ასაწყობ სახლებზე მოთხოვნა იზრდება

"ასეთი სახლების ფასი, 1 კვ. მეტრი, 350 დოლარიდან 450 დოლარამდე მერყეობს"

ჩვენს ქვეყანაში ასაწყობ სახლებზე მოთხოვნა იზრდება. ამ ბიზნესის წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ მომავალში მათი საქმიანობით გაცილებით მეტი ადამიანი დაინტერესდება და უფრო მეტი მომხმარებელი ეყოლებათ. მიუხედავად იმისა, რომ ასაწყობი სახლის დადგმა ძალზე მოსახერხებელია აგარაკზე, ზოგიერთი მომხმარებელი ასეთ სახლს ქალაქშიც იშენებს. დაინტერესება აშკარაა, მით უმეტეს, რომ ასაწყობი ვილის აგება ნებისმიერ კლიმატურ პირობებში შეიძლება.

როგორც შპს Geoco-ს დამფუძნებელი, ვახტანგ ნიკოლავა ამბობს, ასაწყობ სახლებს მათ ფირმაში ცნობილი ადამიანებიც ყიდულობენ:

-  ძალიან ბევრ პოლიტიკოსს და ცნობილ ადამიანს აქვს ასეთი სახლი, თანაც, მარტო აგარაკებზე, ან გარეუბანში კი არა - ქალაქშიც. ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია და ჩვენი კლიენტების ვინაობას ვერ გაგიმხელთ, მაგრამ ჩვენი პროდუქციით ბევრი ადამიანი ინტერესდება. ალბათ იმიტომ, რომ ეს არის ეკოლოგიურად სუფთა ხის სახლი, რომელიც სწრაფად შენდება და ფასიც შეღავათიანი აქვს - ჩვენს ფირმაში 1 კვ. მეტრი 350 დოლარი ღირს. ავსტრიელი ბიზნესპარტნიორები გვყავს და მასალებით ისინი გვამარაგებენ. ეს სახლები ავსტრიული ხის მასალისაგან მზადდება. ჩვენი მომხმარებლები არა მარტო აგარაკებს, არამედ საცხოვრებელ სახლებსაც იშენებენ ქალაქში. საძირკველსაც ვაკეთებთ, ამიტომ, ვერ დავეთანხმებით მოსაზრებას, რომ ეს სახლები მტკიცე არ არის. საქართველოში 100-150 წლის წინ აგებული ხის სახლებიც კი არის შემორჩენილი, ავსტრიის ტურისტულ ზონას თუ გადავხედავთ, იქ არც ერთი ბეტონის სახლი არ დგას, ასე რომ, ხის სახლების უპირატესობას მარტო ჩვენი წინაპრები როდი აღიარებდნენ... თანაც, ჩვენი სახლები ცეცხლგამძლეა, რადგან სპეციალური ხსნარით იფარება და ადვილად აღარ აალდება, ამავე დროს, ყინვაგამძლეცაა იმიტომ, რომ შიგნით დათბუნების რამდენიმე შრე აქვს. ამგვარად აგებული ხის სახლი გაცილებით თბილია, ვიდრე ბეტონისა. იმედი გვაქვს, რომ მომავალში ეს ბიზნესი საქართველოში კიდევ უფრო პოპულარული გახდება.

bpn

შპს "თურქოს" მენეჯერმა, ნუგზარ მანიამ, ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ მისი ფირმა ძირითადად კონტეინერებზე მუშაობს, თუ ეს ბიზნესი გაამართლებს, მერე უკვე შეიძლება ასაწყობ სახლებზეც გადავიდნენ:

- მყიდველი საკმაოდ გვყავს. ჩვენი კონტეინერების ფართობი 21 კვ. მეტრიდან იწყება, თუმცა ფირმაში გაცილებით მცირე მოცულობის კონტეინერებსაც აწყობენ. მასალები თურქეთიდან შემოგვაქვს, ყველა დეტალი იქიდან ჩამოდის და მერე ვაწყობთ. თურქეთში ეს პროდუქცია ძალიან პოპულარულია და კარგად იყიდება, მით უმეტეს, რომ ევროსტანდარტებს შეესაბამება, კონტეინერში თბოიზოლაციისა და მოპირკეთების ნორმებიც დაცულია და შუქიც არის. ამ ტიპის კონტეინერები ძალზე მოხერხებულია ბიზნესმენებისათვის, რომლებიც სამშენებლო, ან სხვა სახის სამუშაოებს აწარმოებენ. მასში შეიძლება მოძრავი ოფისიც გავხსნათ: ამწე აიღებს და ერთი ადგილიდან მეორეზე გადადგამს - ეს უკვე აწყობილი სახლი, ან ოფისია.

ნუგზარ მანიას თქმით, ეს საკმაოდ ძველი ბიზნესია - კონტეინერები საქართველოში ყოველთვის იყო, საბჭოთა კავშირის დროსაც, რადგან მისი ჩადგმა აგარაკზეც შეიძლება და ქალაქგარეთ, ნაკვეთშიც, თუ ადამიანს მიწის ნაკვეთი აქვს და იქ რამდენიმე დღით უწევს ჩასვლა. "ჩვენთან კვადრატული მეტრის ფასი 190 დოლარიდან 250 დოლარამდე მერყეობს, გააჩნია, ვის რა სამუშაოს ჩატარება, ან როგორი მოპირკეთება უნდა. ასაწყობ სახლებზე ჯერჯერობით არ ვმუშაობთ. ჯერ ვნახოთ, როგორი წარმატება ექნება კონტეინერებს და მერე უკვე სახლებზეც გადავალთ".

საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო "პროფილის" დამფუძნებელი ელგუჯა მარღია კი ფიქრობს, რომ ამ სეგმენტშიც პირველ რიგში ადგილობრივ, ქართულ წარმოებას უნდა შევუწყოთ ხელი:

- მე პირადად ძალიან მომწონს ქართული სახლები, რომლებსაც საქართველოში მცხოვრები ხელოსნები აგებენ. ასეთი სახლი წიწვოვანი მასალისაგან კეთდება, ლამაზად ფორმდება და ძველებური ოდა-სახლების მსგავსად იდგმება. ერთ-ერთი ასეთი ჯგუფი სამეგრელოში, წალენჯიხის რაიონში მუშაობს, იქ საქმე კარგად მიდის, მაგრამ სასურველია ქართული სახლები ჩვენი სამშობლოს სხვა კუთხეებშიც გავრცელდეს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს ეკოლოგიურად ჯანსაღი სახლია, სამეგრელოში და გურიაში ხის სახლები საუკუნეების განმავლობაში იყო გავრცელებული, მოგეხსნებათ იქ ნესტიანი ჰავაა და ასეთი სახლი საუკეთესო გზაა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ნესტი ვერ აღწევს სახლის კედლებამდე და გარემოც უფრო ჯანსაღია. მე ვფიქრობ, რომ ამ სფეროშიც ადგილობრივ, ქართულ წარმოებას უნდა დავეხმაროთ, ყველაფერს თურქეთიდან, ავსტრიიდან, ან ფინეთიდან ხომ ვერ შემოვიტანთ? თანაც, ასეთი სახლების ფასი, 1 კვ მეტრი, 350 დოლარიდან 450 დოლარამდე მერყეობს, ფინური სახლები კი - ძალიან კეთილმოწყობილია, მაგრამ ძვირი. საქართველოშიც გვყავს მუყაითი და პატიოსანი ხალხი, რომელიც სხვებს არც ნიჭით ჩამორჩება და არც მონდომებით. ამიტომ, აქაც შეიძლება ასაწყობი სახლების ბიზნესი განვითარდეს. რა თქმა უნდა, ინვესტორი ყველა ქვეყნიდან შემოვა - თურქიც, ავსტრიელიც და ფინელიც, ჩვენ ხელს ვერავის შევუშლით, მაგრამ თუ სახელმწიფო ადგილობრივ ბიზნესს მხარში არ ამოუდგა, ასე საქართველოს ეკონომიკა ვერ განვითარდება.

შეკითხვაზე, რამდენად გამძლე და საიმედოა ხის სახლები, ელგუჯა მარღიამ bpn.ge-ს განუცხადა:

- ჯერჯერობით ეს ბიზნესი ჩამოყალიბების სტადიაშია. ხშირად საძირკველს ბინის პატრონი აგებს, რომ სახლი უფრო მტკიცე იყოს, მაგრამ თუ საჭიროა, ჩვენი, ქართველი ხელოსნები საძირკველსაც აკეთებენ. ალბათ თქვენც გინახავთ ძველისძველი ოდა-სახლები, ზოგიერთი მათგანი დღესაც არის შემორჩენილი. ამ სახლებმა ქარიშხლებს გაუძლეს, ამიტომ, ვერ დავეთანხმები აზრს, რომ ხის სახლი სუსტია და რთულ კლიმატურ პირობებს ვერ უძლებს. ადრე ხომ ხის სახლები შენდებოდა ყველგან - იმერეთშიც, სამეგრელოშიც, სამცხე-ჯავახეთშიც და ქართლ-კახეთშიც? მართალია, ხის სახლი აგარაკზე განსაკუთრებით მოსახერხებელია, თუმცა ჩვენი წინაპრები მას მუდმივ საცხოვრებლადაც მშვენივრად იყენებდნენ.

ხათუნა ჩიგოგიძე

სტატიის ინგლისური ვერსია იხილეთ ლინკზე: Demand for prefab houses rising in Georgia