ქართული ბანკების სარეკლამო სტრატეგიების სტრატეგიული შეცდომა

ელემენტარული კომფორტის შესაქმნელად, ფუფუნების თუ საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად, უფრო ხშირად კი, საარსებო პრობლემების მოსაგვარებლად, სესხი ქართველი მომხმარებლისათვს ერთადერთი საშუალებაა.

მაღალი და მუდმივი მოთხოვნის არსებობის შესაბამისად საბანკო და მიკროსაფინანსო ბაზრებზე კონკურენციაც მძაფრია, რაც საფინანსო ინსტიტუტებს მეტი ლავირების საშუალებას აძლევს. ბანკები კლიენტებს ახალ-ახალი მარკეტინგული ხერხებით იზიდავენ და თავიანთ სარეკლამო კამპანიებში ხშირად აპელირებენ ბანკის სანდოობის ხარისხზე კონკრეტული მახასიათებლებით - "საქართველოს ბანკი" ლონდონის პრემიუმ ლისტინგით, "პროკრედიტ ბანკი" გერმანული გამოცდილებით, "რესპუბლიკა" "სოსიეტე ჟენერალის" ფრანგული "შარმით", "თიბისი", უსმხვილეს საფინანსო ინსტიტუტებთან ხანგრძლივი პარტნიორობით.

მთავარი აქცენტი მაინც სასესხო განაკვეთებზე კეთდება. ფიქსირებულის გარდა ბანკები მომხმარებელს უკვე ლიბორზე (ლონდონის ბანკთაშორისი შეთავაზების ინდექსი) და ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ საპროცენტო განაკვეთებსაც სთავაზობენ, თუმცა საგაზაფხულოდ ყველაზე გამორჩეული მაინც ერთერთი, ერთი შეხედვით მარტივი რეკლამა აღმოჩნდა.

"ვითიბი ბანკმა" 8%-იანი სესხი, ბაზარზე 10 აპრილს გამოიტანა და დამატებითი, მათ შორის, დაზღვევისა და გატანის საკომისიოსგან გათავისუფლების შესახებ განაცხადა. სარეკლამო კამპანია იუწყებოდა, რომ მომხმარებელს შეეძლო სესხი უპრეცედენტოდ დაბალ პროცენტად აეღო, თუმცა არსად იყო მოხსენიებული, რომ სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 16,93%-ს შეადგენდა. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ის მთლიანი ხარჯია რაც კრედიტის მიღება მსესხებელს რეალურად უჯდება.

სასესხო ხელშეკრულებაში ეფექტური განაკვეთის მითითება ბანკებს გასული წლიდან ევალებათ. ხარჯის პროცენტულად გამოსახვას მათ საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) ავალდებულებს, თუმცა, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ არის, რადგან სებ-ის ცხელ ხაზზე, ბანკებისა თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დაბნეული და უკმაყოფილო კლიენტების ზარები არ წყდება. ძირითადი პრეტენზიები ეხება სწორედ სასესხო განაკვეთებს, რომლებიც რეკლამაში დეკლარირებულს თითქმის არასდროს ემთხვევა.

"დაუშვებელია ნებისმიერი ისეთი ტიპის სარეკლამო კამპანიის წარმოება, რომელსაც შეცდომაში შეყავს მომხმარებელი. რომელმაც შეიძლება მიაწოდოს არასრული ინფორმაცია ან შეუქმნას არასწორი მოლოდინები. საბანკო სექტორში უნდა არსებობდეს ძალიან მკაცრი ეთიკის სტანდარტი, რომელსაც განურჩევლად დაიცავს ყველა კომერციული ბანკი. ამავე დროს, მოვუწოდებს ყველა მომხმარებელს, ყურადღებით წაიკითხოს ხელშეკრულება ხელმოწერამდე და პრეტენზიის შემთხვევაში მიმართოს ჩვენი მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილებას, სადაც ყველა პრეტენზიას განიხილავენ. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ხდება მოტყუება მომხმარებლის, ჩვენ ვამბობთ, რომ დაუშვებელია იმ სარეკლამო კამპანიის წარმოება, რომელმაც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს ესა თუ ეს პირი," –განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ 30 აპრილს გამართულ შეხვედრაზე იმ კომერციულ ბანკებთან, რომლებიც აქტიურად ეწევიან სამომხმარებლო სეგმენტის დაკრედიტებას. აღნიშნული შეხვედრა სწორედ იმ მიზეზით გაიმართა, რომ ბოლო დროს გახშირდა ბანკების მიერ მომხმარებლის შეცდომაში შემყვანი სარეკლამო კამპანიების წარმოება.

რაც შეეხება თავად კომერციულ ბანკებს, მათ ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრაზე სრული ერთიანობა დააფიქსირეს და სარეკლამო რგოლების კორექტირებისათვის მზადყოფნა გამოთქვეს, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო, სარეკლამო ტექსტების კორექტულობაზე საუბრისას საკუთარ უპირეტესობაზეც მიანიშნებდნენ.

"ჩვენი ბანკის პროდუქტების რეკლამა მაქსიმალურად მიახლოებულია რეალობასთან, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ რეკლამის სპეციფიკიდან გამომდინარე, ყველა ხარჯის ჩამოთვლა შეუძლებელია. მომხმარებელს შეთავაზების ყველა პუნქტს ბანკში სრულყოფილად უხსნიან. ბაზრის ყველა მოთამაშე თანაბარ პირობებში უნდა მოექცეს, რაზეც სექტორში სრული კონსესენსუსია," – განაცხადა "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა.

ეს მოსაზრება გაიზიარა "ვითიბი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა, არჩილ კონცელიძემაც და განაცხადა, რომ სექტორი გარკვეული მარკეტინგული შეზღუდვების ერთიან ფორმატზე უნდა შეთანხმდეს. ამასთან, მისი თქმით, 8%-იანი სესხის სარეკლამო რგოლის კორექტირების საჭიროებას ვერ ხედავს და ეს დროშიც ვერ ესწრება. "მაღალი აქტივობის პირობებში რგოლის შეცვლის დრო ფიზიკურად არ გვაქვს, თანაც ეს აქცია რამდენიმე დღეში სრულდება, პორტფელის ზრდის მაჩვენებელმა მოლოდინს ორჯერ გადააჭარბა," - განაცხადა მან.

იმ სქემის მონახაზი, რომელიც სამომავლოდ არასწორი მარკეტინგული კამპანიებისა და მათი მსხვერპლი მომხმარებლების პრობლემის პრევენციას უზრუნველყოფს, მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი. წინასწარი ინფორმაციით, მარეგულირებელი სავარაუდოდ მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლება.

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია ამბობს, რომ შეხვედრაზე მიღწეულ შეთანხმებას იურიდიული ძალა არ ექნება და არც სებ–ის პრეზიდენტის სპეციალური დადგენილება გამოიცემა.

"კომერციული ბანკი პირველ რიგში თავად არის დაინტერესებული, პირნათელი იყოს მსესხებელთან, რადგან მოტყუების შემთხვევაში მას დაკარგავს და რეალურად კონკურენტებზე იმუშავებს - მის მიერ მოტყუებული კლიენტი სესხის ასაღებად სხვა ბანკში მივა. ამასთან ეროვნული ბანკი საფინანსო ინსტუტუტის სარეკლამო რგოლში თუ მსგავს დარღვევას აღმოაჩენს, სებ-ის პრეზიდენტი ამაზე ღიად განაცხადებს, რაც იმიჯის შემლახველია. ცხადია ბანკი ამას მოერიდება და საკუთარ რეპუტაციას გაუფრთხილდება," - აცხადებს გვასალია.

იმიჯს რაც შეეხება, საბანკო ბაზრის ლიდერები სულ უფრო და უფრო მეტად ცდილობენ კლიენტებთან სწორი ურთიერთობების ჩამოყალიბებას და ამისათვის არაერთ ზომას მიმართავენ, თუმცა გულწრფელი საქმიანი ურთიერთობა ქართულ ბანკებსა და მათ კლიენტებს შორის მაინც პრობლემად რჩება.

"პროკრედიტ ბანკის" აქციონერმა, კლაუს-პიტერ ცაიტინგერმა, ერთ-ერთი წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მარტივი ფორმულა "იყიდე ახლა, გადაიხადე მერე" უნივერსალური არ არის და "ის მხოლოდ აშშ-ში მუშაობს, რადგან აშშ დოლარი გავლენიანი ვალუტაა", საქართველოს კი საკუთარი ვალუტა, ლარი აქვს, ამიტომ, " მენეჯერი სესხების გაყიდვაზე არ უნდა იყოს ორიენტირებული, მან უნდა გაანათლოს პოტენციური კლიენტი, თუ როგორ მართოს ფინანსები," - განაცხადა მან.

ვიდრე მომხმარებელთა ფინანსური ცოდნის ამაღლების საკითხი დადგება დღის წესრიგში, ბანკებმა სებ-ის მითითება უნდა შეასრულონ და საკუთარ სარეკლამო სტრატეგიებს გადახედონ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მათ სარეკლამო ტექსტიდან საპროცენტო განაკვეთის ამოგდება მოუწევთ.