რა შეიცვლება 10 დღის შემდეგ ნავთობპროდუქტების ბაზარზე?

დღესდღეობით 1 ლიტრი ბენზინი 67-76-თეთრიანი მარჟით იყიდება, დიზელი - 60-თეთრიანი სხვაობით

როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, პრემიერ-მინისტრის გაფრთხილების შემდეგ, ნავთობიმპორტიორებმა ბენზინი მცირედით გააიაფეს, თუმცა ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ღირებულება საერთაშორისო ფასისგან მკვეთრად განსხვავებულია. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მსოფლიოში ბენზინისა და დიზელის ფასი განახევრდა. ”რეზონანსის” გათვლებით, საქართველოში 1 ლიტრი ბენზინი საცალო ქსელში მაქსიმუმ 1,5 ლარი უნდა ღირდეს.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კონკურენციის სააგენტოსგან 10 დღის ვადაში ითხოვს პასუხს კითხვაზე, რატომ არ ხდება საქართველოში ბენზინის ფასის კლება მსოფლიო ბაზრის ადეკვატურად. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ”კონკურენციის სააგენტოს დავავალე მუშაობა და მოვკითხე პასუხი, რატომ არ ხდება აქამდე ბენზინის ფასების შესწავლა და კონტროლი. მსოფლიო ბაზარზე საწვავი რამდენიმე ათეული პროცენტით გაიაფდა. ჩვენდა გასაკვირად, არ ხდება ადეკვატური ასახვა ქართულ ბაზარზე. ასე რომ, მინდა კონკურენციის სააგენტოს ვთხოვო, 10 დღის ვადაში საზოგადოება ჩააყენოს საქმის კურსში”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კონკურენციის სააგენტოში კი აღნიშნავენ, რომ ისინი ნავთობპროდუქტების ბაზრის თაობაზე 2008-14 წლების პერიოდის ინფორმაციას სწავლობენ. სააგენტოს ხელმძღვანელის, გიორგი ბარაბაძის განცხადებით, მათთვის 1-ლი ოქტომბრიდან მოყოლებული, ნავთობპროდუქტების ბაზრის შესწავლა ერთ-ერთი აქტუალური საკითხია.

”ამ ეტაპზე გამოთხოვილია ინფორმაცია შემოსავლების სამსახურიდან, ”საქსტატიდან”, მეზობელი სახელმწიფოებიდან და 100-ზე მეტ ეკონომიკურ აგენტს გაეგზავნა შესაბამისი ცნობა ინფორმაციის მოწოდების თაობაზე. მიმდინარეობს ამ ინფორმაციის დამუშავება. ეს არის ძალიან ვრცელი და ტევადი მასალა და შეეხება 2008-14 წლების პერიოდს. პრემიერის დავალების შესაბამისად უახლოეს დღეებში საზოგადოებას წარედგინება ინფორმაცია კონკრეტულად ჩვენი სააგენტოს მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ”,- განაცხადა ბარაბაძემ და დასძინა, რომ ამ ეტაპზე, მოკვლევის ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე საუბარი ნაადრევია.

კომპანია ”ლუკოილის” გენერალური დირექტორი შავლეგ მიშველაძე მზადყოფნას გამოთქვამს კონკურენციის სააგენტოს მიერ საწვავის ფასების შესწავლასთან დაკავშირებით. იგი აღნიშნავს, რომ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას ჭორებს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში საწვავზე ფასები 87-თეთრიანი მოგებით იყიდება. ნავთობკომპანიები ასეთი მოგებით ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იმუშავებენ. მიშველაძე აცხადებს, რომ კონკურენციის სააგენტო თუ მოითხოვს მათგან ინფორმაციას, აუცილებლად მიაწვდიან, თუმცა არის კონკრეტული კითხვები, რომელიც შესაბამისი დავალების მიმღებს, სავარაუდოდ, დააინტერესებს. აქედან გამომდინარე, კომპანიამ ჯერ უნდა ნახოს, რა კონკრეტული კითხვები ექნება კონკურენციის სააგენტოს და მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლება პასუხის გაცემა. აღსანიშნავია, რომ ”ლუკოილის” ქსელში ბენზინი ყველაზე იაფი ღირს.

”ვისოლის” გენერალური დირექტორის ვასილ ხორავას განცხადებით, კომპანია საწვავზე ფასების შემცირებას თანმიმდევრულად ახდენს და ამ პროცესს გააგრძელებს. კომპანია ”გალფში” კი აცხადებენ, რომ დღეიდან საწვავის ყველა პროდუქტზე ფასები კიდევ 4-10 თეთრით შემცირდა და ქსელში საწვავზე ფასების კლების ტენდენცია კვლავ გრძელდება.

ორგანიზაცია ”პროტესტი საწვავის ფასებს” ხვალ კანცელარიასთან, სადაც კონკურენციის სააგენტოა განთავსებული, აქციას გამართავს. მისი ხელმძღვანელის ბექა კემულარიას განცხადებით, კონკურენციის სააგენტომ უნდა განმარტოს, რატომ არის საქართველოში საწვავი ძვირი, როდესაც მსოფლიოში მისი ფასი განახევრებულია. საზოგადოებამ კი უნდა მიიღოს ინფორმაცია, რა მეთოდოლოგიით ტარდება ბაზრის კვლევა.

”საწვავის ბაზარზე გარიგებული ფასია და ჩვენ ამას ვაპროტესტებთ. კონკურენციის სააგენტომ დაიწყო მოკვლევა. ჩვენ უწყებაში შუალედური ანგარიშის მოთხოვნის წერილს შევიტანთ. გვინდა მოგვაწოდონ ინფორმაცია - რა ეტაპზეა კვლევა, რა სახის მეთოდოლოგიას იყენებენ. კონკრეტულად ვინ იკვლევს ამ ბაზარს, როგორ არის ეს ჯგუფი დაკომპლექტებული”, - ამბობს ბექა კემულარია და დასძენს, რომ საწვავის კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიები სახელმწიფო ორგანიზაციებს 1 ლიტრ პრემიუმის ტიპის ბენზინს 1,57 ლარად აძლევენ, რომლის საცალო ღირებულება 2 ლარს აჭარბებს.

ორგანიზაცია კონკურენციის სააგენტოს ავტოგაზის ფასის შესწავლასაც სთხოვს. კემულარია აღნიშნავს, რომ მანქანებისთვის განკუთვნილი ბუნებრივი აირი სექტემბერსა და დეკემბერში ორჯერ ყველა გაზგასამართ სადგურში შეთანხმებულად გაძვირდა. ”კონკურენციის სააგენტოს ამ საკითხზე მოკვლევა არ დაუწყია. რეაგირება მათი კომპეტენციაა”, - ამბობს ბექა კემულარია.

მდგომარეობის რეალურად შეფასებისთვის ”რეზონანსი” ბენზინის საბითუმო ღირებულების გასაგებად საზოგადოებას ტრადიციულ გათვლას სთავაზობს. 1 ტონა ბენზინის საერთაშორისო ღირებულება უკვე ჩამოცდა 528 დოლარს, ლარის კურსზე (1,9) დაანგარიშებით 1 ტონა ბენზინის ღირებულება 1003 ლარია, ამას ემატება დღგ - 180 ლარი, აქციზი - 250 ლარი, ტრანსპორტირება - 90 ლარი. საბოლოო ჯამში, ნავთობიმპორტიორებს 1 ტონა ბენზინის შეძენა მაქსიმუმ 1523 ლარი უჯდებათ. თუკი ამ თანხას 1 ტონა ბენზინის მოცულობაზე (1300 ლიტრზე) გავყოფთ, მივიღებთ, რომ 1 ლიტრი ბენზინის საბითუმო ღირებულება 1,17 ლარია. ამ დროს 1 ლიტრი ”რეგულარის” ტიპის ბენზინი საცალო ქსელში 1,84-1,93 ლარად იყიდება, ანუ ნავთობიმპორტიორები ბაზარზე კოლოსალურად მაღალი - 67-76-თეთრიანი მარჟით საქმიანობენ.

რაც შეეხება დიზელს, ამ საწვავის საერთაშორისო ღირებულება (პლატცის მიხედვით), საშუალოდ, 531 დოლარია, ეროვნულ ვალუტაზე გადაანგარიშებით, 1 ტონა დიზელი 1008 ლარი ღირს, ზემოაღნიშნული გადასახადების დამატებით მენავთობეები 1 ტონა დიზელში, დაახლოებით, 1529 ლარს იხდიან. აქედან გამომდინარე, 1 ლიტრი დიზელის საბითუმო ღირებულება 1,31 ლარია. საცალო ქსელში კი 1 ლიტრი აზერბაიჯანული დიზელი 1,89-1,93 ლარი ღირს, ანუ ამ შემთხვევაში მენავთობეები 58-62-თეთრიანი მარჟით საქმიანობენ.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, საქართველოს საცალო ქსელში საწვავი უახლოეს დღეებში ისევ გაიაფდება და ფასის კლების ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება, თუკი ამას საერთაშორისო ფასები და ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში ხელს შეუწყობს.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”