოთხოვნაა, მოგვაწოდონ ინფორმაცია იმ ტენდერებზე, რომელთა ღირებულებაც 1 მილიონ ლარს აჭარბებს. გვაინტერესებს ყველა მსხვილი ტენდერი, რომელიც 2011 წლიდან დღემდე ჩატარებულა. ეს მოგვცემს საშუალებას დავინახოთ, რა ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს და რა ხდება ახლა. თუ აღმოჩნდება, რომ ესა თუ ის კომპანია მუდმივად იხდიდა ჯარიმას და თავის ვალდებულებებს ჯეროვნად არ ასრულებდა, ესე იგი, ჩვენი ეჭვები საფუძვლიანია: გამოდის, რომ ეს მიზანმიმართული პროცესი ყოფილა.

ხათუნა ჩიგოგიძე