გაჩერდება თუ არა ლარის გაუფასურების პროცესი?

"რასაც მთავრობა გვაძლეს ერთი ხელით, გვართმევს მეორეთი".

ლარი გაუფასურებას განაგრძობს. ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი უკვე 1,9962 ლარი ღირს. კომერციულ ბანკებსა და ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში დოლარის ფასმა 2 ლარს გადააჭარბა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეროვნული ვალუტის გაუფასურების ეს უკვე მეორე ტალღაა. პირველად ლარმა დოლართან მიმართებაში ვარდნა გასული წლის ნოემბერში დაიწყო...

რომან გოცირიძე, ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე:

- ლარმა გაუფასურების ახალი ეტაპი დაიწყო. მთავრობა ამის ერთ-ერთ მიზეზად უცხოეთიდან ფულადი გზავნილების შემცირებას ასახელებს. რამდენად საკმარისია თქვენთვის მთავრობის ეს არგუმენტი და თქვენ რა მიზეზებს ხედავთ, რაც ლარის გაუფასურებას აძლევს ბიძგს?

- როდესაც პირველ რიგში ვახსენებთ საგარეო ფაქტორებს, ეს არის ან პირდაპირი, ან შენიღბული მცდელობა მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამართლების. საგარეო ფაქტორები რა თქმა უნდა ზემოქმედებენ ქვეყნის ეკონომიკაზე, მაგრამ ეს არის დამატებითი და არა ძირითადი. 2008 წლის ომმა და მსოფლიოს ფინანსურმა კრიზისმა ვერ მოახდინა ზემოქმედება ლარზე. ახლა ჩვენი ეკონომიკა იმუნიტეტგამოცლილი ადამიანივითაა. ყოველი გაცივების "ფაქტორი" აგონიაში აგდებს. ეკონომიკური სისუსტეები, საინვესტიციო გარემოს გაუარესება, შიდაპოლიტიკური დაძაბულობა, უიმედობა და არაეფექტური მთავრობა არის პრობლემების თავი და თავი.

ლარის ზედიზედ, ერთსა და იმავე პერიოდში ორი წლის განმავლობაში ორჯერ გაუფასურების მიზეზი არის ცვლილებები ეკონომიკურ პოლიტიკაში. მოხდა საბაზროდ ორიენტირებული ეკონომიკის ტრანსფორმაცია სოციალურად ორიენტირებულში. ლამაზად ჟღერს, მაგრამ, როგორც წესი, საბოლოო შედეგები მახინჯი გამოდის. ამისი კონცენტრირებული გამოხატულებაა ბიუჯეტი. იგი უკვე აბსოლუტურად სხვა სახისაა. სხვადასხვა ე.წ. წამახალისებელი ხარჯები: სუბსიდიები, ბიზნესპროგრამები, ხვნა-თესვის დაფინანსება, მოსავლის დაზღვევაც კი. მეორეს მხრივ, ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევა, უფასო წიგნები, სოციალური შემწეობების მიმღებთა წრის გაფართოება, საყოველთაო ვაუჩერები (მაგ. ელექტროენერგიის), განურჩევლად მდიდრისა და ღარიბისა. ასევე სახელმწიფო აპარატის მუდმივი ზრდა, როგორც ადგილობრივ დონეზე, ასევე ცენტრალურ სამთავრობო დაწესებულებებში, უამრავი მარეგულირებელი ნორმების აღდგენა. აგერ, კიდევ ერთი უაზრო კანონის მიღებას აპირებენ - უცხოელი სპეციალისტები არ შემოვუშვათ, თუ ამ საქმის გაკეთებას ქართველი შეძლებსო. ესეც ლამაზად ჟღერს. არა და, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მშენებლობისას "სვარშიკები" ვერ მოიძებნა ადგილზე. მერე ვიღაცამ ნებართვები უნდა აძლიოს, ვიღაცამ უნდა ამტკიცოს, რომ ამის შემსრულებლები გვყავს თუ არა გვყავს ადგილზე და ასე შემდეგ. მოკლედ, ბიუროკრატიზაცია. ცალ-ცალკე ეს ყველაფერი კარგია მოსასმენად და ენა არ მოგიბრუნდება, რომელიმეზე უარი თქვა. რაც ამერიკამ ვერ შეძლო ორასი წლის განმავლობაში ჯანდაცვის სფეროში, ჩვენ მოვასწარით ორ წელიწადში ნასესხები ფულით და არა მარტო ამით. ის ფული, რაც ადამიანებმა და კერძო ფირმებმა დაკარგეს ლარის გაუფასურებით და ფასების ზრდით, ეს არის საზღაური იმ სიკეთისა, რასაც ბიუჯეტი გვპირდება. რასაც მთავრობა გვაძლეს ერთი ხელით, გვართმევს მეორეთი. როგორც წესი, პირველ რიგში და ყველაზე მეტს ართმევს დაბალშემოსავლიან ფენას - ინფლაციით. ანუ იმას, ვისზე ზრუნვითაც ნაკარნახევია ბევრი სოციალური პროექტი. სადაა მომატებული 10 ლარი პენსია? აორთქლდა მიღებამდე!

ასეთმა პოლიტიკამ რა უყო მაგალითად, საბერძნეთს და კვიპროსს, დავინახეთ ამ რამდენიმე წლის წინ. რიგში ესპანეთი და პორტუგალიაა. და სად? ევროკავშირში, სადაც უზარმაზარი ფინანსური მხარდაჭერა აქვთ მსგავს ვითარებაში ჩავარდნილებს. 50 მილიარდზე მეტი მისცეს საბერძნეთს სხვადასხვა წყაროებიდან და დღეს ისევ აქტუალურია მისი ევროზონიდან გაძევების საკითხი. როცა ბიუჯეტს ვახსენებთ, ეს უკვე პორტრეტია, რომელიც დორიან გრეის სურათივით განიცდის ტრანსფორმაციას. მეორეს მხრივ, 2013 და 2014 წლებში სწორედ ბიუჯეტის არათანაბარზომიერმა შესრულებამ განაპირობა ლარის ვარდნა. დეკემბრის ბოლო დღეებში თითქმის ნახევარი მილიარდი ლარის გაშვებამ მიმოქცევაში. ამან მისცა ბიძგი, შემდეგ კი ცოტა აჟიოტაჟიც დაემატა, ცოტაც იგივე, ასე სათუთად მოსახსენიებელი საგარეოც და მივიღეთ დევალვაციის მეორე ტალღა.

უკვე გაიწოვა ეს ფული სავალუტო ბაზარმა. კვლავ დაუბრუნდა ფულის მასა ნორმას. წესით, დღეს-ხვალ უნდა გაჩერდეს შემდგომი გაუფასურების პროცესი და მერე უნდა ველოდოთ შემდგომ "გარღვევას" თუ "გაცივებას". ისევ უნდა ველოდოთ, როგორ მოხდება ბიუჯეტის შესრულება და აღმოიფხვრება თუ არა ვალუტის შემოდინებაში ახლადგაჩენილი უარყოფითი ფაქტორები: ექსპორტის კლება, ტურიზმიდან შემოსავლების კლება, სარკინიგზო და სხვა სახის გადაზიდვებში კლება, ინვესტიციებში კლება, ტრანსფერტებში კლება, უცხოეთში ფულის გადინების მატება და ასე შემდეგ. რაც შეეხება სწრაფი ფულადი გზავნილების მეშვეობით გადმორიცხვებს, ესეც მოქმედებს ლარის კურსზე, მაგრამ გაზვიადებულია, რადგან ეს პრობლემა მხოლოდ ბოლო სამი თვეა გაჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის ბოლო თვეებში იკლო უცხოეთიდან გადმორიცხვების მოცულობამ, 2013 წლის ანალოგიურ თვეებთან შედარებით, ფაქტობრივად, იგი უმნიშვნელოდ შემცირდა წლის განმავლობაში. 2014 წელს სწრაფი ფულადი გზავნილების არხებით გადმოირიცხა 1, 441 მილიარდი დოლარი, ხოლო 2013 წელს - 1,477 მილიარდი. ეს ორივე მაჩვენებელი საკმაოდ აღემატება 2012 წლის (1, 334 მილიარდი) და 2011 წლის (1,268 მილიარდი) მონაცემებს. როგორც ვხედავთ, აქ არა იმდენად კლებაზეა საუბარი, არამედ ბოლო წლებში გაჩენილი ზრდის ტენდენციის შეფერხებაზე. უფრო მეტი ოდენობით კლების თავიდან აცილება იმითაა გამოწვეული, რომ განსხვავებით, იგივე შუა აზიის ქვეყნებისგან, ან სომხეთისგან, სადაც გადარიცხვების უმეტესი ნაწილი რუსეთიდან ხდება, საქართველოში იგი დივერსიფიცირებულია. კი, რუსეთზე მოდის ტრანსფერტების ნახევარი, მაგრამ მეორე ნახევარი მსოფლიოს ოცამდე ქვენიდან ხორციელდება. ზოგიერთიდან ზრდაც კი შეიმჩნევა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ალბათობით რუსეთიდან გადმორიცხული ფულის მოცულობა შემცირდება, მთლიანი ტრანსფერტების ოდენობა 2015 წელს არ უნდა იყოს 2013 წლის მაჩვენებელზე დაბალი.

თუ გავიხსენებთ 2008 წლის აგვისტოს ომის წინა და შემდგომ პერიოდს, დავინახავთ, რომ ფულადი გადმორიცხვები რუსეთიდან მაშინ 10 პროცენტით შემცირდა. ამას მსოფლიო საფინანსო კრიზისის ფაქტორიც განაპირობებდა. ალბათ, წელსაც დაახლოებით ამ ფარგლებში, ან შეიძლება უფრო მეტითაც (15 პროცენტით) იკლოს, 100 მილიონი დოლარის ფარგლებში. თუ რამდენ ხანს გაგრძელდება რუსეთში კრიზისი, ამის პროგნოზირება ძნელია. სულ მცირე ორი წელი რომ ვარდნა იქნება, ამას ყველა საერთაშორისო საფინანსო და სარეიტინგო ორგანიზაციები პროგნოზირებენ. რუსეთში მდგომარეობა დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის უკარაინაში რუსეთის აგრესიის შეწყვეტაზე და სანქციების შერბილებაზე, ისევე როგორც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის სიდიდეზე.

მაგრამ, როცა უარყოფითი საგარეო ფაქტორი მოჰყავთ თავის გამართლების მიზნით, რატომ დადებითზე არაფერს ამბობენ? ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე და სავაჭრო ბალანსზე დადებითი ზემოქმედების მომხდენი იქნება ნავთობზე მსოფლიო ბაზარზე ფასების კლება. იგი ქვეყნიდან უცხოური ვალუტის ნაკლებ გადინებასაც შეუწყობს ხელს. ეკონომია ორჯერ გადაფარავს გადმორიცხვებით მიღებულ დანაკლისს. მთავარია, სხვა ფაქტორები, ტრადიციულად ჩვენი დადებითი "კოზირები" ამოქმედდეს. ეს კი ვერ მოხდება, თუ ისევ რაღაც "წახალისების" თეორიით ვიმოქმედეთ. აგერ, ექსპორტის წახალისების სამსახური უნდა შევქმნათო. ისევ ახალი შტატები, მანქანები და ასე შემდეგ. წახალისება კი არა, ხელის არშეშლაა საჭირო. ასეულობით მილიონობით ლარით წავახალისეთ სოფლის მეურნეობა რუსეთის ბაზრისთვის. იქ ისედაც უნდა მოგვეკიდებინა ფეხი ყოველგვარი სუბსიდირების გარეშე. თუ წახალისებაა, ეს სექტორალური უნდა იყოს, ახალი ბაზრებისკენ (ევროპა, ჩინეთი, ინდოეთი, ამერიკა).

- მთვარობა რამდენად უნარიანი ან უუნაროა ამ პროცესში და რეალურად რა ბერკეტი აქვს იმისთვის, რომ შეაჩეროს ან თუნდაც შეამციროს ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესი?

- არის ფუნდამენტური მიზეზები, რომლის გადაჭრა მთავრობას გაუჭირდება, რადგან მისი "ახალი ეკონომიკური პოლიტიკა"- ნეპი (NEP) არის სირთულეების მუდმივი გენერატორი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მთავრობას და ეროვნულ ბანკს შეუძლია ვითარების დასტაბილურება ფულის მასის კონტროლის გზით. მაგრამ სანამდე? მოხდება ეკონომიკის ე.წ. დემონეტიზაცია. რა ვუყოთ იმას, რომ ვალუტის დეფიციტი გაჩნდა? როგორ უნდა დავარწმუნოთ ინვესტორი, რომ ფულის აქ დაბანდება სჯობია, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში? რითი ვართ სხვებზე მიმზიდველები? ესაა მთავარი პრობლემა. დაკარგა საქართველომ მიმზიდველობა. ფორმაში უნდა მოვიდეს!

- გასული წლის ბოლოს, როცა ლარის კურსი მკვეთრად გაუფასურდა, ამ ამბავს საკმაოდ აჟიოტაჟური, პანიკური რეაქცია მოჰყვა საზოგადოების მხრიდან, ახლა ვითარება შედარებით განსხვავებულია - ლარი გაუფასურებას განაგრძობს, თუმცა ამაზე ცოტას საუბრობენ. ფიქრობთ, რომ საზოგადოება შეეგუა ლარის ასეთ მკვეთრ რყევებს?

- ამას არავინ შეეგუება. ყველას იმედი აქვს, რომ კვლავ გამყარდება, რადგან ასე მოხდა წინა შემთხვევაშიც. თანაც დევალვაციის უარყოფითი შედეგები ჯერ არ ასახულა ფასებზე. ეს იმპორტიორების ზარალის ხარჯზე ხდება. სადამდე ეყოფათ რესურსი. ან გაკოტრდება ზოგიერთი, ან ფასებს მოუმატებენ. საზოგადოებრივი რეაქცია რა უნდა იყოს? ქუჩებში ხომ არ გამოვლენ? უბრალოდ, ხელისუფლებას შეიძულებენ.

- როგორია თქვენი პროგნოზი ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით და რა პროცესებს ექნება გავლენა ლარი-დოლარის გაცვლით კურსზე?

- უახლოეს პერიოდში გაჩერდება ვარდნა. შემდეგ გამოჩნდება ტენდენციები. ზაფხული წესით უკეთესი უნდა იყოს. მერე ისევ მოვა დეკემბერი და ბიუჯეტის რიცხვები გვაჩვენებენ ოპტიმიზმის საფუძველი უნდა გვქონდეს თუ პესიმიზმის.

- ამ ვითარებაში საკმაოდ არასახარბიელო განცხადებები კეთდება ლართან დაკავშირებით, რომ მის მიმართ, როგორც არამყარი ვალუტის მიმართ ნდობა იკარგება. როგორ ფიქრობთ, წმინდა სამომხმარებლო დონეზე, თითოეული მოქალაქის შემთხვევაში, როგორ შეიძლება გამოვლინდეს ეს უნდობლობა?

- დოლარიზაციის ზრდაში, რაც ცუდი იქნება... ძლივს დაიწყო შემცირება ბოლო წლებში. ფასები კი გაიზრდება, თუ ლარი დოლართან მიმართებაში ამ ნიშნულზე დარჩა.

ემა ტუხიაშვილი