რა შედეგები აჩვენა იმპორტირებულ პროდუქციაზე ჩატარებულმა კვლევებმა?

„ეს შედეგები მშვიდად ყოფნის საფუძველს არ გვაძლევს“

წლებია, რაც საქართველოს მოსახლეობა უცხოეთიდან იმპორტირებულ ხილსა და ბოსტნეულს დიდი რაოდენობით მოიხმარს. თუმცა, რამდენად უსაფრთხოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის იმპორტირებული პროდუქცია, ამაზე თითქმის არაფერი ვიცით. ორი თვის წინ, სურსათის უვნებლობის სააგენტომ იმპორტირებულ და ადგილობრივ პროდუქციაზე ლაბორატორიული კვლევა ჩაატარა. კვლევის შედეგად, პესტიციდების მაღალი შემცველობა აღმოჩნდა მხოლოდ ორი დასახელების პროდუქციაში.

საპირისპიროზე საუბრობს ანტიკორუფციული კავშირის ხელმძღვანელი გია ბურჯანაძე. მისი თქმით, რამდენიმე ათეული დასახლების პროდუქციაზე ჩატარებული კვლევის შედეგები მშვიდად ყოფნის საფუძველს სულაც არ გვაძლევს. „იმპორტირებული ხილ-ბოსტნეულის უმრავლესობა პესტიციდებითაა გაჯერებული. ბაზარზე გენმოდიფიცირებული პროდუქცია შემოდის. ამიტომ, მომხმარებელს არჩევანის საშუალება უნდა ჰქონდეს. სავაჭრო დახლზე გასაყიდად გამოტანილ პროდუქციას მინაწერი უნდა ჰქონდეს, გენმოდიფიცირებულია თუ ნატურალური. სამწუხაროდ, ეს საკითხი კანონმდებლობით დარეგულირებული არ არის. არაჯანსაღი პროდუქტის მიღებით ონკოლოგიური დაავადებები გაახალგაზრდავდა. საქართველო ბიოლოგიური ომის ერთ-ერთი მონაწილეა, სადაც დამარცხებული ვიქნებით, თუ შესაბამის კანონმდებლობას არ მივიღებთ.“ - ამბობს bpn.ge-თან საუბარში ბურჯანაძე.

რესპოდენტის თქმით, არასახარბიელო მდგომარეობაა იმპორტირებული ხორც-პროდუქტების მხრივ: „ჩვენი ინფომაციით, იმპორტირებულ ხორცის ფარშში დაახლოებით 20-25% მინარევის სახით დაფშვნილი ძვალია. მომხმარებელი მოტყუებული რჩება, როცა ჰგონია ხორცის ფარშს ყიდულობს. იმპორიტრებული ხორცის ფარში ფალსიფიცირებულია. სხვათა შორის, ადგილობრივი ხორც-პროდუქტების კომპანიები სწორედ იმპორტირებულ ფარშს იყენებენ. ადგილობრივი წარმოების პროდუქცია ბაზარზე მხოლოდ 10%-15%-ია. რამდენიმე თვის წინ, ბრენდული წარმოების 10 დასახელების ძეხვეულზე ტესტი ჩავატარეთ. საგანგაშო შედეგი მივიღეთ. ცხრა მათგანმა ფერი შეიცვალა - გაშავდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პროდუქცია სახამებლით არის გაჯერებული. ნამდვილი ხორცი ფერს არ იცვლის. ჩვენი კვლევის შედეგად მხოლოდ ერთი დასახელების სოსისმა არ შეიცვალა ფერი, რაც იმას ნიშნავს, რომ ხორცისგან იყო დამზადებული, თუმცა, რა ხარისხის ხორცისგან იყო ეს დამზადებული, ვერ გეტყვით. ეს უმარტივესი ტესტია, რომელიც სახლის პირობებში ნებიმისერ შეუძლია ჩაატაროს. იოდის რამდენიმე წვეთს ვაპკურებთ ხორცს. თუ ფერი შეიცვალა ე.ი. სახამებლითაა გაჯერებული.“

სურსათის ეროვნულ სააგენტოში კი აცხადებენ, რომ ინფორმაცია იმის შესახებ თითქოს იმპორტირებული ხორცის ფარში ფალსიფიცირებულია, სიმართლეს არ შეესაბამება. სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ხორც-პროდუქტების იმპორტი შემდეგი ქვეყნებიდან ხორციელდება - თურქეთი, ამერიკა, ბრაზილია, არგენტინა, კანადა, ჩინეთი, ინდოეთი. ასევე, ევროკავშირის და პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან.

კახა სოხაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსი: იმპორტისას სურსათის ეროვნული სააგენტო ადგილზე ახორციელებს საწარმოს ინსპექტირებას. მაქსიმალური სიზუსტით ვრწმუნდებით მწარმოებლის კეთილსინდისიერებაში. შედეგების განხილვის შემდეგ ხდება იმპორტის განხორციელება. საზღვარზე ყოველ პარტიას ამოწმებენ, როგორც დოკუმენტურად, ასევე, ხდება იდენტიფიცირება და ლაბორატორიული შემოწმება. ამის შემდეგ ეძლევა უფლება პროდუქციას, რომ გადმოკვეთოს საზღვარი. როცა პროდუქცია ქსელში განთავსდება, მას იქაც ამოწმებენ. ეს საკითხი უკონტროლოდ ნამდვილად არ არის.

- ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ათი დასახელების ძეხვეულზე ტესტი ჩაატარა. ამბობენ, რომ შედეგები საგანგაშოა. თქვენს რას გვეტყვით?

- მე არ ვიცი ეს კვლევა რამდენად კომპეტენტური იყო. იოდით ხდება სახამებლის დეტექტირება, ანუ იოდი ფერს იცვლის სახამებელთან შეხებისას. თუმცა, სახამებლის შემცველობა საკვებ პროდუქტებში აკრძალული არ არის. უბრალოდ, პროდუქციის ეტიკეტზე ინფორმაცია უნდა იყოს, რომ ეს სურსათი სახამებელს შეიცავს.

- ალბათ, დამეთანხმებით, რომ ამ მხრივ მომხმარებელები განებივრებულები არ ვართ. ამის შესახებ ინფორმაცია პროდუქციის ეტიკეტზე არ გვხვდება. ისიც არ ვიცით, ჩვენს მიერ შეძენილი პროდუქტი გენმოდიფიცირებულია თუ არა.

- წელს პირველად, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ლაბორატორიულად გამოიკვლია ის რისკსურსათი, რომელიც ინგრედიენტების სახით სხვადასხვა სურსათის დასამზადებლად არის გამოყენებული. მათ შორის, სოიო და მისგან წარმოებული პროდუქტები. ასევე, მცენარეული წარმოშობის ცხიმები. საბედნიეროდ, გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველობა მათ შემადგენლობაში არ აღმოჩნდა.

- რაც შეეხება იმპორტირებულ გაყინულ თევზს. რამდენად უსაფრთხოა ეს პროდუქტი? ბოლო დროს პანგასიუსზე მუდმივად გვესმის, რომ ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს შეიცავს.

- პანგასიუსის მწარმოებელია ვიეტნამი, რომელიც საკმაოდ მსხვილი იმპორტიორია როგორც ევროკავშირის ქვეყნებში ასევე, საქართველოშიც. ამ თევზის სახეობასთან დაკავშირებით შეკითხვები მართლაც გაჩნდა. ინფორმაცია ინტერნეტში გავრცელდა. ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა უწყებებიდან დაგვიკავშირდნენ. ნიმუში ავიღეთ და გამოვიკვლიეთ იმ შესაძლებლობების გათვალისწინებით, რაც ქართულ ლაბორატორიას გააჩნია. ჩვენს შემთხვევაში ყველა ნიმუში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს შეესაბამება.

- რაც შეეხება ხილ-ბოსტნეულს, რამდენ სახეობაზე ჩაატარეს კვლევა და როგორია შედეგები?

- დარღვევები არ არის. კვლევა 124 დასახელების პროდუქციაზე ჩატარდა. როგორც იმპორტირებულ, ასევე, ადგილობრივი წარმოების პროდუქციაზე: კარტოფილი, ჭარხალი, მწვანილი, ვაშლი, ბანანი, გრეიფრუტი, ფორთოხალი, ყურძენი, ნიორი, კივი, კომბოსტო, ნესვი და ა.შ. პესტიციდები ადგილობრივი წარმოების ორ პროდუქციაში, სტაფილოსა და ვაშლში აღმოჩნდა. ისიც ნორმის ფარგლებში. იმპორტირებულში საქმე გაცილებით უკეთ არის, ვიდრე ადგილობრივ პროდუქციაში. მინდა გავაბათილო ის ეჭვები, რომ იმპორტული პროდუქტი საწამლავია. ეს ასე არ არის. რა თქმა უნდა, ქართული წარმოება უნდა გავაძლიეროთ და კონკურენტუნარიანი უნდა გავხადოთ.

- და ბოლოს, მომავალი წლიდან რა გეგმები აქვს სააგენტოს?

- სააგენტოს ვალდებულებაა სურსეთის უვნებლობა, კონტროლი, რასაც ყოვედღიურ რეჟიმში გავაგრძელებთ. მომავალი წლისთვის იგეგმება საბავშვო ბაღების, სკოლების, სამკურნალო დაწესებულებების კვების ბლოკების, სოციალურად დაუცველ პირთა სურსათის მომარაგების საკითხების შემოწმება.

სალომე გოგოხია