„ნიკორას“ სტიპენდიატების ტური საწარმოში - კომპანიამ კვების ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს უმასპინძლა

ხორცპროდუქტების მწარმოებელი უმსხვილესი ქართული კომპანია „ნიკორა“ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კვების ტექნოლოგიების სტუდენტებისთვის სტიპენდიის გაცემას აგრძელებს. წარმატებული სტუდენტები ყოველთვიურ სტიპენდიას რამდენიმე წელია იღებენ. ამჯერად კი კომპანიამ სტიპენდიატებს საწარმოში ტური მოუწყო, მათთვის სპეციალური დეგუსტაციაც გამართა და საშუალება მისცა პროფესიულად შეეფასებინათ პროდუქციის საგემოვნო პარამეტრები.

საწარმოში სტუდენტებს „ნიკორას“ ტექნოლოგები დახვდნენ და დეტალურად აუხსნეს, როგორ მიმდინარეობს ხორცის დამუშავების პროცესი. სტუდენტებისთვის ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ისინი საწარმოს ესტუმრნენ და უნივერსიტეტში ნასწავლი თეორია რეალობაში საკუთარი თვალით ნახეს. სწორედ ამიტომ ვიზიტი მათთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. ტექნოლოგებმა სტუმრების კითხვებსაც უპასუხეს და პროდუქციის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებასა და დახვეწაზე ისაუბრეს.

337307070-1863812933977197-1003207442880681236-n-1679991572.jpg

მერიკო ქირია, მეოთხე კურსის სტუდენტი: „ჩვენთვის, სტუდენტებისთვის, მხარდაჭერა და დახმარება, რომელსაც ასეთი მსხვილი სასურსათო მწარმოებელი იჩენს, ძალიან მნიშვნელოვანია. „ნიკორას“ სემესტრული სტიპენდია ჩემთვის დიდი მოტივაციაა. ახლა კი ჩვენთვის სპეციალური ტური საწარმოში და ტექნოლოგიური პროცესების ადგილზე გაცნობა ძალიან საინტერესოა. ბევრი ახალი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ, რაც პირადად ჩემი სამომავლო კარიერის გადაწყვეტაში დიდ როლს შეასრულებს. აქამდე არ ვიცოდი, რომ ხორცის წარმოება ასეთი მრავალფეროვანი პროცესი იყო და თითოეულ პროდუქტს განსხვავებული მიდგომა სჭირდება. წარმოების პროცესის გაცნობის შემდეგ უკვე სხვაგვარად დავაკვირდი ხორცპროდუქტებსაც. მნიშვნელოვანი დღე იყო ჩემთვის. ტექნოლოგობაზე ყოველთვის ვფიქრობდი, თუმცა ახლა ხორცის წარმოებამ კიდევ უფრო დამაინტერესა.“

336640811-981556956066613-7403809310238361841-n-1679991643.jpg

მარიამ ზეინკლიშვილი, მეოთხე კურსის სტუდენტი: „ძალიან საინტერესო ტური მოგვიწყვეს სტუდენტებს საწარმოში. სხვადასხვა პროდუქტის წარმოების პროცესს გავეცანით უშუალოდ ადგილზე. მეოთხე კურსის სტუდენტი ვარ და წარმოების პროცესი თეორიულად შესწავლილი მაქვს. პროცესის ადგილზე გაცნობა, ყველაფრის ნახვა და პრაქტიკაში გამოცდა კი ახალი გამოცდილებაა ჩემთვის. ინფორმაცია, რომელიც დღეს მივიღე, მომავლის განსაზღვრაშიც დამეხმარება, კერძოდ კვების ტექნოლოგიის რა მიმართულება ავირჩიო. ზოგადად, „ნიკორას“ პროდუქციის მომხმარებელი ვარ და მომწონს მათი ნაწარმი. ახლა უკვე ადგილზე მაქვს ნანახი, როგორ მზადდება ეს ყველაფერი. გარდა ამისა, პირადად მე, მეორე წელია „ნიკორას“ სტიპენდიატი ვარ, რასაც ძალიან ვაფასებ, რადგან ეს სტიმულს მაძლევს არ მოვდუნდე და სწავლის ხარისხი არ დავაგდო“.

სანდრო ამირანაშვილი, მესამე კურსის სტუდენტი: „ეს ჩემი პირველი ვიზიტია საწარმოში. თეორიულად ვიცოდი, მაგრამ ახლა უფრო დავრწმუნდი, რამდენად რთული პროცესია წარმოება. ძალიან ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი. პროცესები ძალიან კარგად არის გამართული და აწყობილი. მივხვდი იმასაც, რომ ტექნოლოგობა მარტივი არ არის. საწარმოში მუშაობის გამოცდილება აუცილებელია ტექნოლოგობისთვის. პრაქტიკა, რომელიც მე დღეს მივიღე, ბევრ ლექციაზე უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ვისურვებდი, ასეთი ვიზიტები სტუდენტებისთვის ხშირი იყოს. ეს კარიერის განსაზღვრასა და უკეთეს სპეციალისტებად ჩამოყალიბებაში დაგვეხმარება. ერთი მხრივ, სტიპენდია და მეორე მხრივ, მსგავსი აქტივობები ძალიან დასაფასებელია“.

336649350-1678413705950248-2513748610637856227-n-1679991677.jpg

სალომე ჩერქეზიშვილი, მესამე კურსის სტუდენტი: „საწარმოში პირველად ვიყავი და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არ ვიცოდი, თუ ასეთი მასშტაბური და კომპლექსური პროცესი იყო ხორცპროდუქტების წარმოება. „ნიკორა“ მრავალფეროვან პროდუქციას აწარმოებს და ადგილზე ვნახეთ, როგორ განსხვავდება თითოეულის საწარმოო პროცესი. ჩემი თავი სამომავლოდ ტექნოლოგად წარმომიდგენია და მოხარული ვარ, რომ დღეს გავიცანი ტექნოლოგები, რომლებიც პრაქტიკულ საქმიანობას ეწევიან. ზოგადად, ძალიან დასაფასებელია ფაქტი, რომ ქვეყანაში არსებობს ხორცპროდუქტების ასეთი მასშტაბური საწარმო და ის ზრუნავს როგორც ბაზრის განვითარებაზე, ისე სტუდენტების მოტივაციაზე და მომავალი ტექნოლოგების ჩამოყალიბებაზე.“

337339208-1279604802653567-7065614536440451617-n-1679991729.jpg

„ნიკორა“ წარმატებულ სტუდენტებს სემესტრულ სტიპენდიას აკადემიური მოსწრების შესაბამისად უნიშნავს. კომპანიაში განმარტავენ, რომ სტუდენტების ფინანსურ მოტივირებას მომავალშიც გააგრძელებენ.

NS