ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად მიღებული ზარალი წლიურად 518 მილიარდ დოლარს აღემატება

დღევანდელი მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევები 2012 წელთან შედარებით სამწუხაროდ, თითქმის 30%-ით გაიზარდა.

მაგალითისთვის: თუ 2012 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა 2016 იყო, 2014 წლის ბოლო მონაცემებით ეს მაჩვენებელი 2557-მდეა გაზრდილი. შესაბამისად, გაზრდილია ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებული და გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი, 2012 წელი - 2876 დაშვებული, 2014 წელს - 3675 დაშავებული.

საქართველოს ისტორიაში ყველაზე მეტი - 2 808 ავტოსაგზაო შემთხვევა 2008 წელს დაფიქსირდა. 2008 წლის შემდეგ ავტოსაგზაო შემთხვევებმა საქართველოში საგრძნობლად იკლო. 2012 წელს 1995 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. ამის მიზეზად შეგვიძლია ჩავთვალოთ ბოლო წლებში გამკაცრებული სანქციები, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის გატარებული რეფორმები, უსაფრთხოების ღვედების გამოყენება და სხვა. თუმცა სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ 2012 წლის შემდეგ ავტოსაგზაო შემთხვევების მაჩვენებელი მზარდია.

სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, ყოველწლიურად მსოფლიოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 1.2 მილიონი ადამიანი იღუპება, ხოლო 50 მილიონი ადამიანი იღებს ფიზიკურ დაზიანებებს. ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად მიღებული ზარალი წლიურად 518 მილიარდ დოლარს აღემატება.

ავტოსაგზაო შემთხვევების ძირითადი გამომწვევი მიზეზებია: 70% - მძღოლის დაუდევრობა, მძღოლის ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა და სხვადასხვა მოძრაობის წესების დარღვევა; 20% - გაუმართავი ინფრასტრუქტურა, დაზიანებული გზის სავალი ნაწილი, საგზაო ნიშნები და სხვა; 10% კი ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობა, უამინდობა და სხვა გარემო პირობები.

2012 წლის შემდეგ საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევი მიზეზებიდან ყველაზე დიდი წილი, 70% მძღოლის დაუდევრობასა და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე მოდის. დაუდევარი და არაკეთილსინდისიერი მძღოლების მხრიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე უნდა აღკვეთოს საპატრულო პოლიციამ. თუმცა სამწუხაროდ, საპატრულო პოლიციამ დღესდღეობით დაკარგა ის ავტორიტეტი, რაც გასულ წლებში ჰქონდა და ამის დამამტკიცებლად რამდენიმე ხნის წინ მედიასაშუალებებით გავრცელებული კადრების მოყვანაც კმარა, სადაც ნაჩვენები იყო თუ როგორ ექცევა დამრღვევი მოქალაქე/მძღოლი საპატრულო პოლიციის თანამშრომელს. სამწუხაროდ, არაკეთილსინდისიერი მოქალაქის დასჯის ნაცვლად, სამსახურიდან იქნა გათავისუფლებული თავად პოლიციის თანამშრომელი.

სიტუაციას უაღრესად ამძიმებს ფაქტი, რომ ამას უკვე აქვს სისტემური ხასიათი, რაც პირდაპირ აისახება საპატრულო პოლიციის რეიტინგზე და ავტორიტეტზე, მსგავსი ქმედებები ახალისებს არაკეთილსინდისიერ მოქალაქეებს/მძღოლებს და უბიძგებს მათ დაარღვიონ საქართველოს კანონმდებლობა, ამ შემთხვევაში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის სახით. ეს პროცესი ჯერ კიდევ 2012 წლის შემოდგომაზე დაიწყო, როცა მთელმა საქართველომ იხილა თუ როგორ აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას პოლიტიკური სტატუსის მქონე ყოფილი პატიმარი პოლიციის თანამშრომელს და რჩებოდა დაუსჯელი, უკეთეს შემთხვევაში კი - ჯარიმდებოდა 100 ლარით. სამწუხაროდ, ბოლო ორი წელია მიზანმიმართულად მიმდინარეობს ძალოვანი უწყებების დისკრედიტაცია, რაც პირდაპირ აისახება მათ რეიტინგსა და ავტორიტეტზე. შედეგად კი გაზრდილ ავტოსაგზაო შემთხვევებთან ერთად, მივიღეთ ასევე გაზრდილი კრიმინალი, რაც პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან.

ასევე ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად სახელდება გაუმართავი ინფრასტრუქტურა. ამ კუთხითაც ბოლო რამდენიმე წელია სიტუაცია გაუარესდა. შეუიარაღებელი თვალითაც შესამჩნევია, თუ როგორ არის გამოსული მწყობრიდან საავტომობილო გზის საფარი თბილისსა და რეგიონებში, მოსაწესრიგებელია საგზაო ნიშნები და სხვა ტექნიკური ნაწილი.

დღეს, სამწუხაროდ, ქვეყნის სატრანსპორტო სისტემა სერიოზული კრიზისისა და გამოწვევის წინაშე დგას და ეს ყველაზე მეტად საავტომობილო ტრანსპორტზე აისახება. ბოლო 2 წელში ავტოსაგზაო შემთხვევების 30%-ით გაზრდა კატასტროფული მაჩვენებელია. უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ ტენდენცია მზარდია.

აუცილებელია ხელისუფლების მხრიდან ანტიკრიზისული გეგმის შემუშავება და ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რათა მომავალში მოხდეს ავტოსაგზაო შემთხვევების მაქსიმალურად შემცირება, რამაც შესაძლოა გადაარჩინოს ასობით ადამიანის სიცოცხლე.

ვასო ურუშაძე, კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციატივა"