პრობლემები, რომლებსაც ”პანორამა თბილისი” შექმნის

"პანორამა თბილისის" შესახებ "გამა კონსალტინგის" დასკვნა არარსულფასოვანია?!

არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივა" ეწინააღმდეგება "თანაინვესტირების ფონდის" "პანორამა თბილისის" სოლოლაკის ქედზე აშენებას. გარემოსდამცველების თქმით, აღნიშნულ რაიონში პროექტი დაარღვევს ისედაც პრობლემატურ ეკოლოგიურ ბალანსს, რაზეც ლაპარაკი არ არის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში, რომლის მომზადებაც სკანდალურად ცნობილ კომპანია "გამა კონსალტინგს" ჰქონდა დავალებული.

მანანა ქოჩლაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ ხელმძღვანელი: „პანორამა თბილისის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი მოამზადა შპს „გამა კონსალტინგმა“, კომპანიამ, რომელმაც თავის დროზე „დარიალჰესის“, „ბახვი ჰესის“ და სხვა წარუმატებელი ბიზნესპროექტების გარემოზე ზემოქმედება შეაფასა. ამ პროექტების წარუმატებლობა ძირითადად სწორედ გარემოზე ზემოქმედების რისკების გაუთვალისწინებლობამ განაპირობა. ეს რიკსები განხილული არ იყო დოკუმენტებში. ამიტომაც გამაკვირვა „პანორამა თბილისის“ ავტორების არჩევანმა, დოკუმენტის მომზადება მიენდოთ „გამა კონსლატინგისთვის.“ ქართველმა საზოგადოებამ კარგად იცის, რაც დამართა "დარიალჰესს" შარშან დატრალებულმა სტიქიურმა უბედურებამ. ამიტომაც ვერავინ იტყვის, რომ ჩვენ უბრალოდ არ მოგვწონს „გამა კონსალტინგი.“ ვიწუნებთ მის მიერ ცუდად გაკეთებულ საქმეს, რასაც ფაქტები მოწმობს. „გამა კონსალტინგის“ შეფასებებმა ვერ გაამართლა ძალიან ბევრ შემთხვევაში. თუნდაც „ფარავანჰესთან“ დაკავშირებით, რის გამოც ჩვენ მივმართეთ ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის (ეს ორგანიზაცია აფინანსებდა მშენებლობას) პროექტის შესაბამისობის მექანიზმს, გადაეხედათ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტისთვის. შედეგად დადასტურდა, რომ მთელი რიგი ფონური კვლევები არ იყო ჩატარებული. ანალოგიური პრობლემის გამო შევიტანეთ სარჩელი „დარიალჰესთან“ დაკავშირებით, ასეთივე სარჩელი მზადდება ხულოს ჰესზე. თუ გარემოს დამცველების პრეტენზიები არ იქნება გათვალისწინებული „გამა კონსალტინგთან“ დაკავშირებით, პრაქტიკაც ცხადყოფს, რომ ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული არასრულფასოვანი კვლევები წამგებიანია ბიზნესისთვის.

-  საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სასტუმრო არ მიეკუთვნება გარემოზე ზემოქმედების მაღალრისკიან პროექტებს, ამიტომ გარემოზე ზემოქმედების ანგარიში არ მოეთხოვება პროექტის ავტორს. „პანორამა თბილისის“ ავტორებს არც კი ევალებოდათ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მომზადება.

- მნიშვნელოვანი საკითხია კანონის ასე ფორმულირება როდის, როგორ და რატომ მოხდა, თუმცა, ეს ცალკე თემაა. რაც შეეხება "პანორამა თბილისს", გარემოს დაცვის ანგარიშის მომზადება ფაქტობრივად ინვესტორის კეთილი ნებაა, მაგრამ თავის მხრივ კვლევა ვერ გვაძლევს დეტალურ წარმოდგენას იმაზე, თუ რა ზემოქმედება შეიძლება მოახდინოს პროექტმა გარემოზე. არადა, გადაჭრით შეიძლება თქმა, „პანორამა თბილისი“ პრობლემატური იქნება გარემოს დაცვის თვალსაზრისით. როგორც მშენებლობის, ისე ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ, გაზრდილი სატრანსპორტო ნაკადები კიდევ უფრო დაამძიმებს მდგომარეობას სოლოლაკში და ზოგადად მთაწმინდის რაიონში, სადაც ისედაც დაბინძურებულია ჰაერი. ამიტომაც არ შეიძლება ასეთი მრავალფუქნციური დაწესებულების ჩადგმა ქალაქის ცენტრში.

- ვარაუდობენ, რომ კოჯრის დამატებითი გზის მშენებლობა გამორიცხავს სატრანსპორტო ნაკადების გაზრდას.

- ლაპარაკია კრწანისის გზის შესაძლო რემონტსა და ახალი დამაკავშირებელი ქუჩების მშენებლობაზე, რაც „პანორამა თბილისის“ ავტორების აზრით, მოხსნის კოჯრის გზაზე არსებულ დატვირთვას. ეს არის პროექტში აღწერილი პოტენციური გეგმა, რომელიც უნდა შეასრულოს თბილისის მერიამ, ოღონდ არავინ იცის როდის. ამასთან, ახალი ქუჩების გაჭრა არ იწვევს თავისთავად სატრასნპორტო ნაკადების შემცირებას და ამის ბევრი მაგალითი გვაქვს თბილისშიც. სატრანსპორტო ნაკადებს ამცირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის უკეთესი ფუნქციონირება და ფუნქციური დაწესებულებების გატანა უკვე გადატვირთული ცენტრიდან. ახალი ცენტრების დამატება გარემოზე ნამდვილად ვერ იმოქმედებს პოზიტიურად. სხვათა შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტშიც აღნიშნავენ, რომ ამ რაიონში, სადაც სურთ ააშენონ "პანორამა თბილისი", არანაირი სამრეწველო გამონაბოლქვი არ არის, ძირითად პრობლემას წარმოადგენს ავტომობილების გამონაბოლქვიო?! ე.ი. აღიარებენ, მაგრამ არ ითვალისწინებენ რეალობას.

- იქნებ გამწვანების ზოლებით აპირებენ ვითარების დაბალანსებას?

- გამწვნებაა ის, რამაც მყარი ეკოსისტემა უნდა შექმნას და ერთი ხელის მოსმით არ ყალიბდება, ამას დრო სჭირდება. ამასთან, დაბინძურებული ჰაერის პირობებში ძალიან ძნელია გამწვანების გახარება. ალბათ შეეცდებიან ობიექტის ტერიტორიაზე ლამაზი ვიზუალი, ბაღი ან რამე მსგავსი შექმნან, მაგრამ დიდი განსხვავებაა ლამაზ ბაღსა და ეკოსისტემას შორის, რომელიც გვაძლევს სუფთა ჰაერს. ამასთან აღსანიშნავია, რომ პანორამა თბილისის რენდერებზე ბაღი, ტყე ან რამე მსგავსი კი არა, უცნაურად დარგული ბუჩქები ჩანს, რასაც საერთო არაფერი აქვს ეკოსისტემასთან.

ეს არის მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი იმ პრობლემებისა, რასაც "პანორამა თბილისი" შექმნის. "გამა კონსალტინგის" დასკვნა კი არასრულფასოვანია.

ეკა ლომიძე