”სააფთიაქო ნარკომანიის პრობლემას ჯანდაცვა ბოლომდე ვერ აღმოფხვრის”

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში კადრების ან თანამშრომელთა ხელფასების შემცირება არ იგეგმება

„ქამრების მოჭერის“ პოლიტიკის განხორციელების პროცესში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში კადრების ან თანამშრომელთა ხელფასების შემცირება არ იგეგმება. მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, იგეგმება ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება. ამის შესახებ მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. 15-20%-ით გაძვირებული მედიკამენტები, შრომითი ინსპექტირების დეპარტამენტის როლი შრომითი პირობების უსაფრთხოების თვალსაზრისით და როდის შემოვა საქართველოში ახალი მედიკამენტი C ჰეპატიტით დაავადებულთა სამკურნალოდ - ეს იყო ის ძირითადი საკითხები, რომლის შესახებ დღეს მინისტრმა ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, ბოლო მონაცემებით, 500-მდე დასახელების მედიკამენტზე ფასი 15-20%-ით გაძვირდა: “სამწუხაროდ, მედიკამენტებზე ფასები სტაბილური არ არის. გუშინდელი მონაცემებით, 15 ათასი საბაზო დასახელებიდან, 500-მდე დასახელების მედიკამენტზე ფასმა 15-20%-ით მოიმატა. ზოგადად, მედიკამენტები იაფდება, ძვირდება... თუმცა, ჩვენ ფასებზე მონიტორინგს ვაწარმოებთ და გვაქვს სამოქმედო გეგმა. ჯერჯერობით, ვაკვირდებით ამ პროცესს.“

რამდენიმე დღის წინ სამინისტროში ახალი დეპარტამენტი დაფუძნდა. მინისტრ დავით სერგეენკოს თქმით, შრომითი ინსპექტირების დეპარტამენტი ნახევარი წლის განმავლობაში მოამზადებს კადრებს, რომლებიც საწარმოებში ვიზიტებს განახორციელებენ. მასთან საუბარი სწორედ ამ სიახლით დავიწყეთ.

- რა იქნება შრომითი ინსპექციის მთავრი ამოცანა? მხოლოდ საწარმოების შემოწმებით შემოიფარგლება? მის კომპეტენციაში შედის თუ არა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებული სახელშეკრულებო პირობების შემოწმება, კონკრეტულად რამდენად ზუსტად სრულდება ის? მოგეხსენებათ, ხშირად დასაქმებულებს საკმაოდ კაბალურ პირობებში უწევთ მუშაობა, შრომითი ხელშეკრულებები შრომის კოდექსის მოთხოვნებს არ პასუხობს.

- შრომითი ინსპექციის მთავარი ამოცანაა, არ იყოს ტრეფიკინგისა და უკანონო ექსპლუატაციის შემთხვევები; გარემო პირობებისა და სამუშაო პირობების უსაფრთხოების შემოწმება და უზრუნველყოფა. მაგალითად, მშენებლობებზე დაცულია თუ არა უსაფრთოხების ნორმები, ახურავს თუ არა მუშას ჩაფხუტი, სპეციალური დამცავი ფეხსაცმელი თუ აცვია. რაც შეეხება შრომით ხელშეკრულებებს, სანამ დასაქმებული ხელს მოაწერს, კარგად უნდა გაეცნოს, რამდენად სწორად არის ხელშეკრულება შედგენილი. ალბათ, ამ შემთხვევაში შრომითი ინსპექცია მათ გარკვეულ კონსულტაციებს გაუწევს.

- სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების დაცვა ახსენეთ, ამის კონტროლი მერიის ზედამხედველობის სამსახურს ევალება. როგორ ფიქრობთ, შრომის ინსპექცია და მერია ერთობლივად იმუშავებენ?

- რაც შეეხება შრომის ინსპექციას, მათ მოვალეობებში შედის ასევე სამშენებლო ობიექტებზე ვიზიტი. ერთ ობიექტზე ვიზიტის ხანგრძლივობა ერთ დღეს გასტანს. ვიზუალურად მთავარი კრიტიკული ფაქტორის აღმოჩენა პირველივე ვიზიტზე შესაძლებელია. პირველ ეტაპზე შრომის ინსპექტორები ხარვეზის გამოსასწორებლად მათ რეკომენდაციას მისცემენ. რაც შეეხება მერიას, სიმართლე გითხრათ, მათ წესდებაში ნაკლებად ვარ ჩახედული.

- რაც შეეხება c ჰეპატიტის სამკურნალო ახალ მედიკამენტს - სოფოსბუვირს, როგორც განაცხადეთ, მომწოდებელ ფირმასთან ხელშეკრულებას ხელი აპრილის ბოლოს მოეწერება. რა ეღირება სოფოსბუვირი? ეს პრეპარატი საკმაოდ ძვირი ღირს. აშშ-მა ეგვპიტეს საკამოდ დაბალ ფასში მიჰყიდა, ხოლო ინდოეთს მედიკამენტის წარმოების უფლება მისცეს, ოღონდ სხვა ქვეყნებში ვერ გაყიდის. ჩვენს შემთხვევაში როგორ იქნება?

- მაპატიეთ, მაგრამ ხელშეკრულების ხელმოწერამდე არ მაქვს იმის დასახელების უფლება, რა ეღირება საქართველოში ეს მედიკამენტი. გაცნობებთ, რომ თვით სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვისაც კი ეს მედიკამენტი ხელმისაწვდომი იქნება. ეგვიპტესთან შედარებით, საგრძნობლად იაფი ეღირება.

- რა ბედი ელის შიდსის ცენტრს? ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორია გასხვისებულია, მედპერსონალი და პაციენტები საკმაოდ ცუდ პირობებში არიან...

- ეს გულსატკენი პრობლემაა, იქაურობას მეპატრონე ჰყავს, რომელსაც თავისი საინვესტიციო გეგმები აქვს. ჩვენ 2 წლის განმავლობაში იჯარის თანხას ვუხდიდით, რომ შიდსის და ინფექციური საავადმყოფოს ფუნქციონირება შეუფერხებლად გაგრძელდეს. თუმცა სხვა გეგმები აქვს მფლობელს, რომელიც რეკონსტრუქციის განხორციელებას აპირებს. ალერტანტიული ფართი, სადაც შიდსის ცენტრი უნდა გადავიდეს, ყოფილი კარდიოლოგიის ინსტიტუტია, თუმცა, იქ სოციალურად დაუცველები არიან შეჭრილები. ძალიან რთული სიტუაციაა, ისინი არ გამოდიან. შესაძლოა შიდსის ცენტრი რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობაში მოვიაზროთ, როცა რესპუბლიკურის რეკონსტრუქცია დასრულდება.

- რაც შეეხება სააფთიაქო ნარკომანიას - მართალია, რეცეპტებით მედიკამენტის შეძენა წინგადადგმული ნაბიჯი იყო, მაგრამ დღემდე კერძო აფთიაქებში შესაძლებელია ფსიქოტროპული მედიკამენტების შეძენა...

- გასულ წლამდე სააფთიაქო ნარკომანია სისტემური პრობლემა იყო. ალბათ, ყველას გინახავთ რიგები აფთიაქებში, მაგრამ იმ ცვლილებების მერე, რაც განვახორციელეთ, ეს პრობლემა მინიმუმამდეა დაყვანილი. საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს იმის მოლოდინი, რომ იყო ღამე და გახდა დღე. ჯანდაცვა ამ პრობლემას ბოლომდე ვერ აღმოფხვრის, ჯანდაცვას შეუძლია ზიანის შემცირება. „კრაკადილი“ თუ სხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, რომელმაც მინიმუმ ორი თაობა შეიწირა, 99%-ით შემცირებულია. ეს პრობლემა ვერც ერთ ქვეყანაში სრულად ვერ აღმოიფხვრება.

სალომე გოგოხია