თბილისის აეროპორტი მსგავს დატვირთვას კიდევ 5 წელი გაუძლებს

”ჩვენი აეროპორტი გამტარუნარიანობით ჩამორჩება ბაქოს, ერევნის, მინსკის აეროპორტებს”

თვითმფრინავებისა და მგზავრთა ნაკადის ასეთი ზრდის პირობებში თბილისის აეროპორტი მომდევნო 5 წლის განმავლობაში დატვირთვას გაუძლებს, თუმცა 7-9 წლის შემდეგ პრობლემა აუცილებლად იჩენს თავს. სპეციალისტთა ნაწილი, ტევადობასთან ერთად, ეჭვქვეშ ტექნიკური მხარის შესაძლებლობასაც აყენებს. აეროპორტი ამ მხრივ დიდ დატვირთვას ვერ აუვა.

საქართველოში ფრენის მსურველი ავიაკომპანიების რაოდენობა მუდმივად იზრდება, შესაბამისად, მატულობს მგზავრთა ნაკადი და რეისების სიხშირე. წლევანდელი მონაცემების მიხედვით, მარტო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მინიმუმ 25 ავიაკომპანია, 1 468 393 მგზავრი და 19 022 საჰაერო ხომალდი დაფრინავს.

”რეზონანსი” საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ვებ-გვერდზე მიღებულ თვითმფრინავთა სტატისტიკურ მონაცემებს გაეცნო და აღმოჩნდა, რომ 2009 წელს მიღებული ავიახომალდების რიცხვმა 2620-ით მოიმატა. 2011 წელს მათი რაოდენობა კიდევ უფრო მეტი იყო და ჯამში სულ 19 606-ს შეადგინა.

2012-13 წლებში მიღებულ თვითმფრინავთა რაოდენობის მატებაზე საუბრობენ კომპანია ”ტავ ჯორჯიაშიც”. ”თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 2012 წელს - 19 552, ხოლო 2013 წელს - 20 388 საჰაერო ხომალდი მიიღო. 2014 წლის 11 თვის მონაცემებით, მათმა რაოდენობამ 19 022 შეადგინა”, - განაცხადეს ”ტავ ჯორჯიაში”. რაც შეეხება მგზავრთა ნაკადს, სტატისტიკა აქაც მზარდია. მაგალითად, 2010 წელთან შედარებით (822 772 მგზავრი), 2011-ში (1 058 679 მგზავრი) მათი რაოდენობა 28.7%-ით გაიზარდა. კიდევ უფრო მეტია მონაცემები მომდევნო წლებში. როგორც ”ტავ ჯორჯიაში” განგვიმარტეს, მგზავრთა რაოდენობა 2012 წელს - 1 220 832, 2013 წელს - 1 436 629 იყო. 1 468 393-ს მიაღწია მგზავრთან ნაკადმა 2014 წლის 11 თვეში.

მიუხედავად ასეთი ტენდენციისა, ჯერჯერობით აეროპორტს ტევადობაზე პრობლემა არ ექნება, რადგან როგორც ”ტავ ჯორჯიაში” განმარტეს, იგი წლიურად 2,8 მლნ მგზავრზეა გათვლილი. ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილი ამ ციფრს ეჭვის თვალით უყურებს და ვარაუდობს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ტექნიკურად ამ რაოდენობის მგზავრის გატარებას ვერ შეძლებს.

”2,8 მილიონ მგზავრზე გათვლილ აეროპორტს ასეთი ზრდის ტემპით უახლოეს 5 წელიწადში არ უნდა შეექმნას პრობლემა. თუმცა, დარწმუნებული არ ვარ, რომ თბილისის აეროპორტმა ტექნიკურად მოახერხოს ამ რაოდენობის მგზავრთა მომსახურება. სამწუხაროდ, ჩვენი აეროპორტი გამტარუნარიანობით ჩამორჩება ბაქოს, ერევნის, მინსკის აეროპორტებს, ხოლო პრაღის აეროპორტი 10-ჯერ მეტ მგზავრს იღებს წელიწადში”, - განმარტა ექსპერტმა ნიკა კვარაცხელიამ ”რეზონანსთან” საუბრისას.

ეკონომიკის დოქტორი ეკა გეგეშიძე, 2009 წლიდან მოყოლებული, 2014 წლის ჩათვლით არსებულ მგზავრთა და ავიახომალდების მიღების სტატისტიკურ მონაცემებს გაეცნო, რის საფუძველზეც დაასკვნა, რომ თბილისის აეროპორტს ტევადობასთან დაკავშირებით პრობლემა 8-9 წლის შემდეგ შეექმნება, თუკი არ მოხდება დატვირთვის გადანაწილება სხვა აეროპორტებზე.

”თუ ზრდის საშუალო ტენდენცია შენარჩუნდება, რომელიც 180 000 კაცია წელიწადში, ამ ნიშნულს აეროპორტი 2021 წლისთვის მიაღწევს. ნებისმიერ ობიექტს ასევე აქვს სხვა სარეზერვო სიმძლავრე, დაახლოებით 20%-ის ფარგლებში და რეალური პრობლემა დადგება დაახლოებით 8-9 წელიწადში. აქ, ჩემი აზრით, სახელმწიფო სტრატეგია უნდა მიიმართოს ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტების დატვირთვისკენ. აუცილებელია მათი სიმძლავრის გაზრდა, რაც მგზავრთა რაოდენობის მატების ტენდენციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტშიც შეამცირებს. მეორე მხრივ, თითქმის 10-წლიანი პერიოდი საკმარისია იმისთვის, რომ სახელმწიფომ მიზანმიმართული პოლიტიკით მოახერხოს აეროპორტის სიმძლავრის გაზრდა და ახალი ინვესტიციების მოზიდვა”, - განაცხადა ეკონომიკის დოქტორმა ეკა გეგეშიძემ.

შესაძლოა, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებზე აქცენტის გაკეთებამ ვითარება მართლაც დაარეგულიროს, რადგან დატვირთვა იქ შედარებით ნაკლებია. თურქული კომპანია ”ტავ ჯორჯიას” მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 2012 წელს 4046 საჰაერო ხომალდი მიიღო, 2013 წელს ეს ციფრი 3126-მდე შემცირდა, ხოლო 2014 წელს 60 თვითმფრინავით ნაკლები დაფიქსირდა.

რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადს, 2012 წელს მათი რაოდენობა 168 362-ს შეადგენდა, 2013 წელს 208 935 იყო, 2014 წლის 11 თვის მონაცემების მიხედვით, მათი რიცხვი 206 805-ის ფარგლებშია. ქუთაისში მგზავრთა ნაკადი კი 2012 წელს 1 219 175 შეადგენდა, 2013 წელს 1 436 046 იყო. 2014 წელს აქაც, ბათუმის მსგავსად, მგზავრთა რაოდენობა ჯერჯერობით გაზრდილი არ არის - 1 354 211.

მონაცემები იმის შესახებ, წლიურად მგზავრთა ტევადობა ზემოაღნიშნულ აეროპორტებში რამდენს შეადგენს, ჩვენთვის უცნობია. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია იმის გაგება, აქვს თუ არა ქუთაისის აეროპორტს იმის რესურსი და შესაძლებლობა, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ დამატებით დატვირთვას გაუძლოს.

მარიამ აფციაური

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”