სად მივყავართ საცობებს?

კოალიცია ”საზოგადოებრივი ინიციატივას” წარმომადგენელი, ვასო ურუშაძე თბილისში წარმოქმნილ საცობებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და თბილისის მერიას მიმართავს.

როგორც ურუშაძე აცხადებს, ბოლო რამდენიმე დღეა ნალექის მოსვლასთან ერთად თბილისის ქუჩებში ავტოტრანსპორტის გადაადგილებით გამოწვეულმა საცობებმა იმატა, ავტოსატრანსპორტო გადაადგილება შეზღუდვით ხორციელდება არა მხოლოდ პიკის საათებში, როდესაც თითქმის პარალიზებულია დედაქალაქის ყველა სტრატეგიული სატრანსპორტო კვანძი, არამედ დღის ნეიტრალურ მონაკვეთებშიც.

”რამ გამოიწვია დედაქალაქის პარალიზება? ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია - ავტომობილების სიმრავლემ! 2005 წლიდან დღემდე ყოველწლიურად საქართველოს ავტოპარკს დაახლოებით 100 000 ავტომობილი ემატებოდა, 2012 წლის მონაცემებით 900 000 ავტომობილი იყო რეგისტრირებული, დღეს რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ 1 000 000-ს გადააჭარბა. ეს ბუნებრივი პროცესია, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ფაქტორს: 2014 წლის აპრილიდან ფაქტიურად შეწყდა მეორადი ავტომობილების ექსპორტი აზერბაიჯანში, რამაც გამოიწვია ავტომობილების ღირებულებაზე ფასის მკვეთრი ვარდნა. ასევე, ყოველგვარი რეგულაციებისა და შეზღუდვების გარეშე შიდაწვის ძრავიანი ავტომობილების, ალტერნატიულ, შედარებით იაფფასიან საწვავზე, გაზზე გადაყვანამ, რამაც ერთ დროს ფუფუნების საშუალების სტატუსის მატარებელი ავტომობილი ხელმისაწვდომი გახადა ყველა სოციალური ფენის წარმომადგენლისთვის. ესეც ბუნებრივია, პრობლემა კი შემდეგშია: წლებთან ერთად იზრდებოდა ავტომობილების რაოდენობა, მაგრამ შესაბამისად, ვითარდებოდა ინფრასტრუქტურა, შენდებოდა ახალი ხიდები, ესტაკადები, გვირაბები, ჩქაროსნული მაგისტრალები, მიწისზედა გადასასვლელები, ხდებოდა საგზაო ნიშნების მოდერნიზება და პარკირების სისტემის მეტნაკლებად მოწესრიგება. თუმცა 2012 წლის შემდეგ ეს პროცესი ფაქტიურად შეჩერდა, რამაც გამოიწვია ბალანსის დარღვევა, ავტომობილების რაოდენობის ზრდის კოეფიციენტი ბევრად აღემატება ქალაქის ურბანული და ინფრასტრუქტურული განვითარების კოეფიციენტს. პრევენციული ღონისძიებები საქართველოს ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან მომავალშიც არ იგეგმება, თბილისის 2015 წლის ბიუჯეტში არ არის თანხები გამოყოფილი ახალი ესტაკადების, ხიდების, გვირაბების, შემოვლითი მაგისტრალების, პარკირების სისტემის, მიწისზედა გადასასვლელების და სხვა საგზაო მოძრაობის გაუმჯობესებისთვის. 2015 წლის თბილისის ბიუჯეტში საუბარია მხოლოდ რაიონების ტერიტორიაზე დაზიანებული ქუჩების, შიდა კვარტალური გზების და შიდა ეზოების მოვლა-შეკეთებაზე, რაც საბოლოოდ კატასტროფულ მდგომარეობამდე მიგვიყვანს.

ჩვენ ჯერ კიდევ ამა წლის სექტემბრის თვეში ვსაუბრობდით საგზაო მოძრაობაში მოსალოდნელ რისკებთან დაკავშირებით. უნალექო ამინდში არსებული ავტომობილების მოძრაობის ინტენსივობა ძალიან დაბალი იყო, ნალექის მოსვლის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი მკვეთრად უარესდებოდა. თბილისის ქუჩების ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამტარუნარიანობის კოეფიციენტი ბევრად უფრო გაუარესდება, როგორც კი მივიღებთ ნალექს თოვლის სახით და ამას დაემატება ყინვები, სამწუხაროდ ეს მხოლოდ დასაწყისია.

საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, განსაკუთრებული პრობლემები შეექმნება საგანგებო სიტუაციების სამსახურის (სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სახანძრო და სხვა სამაშველო) ავტომობილების გადაადგილებას, რაც, შესაძლოა, გახდეს უბედური შემთხვევების ტრაგიკულად დასრულების მიზეზიც. მაგალითისთვის, მსგავსი ფაქტები უკვე გუშინ (24.11.2014) დაფიქსირდა, როცა დღის განმავლობაში შეფერხებით ხდებოდა სამაშველო სამსახურის (112) ცხელ ხაზზე დაკავშირება. თუმცა, საცობების მიზეზი მხოლოდ ავტომობილების სიმრავლე, რა თქმა უნდა, არ არის. ამ პრობლემას ცოტა კომპლექსურად უნდა შევხედოთ. პრობლემას წარმოქმნის, საგაზაო მოძრაობის ნიშნები და წესები, მუნიციპალური ტრანსპორტი, კომერციული/სადისტრიბუციო ტრანსპორტი და მათი პარკირების და ექსპლოატაციის სისტემა. ქალაქის ინფრასტრუქტურული და ურბანული განვითარება, სატაქსო გადაყვანები და მათი რეგულირება, ავტომობილების ტექნიკური გაუმართაობა, პარკირების სისტემა და ახალი პარკირების მიწისქვეშა და მიწისზედა სადგომები, მიწისზედა გადასასვლელები ფეხით მოსიარულეთათვის და სხვა.

ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, დავეთანხმები თბილისის საკრებულოს უმცირესობის ინიციატივას - აუცილებელია შეიქმნას საგანგებო კომისია, რომელიც დაიწყებს პრობლემის კომპლექსურად შესწავლას და პრევენციისთვის რეკომენდაციების შემუშავებას. აუცილებელია შევიდეს ცვლილებები თბილისის 2015 წლის ბიუჯეტში, მოხდეს თანხების აკუმულირება და შესაბამისი ფონდები მიემართოს ახალი ავტოსატრანსპორტო ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობისთვის. ამ ყველაფრისთვის კი აუცილებელია ეფექტური, პროგრესული და მობილური ხელისუფლება ქმედითუნარიანი და გადაწყვეტილების მიმღები მაღალჩინოსნები, რომლებიც სფეროს ექსპერტთა მოსაზრებებს მოისმენენ და ადექვატურად იმოქმედებენ ქალაქის საკეთილდღეოდ”,- ნათქვამია ვასო ურუშაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.