„საქართველოს ზამთრის კურორტები დაბალმხარჯველ ტურისტზე არ არის გათვლილი - ძვირია მომსახურება“

„პოლონეთიდან ტურისტების ზრდა გვაქვს“, - ამის შესახებ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ „გამყვანი ტურიზმის ასოციაციის“ თანადამფუძნებელი და „კლარკ რობინსის“ აღმასრულებელი დირექტორი მამუკა კელაურაძე აცხადებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში პოლონეთიდან საქართველოს 11 734 ტურისტი ეწვია, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 10 122. მონაცემები აჩვენებს, რომ საანგარიშო პერიოდში პოლონეთიდან ტურისტების რაოდენობა 15.9%-ით არის გაზრდილი.

„პოლონეთიდან ტურისტების ზრდა გვაქვს. გასაკვირი არ არის იმიტომ, რომ პოლონეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი იყო ყოველთვის ტურიზმის სექტორში. ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოგზაური ერია ევროკავშირის მასშტაბით“, - აღნიშნავს კელაურაძე.

მისივე განმარტებით, პოლონელები მაღალმხარჯველი ტურისტები არ არიან. ისინი ძირითადად, ეკონომ კლასის სასტუმროებსა და მომსახურებას ანიჭებენ უპირატესობას.

„პოლონელები ძირითადად არიან ეკონომ კლასის ტურისტები, უმეტესად დადიან 3-ვარსკვლავიან სასტუმროებში, იშვიათად ირჩევენ 4-ვარსკვლავიანს“, - ამბობს კელაურაძე.

გამყვანი ტურიზმის ასოციაციის თანადამფუძნებელი ამბობს, რომ საქართველოში არსებული ზამთრის კურორტები დაბალმხარჯველ ტურისტზე არ არის გათვლილი. ზამთრის კურორტებზე ძვირია როგორც ინფრასტრუქტურა, ასევე საბაგირო და სხვა მომსახურებები.

„ზამთრის კურორტებზე ეკონომ კლასის ტურისტი ვერ შემოვა, ძვირია ინფრასტრუქტურაც, მოქალაქესაც დიდი ხარჯები აქვს, თუნდაც საბაგიროებზე, კვებასა და სხვებზე. მაგალითად, გუდაურში 3-ვარსკვლავიან სასტუმროს ვერ ნახავ, სულ 5-ვარსკვლავიანებია, იშვიათად კი ოთხიანი“, - აღნიშნა კელაურაძემ.

ცნობისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2024 წლის პირველ კვარტალში მაღალმხარჯველი ტურისტული ბაზრებიდან ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა.

მერი ტაბატაძე