ვინ არის დამნაშავე, ანუ აფეთქებული უპასუხისმგებლობა - რატომ არსებობდა ტრაგედიის განმეორების საფრთხე

"გადაწყდა, რომ ეკონომია აბონენტების უსაფრთხოებაზე გაკეთებულიყო, შედეგად კი მივიღეთ ის, რაც მივიღეთ"

ბოლო 3 წელიწადში თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო 86 კაცი დაიღუპა. მხოლოდ ბოლო 3 თვეში გაზის გაჟონვით გამოწვეულ აფეთქებას 6 მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვია. 15 ნოემბერს ზემო ფონიჭალაში აფეთქების მიზეზი, რომელმაც 21 წლის სოფო ყაველაშვილი და მისი 9 თვის ვაჟი შეიწირა, დადგენილი ჯერაც არ არის, შესაბამისად, არც პასუხისმგებელი პირი გამოკვეთილა. გამოძიება დაიწყო 16 იანვარს დიდ დიღომში აფეთქების ფაქტზეც...

რატომ ჟონავს გაზი თბილისში, ვინ არის პასუხისმგებელი უსაფრთხოებაზე და რამდენად მაღალია გაზის გაჟონვის გამო ფატალური შემთხვევების საფრთხე? - პასუხების გაცემას ამ პუბლიკაციაში შევეცდებით.

რატომ არსებობდა ტრაგედიის განმეორების საფრთხე

ზემო ფონიჭალის ტრაგედიის შემდეგ, სადაც მაშველები დედა-შვილს 7 საათს ეძებდნენ, "კვირის პალიტრა" გაზის უსაფრთხოების ექსპერტზე დაყრდნობით 3 თვის წინ წერდა, რომ ქალაქი, ფაქტობრივად, ნაღმზე ზის და თუ კომპანიები უსაფრთხო გაზმომარაგებას არ უზრუნველყოფდნენ, აფეთქებები კვლავ მოხდებოდა. "ქალაქში გაზგაყვანილობის მიწისქვეშა ქსელები დაფხავებულია და გაზი ჟონავს. მინდა გავაფრთხილო მოსახლეობა: არასდროს დაგმანონ ყველა ფანჯარა და კარი. თუ სახლში ჰაერი­ არ შემოდის, დიდ საფრთხეს უქმნით თავს. თვით გაზი მომწამვლელი არ არის, მომწამვლელია და კლავს წვის პროდუქტი, გამონაბოლქვი. ამიტომ, თუ სარკმელი ოდნავ მაინც გაქვთ გამოღებული, ის არც აფეთქდება და არც მოგწამლავთ. აფეთქება შესაძლოა გამოიწვიოს დახურულ შენობაში როგორც მიწისქვეშა, ისე გაზის ხელსაწყოდან გაჟონვამ. სადღაც ახლოს შესაძლოა მიწისქვეშა გაჟონვა იყოს და გაჰყვეს ტელეფონის კაბელს ან კანალიზაციის მილს, დაგროვდეს, მაგალითად, ტუალეტში... თუ გაზს საკმარისი ოდორიზაცია არა აქვს, საეჭვოს ვერაფერს იგრძნობთ, აანთებთ შუქს და ტუალეტში დაგროვილი გაზი აფეთქდება".

სამწუხაროდ, პროგნოზი გამარ­თლდა. 1-ლ დეკემბერს სოფელ დიღომში სახლი აფეთქდა გაზის გაჟონვის გამო. არადა, ამ სახლში ბუნებრივი აირი არც იყო შეყვანილი. სპეციალისტების განმარტებით, გაზის დაგროვების მიზეზი, სავარაუდოდ, მიწისქვეშა გაზგაყვანილობის დაზიანებული ქსელია და გამონაჟონი აირი საკომუნიკაციო ან საკანალიზაციო გზებით დაგროვდა მშენებარე სახლში. საბედნიეროდ, მასში ჯერ არავინ ცხოვრობდა და მსხვერპლს გადავურჩით, მაგრამ მინები ჩაიმსხვრა მეზობელ სახლში და 2 კაცი დაშავდა.

16 იანვარს კი ბუნებრივი აირის გაჟონვა კვლავ გახდა აფეთქების მიზეზი.

"დღეს გაზით მთელი ქალაქი რომ ააფეთქო, პასუხს ვერავინ მოგთხოვს"!

ავთანდილის ქუჩა #8-ის მობინადრე­ებმა სადარბაზოში გაზის სუნი იგრ­ძნეს და "ყაზტრანსგაზის" ცხელ ხაზზე დარეკეს. "ყაზტრანსგაზის" თანამშრომლებმა მოსახლეობა დაამშვიდეს, რომ სუნი საღებავის იყო და ბუნებრივი აირის სუნში ეშლებოდათ, მათი წასვლიდან რამდენიმე საათში კი ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა...

სოსო სიმონიშვილი, "ყაზტრანსგაზ თბილისის" დირექტორის ყოფილი მოადგილე:

"თუ მეზობლების, თვითმხილველების მოწოდებული ინფორმაციით ვიმსჯელებთ, ბინა, სადაც, სავარაუდოდ, გაზი დაგროვდა და აფეთქება მოხდა, აფეთქებამდე რამდენიმე საათს დაკეტილი იყო. რადგან ლაპარაკია მე-6 სართულზე არსებულ ბინაზე, დიდი ალბათობით, გაზის გაჟონვა მოხდა შიდა გაყვანილობიდან ან ბინაში არსებული ხელსაწყოდან. თუმცა ეს არ გამორიცხავს იმასაც, რომ თუ კორპუსში გაზის გაყვანილობის მიწისქვეშა ქსელი არსებობს, თეორიულად არსებობდა ალბათობა, გაზის მიწისქვეშა გაჟონვა მომხდარიყო. შემდეგ გაზი შესაძლოა გაჰყვეს ტელეფონის კაბელებს, კანალიზაციას და ამ გზით ნებისმიერი სართულის ბინებში დაგროვდეს. რადგან სუნმა მობინადრეები შეაწუხა, არ გამოვრიცხავ, რომ ეს შესაძლოა დაკეტილი ბინიდან გამოსული გაზის სუნი კი არ იყო, არამედ კანალიზაციას მოჰყვებოდა, რაც მას კიდევ უფრო ამძაფრებდა, ანუ მეთანის სუნს კანალიზაციის სუნიც ერთვოდა.

მხოლოდ ერთ ბინაში აფეთქება ვერ გამოიწვევდა ყველა სართულზე ლიფტის კარის გამონგრევას. იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება დაადგენს, რომ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების არა ერთი, არამედ ორი კერა იყო, დივერსიის ვერსიაც არ უნდა გამოვრიცხოთ.

ძნელი წარმოსადგენია, რომ დეტექტორმა­ გაზის გაჟონვა ვერ აღმოაჩინა იქ, სადაც რამდენიმე საათში დამანგრეველი აფეთქება მოხდა. "ყაზტრანსგაზის" განცხადებაში დასახელებული ხელსაწყო, რომლითაც გამოძახებაზე მისული თანამშრომლები იყვნენ აღჭურვილი, მოძველებულია, მაგრამ მუშაობს. თუმცა დაკეტილ ბინაში ასეთ ხელსაწყოს გაჟონვის კერის აღმოჩენა გაუჭირდებოდა. "გაზსერვერები" კარგად მუშაობს ასფალტიან ზედაპირზე, მინდორში, იატაკზე გაზის კერის ძიებისას, მაგრამ არა ღია სივრცეში. ამასთან, გაზის შესაძლო გაჟონვის ადგილას ეს აპარატი რამდენიმე წუთით მაინც უნდა გააჩერო, თუ გინდა, რომ სიგნალი მოგცეს. შესაბამისად, ამ აპარატით გაჟონვის კერის ან ჰაერში გაზის კონცენტრაციის განსაზღვრა გაუჭირდებოდათ.

"ყაზტრანსგაზს" ბევრად უკეთესი აპარატურა აქვს, მათ შორის ლაზერული ხელსაწყოები, რომლებითაც დაკეტილ ბინაშიც კი შეეძლოთ გაზის კონცენტრაციის მაღალი მაჩვენებლის დაფიქსირება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში გაზის გაჟონვის აღმოსაჩენად "გაზსერვერის" გამოყენება არ იყო საკმარისი. არა მგონია, რომ თანამშრომლების გადასაწყვეტი იყოს, კონკრეტულად რა ხელსაწყო უნდა გამოიყენონ გამოძახების დროს. თუმცა, როცა მოსახლეობა შეშფოთებულია და საფრთხე აშკარაა, ინსტრუქციების მიხედვით, მაშინვე მთლიანად უნდა გადაკეტო საცხოვრებელ კორპუსში გაზის მიწოდება, მოახდინო მოსახლეობის ევაკუაცია და შემდეგ გამოიკვლიო კერა.

2008 წელს, როცა გაზგამანაწილებელი­ კომპანია "ნაცმოძრაობამ", ფაქტობრივად, ხელში ჩაიგდო და იქ დროებითი მმართველი შეიყვანა, კანონში ცვლილებები შეიტანეს, ტექნიკური რეგლამენტი შეცვალეს, რითაც კომპანიას პასუხისმგებლობის ტვირთი, ფაქტობრივად, მოხსნეს.

თუ მანამდე კომპანიის ყველა ნაბიჯი იყო გაწერილი, თვისა თუ წლის განმავლობაში გაზის ქსელზე მონიტორინგი როგორ და რა სიხშირით უნდა ჩატარებულიყო, ახლა ქალაქიც რომ ააფეთქონ მთლიანად, პასუხს ვერავის მოსთხოვ! ამიტომაც გაზის გაჟონვის გამო მომხდარ ფაქტებზე გამოძიება ბოლომდე ვერ მივიდა.

თუმცა ამ ბოლო შემთხვევაში განსხვავებული ვითარება გვქონდა, რადგან გამოძახებაზე მისული იყვნენ "ყაზტრანსგაზის" თანამშრომლები. მაგრამ ჯოხი მხოლოდ ამ ადამიანებზე არ უნდა გადავტეხოთ."ეს არ არის მხოლოდ "ყაზტრანსგაზის" რიგითი თანამშრომლების დანაშაული, ეს სისტემური "ფეხებზემკიდიაობის" შედეგია, რომლის კვალი მსხვილ ბიზნესმენებამდე და მაღალჩინოსნებამდე მიდის..." ისევ უნდა გაუმკაცრდეს მოთხოვნები გაზმომარაგების კომპანიას, რათა მას მეტი პასუხისმგებლობა გაუჩნდეს, მათ შორის, უკვე არსებული გაზგაყვანილობის ქსელის მოვლასა და მის რეაბილიტაციაზე.იცით, რატომ შეუცვალეს თავის დროზე ამ კომპანიას ტექნიკური რეგლამენტი? ეკონომია აბონენტებიდან ფულის ამოღებაზე ვერ გაკეთდებოდა, ამიტომ გადაწყდა, რომ ეკონომია აბონენტების უსაფრთხოებაზე გაკეთებულიყო... ასეთი ქსელის ექსპლუატაცია, რომლითაც დღეს ჩვენი ქალაქი მარაგდება, დაუშვებელია.

ზოგან კატასტროფულ მდგომარეობაშია გაზგაყვანილობის ქსელი და რკინის მილებს კედლებიც კი აღარ აქვს შერჩენილი, მიწამ მიიღო მილის ფორმა და არის ადგილები, სადაც სწორედ მილის ფორმის მიწაში გადის გაზი.

ათწლეულებია უკვე ამის გამო ქალაქს გაზი ძალიან დაბალი წნევით მიეწოდება. წნევას რომ მოუმატონ, ხომ დაგლიჯა ყველგან დაჟანგული მილები. არადა, ასეთი დაბალი წნევით გაზმომარაგებაც ძალიან სარისკოა. თუ ასეთი წნევის პირობებში ერთმა მეზობელმა ჩართო აირღუმელი, მოგვიანებით კი მეორემ უფრო ძლიერი გაზის ხელსაწყო, პირველ ხელსაწყოს შესაძლოა გაზის მიწოდება შეუწყდეს. შემდეგ, როცა მეორე მეზობელი გამორთავს ხელსაწყოს, პირველთან გაზმომარაგება აღდგება, მაგრამ აირღუმელი უკვე ჩამქრალი იქნება და გაზი წვის გარეშე მოედინება... ასეთ დროს "ყაზტრანსგაზის" ინჟინერმა გაზის წნევას რომ მოუმატოს, მილები ვერ გაუძლებს.

თბილისი აუცილებლად დარჩება გაზმომარაგების გარეშე, წლეულს თუ არა, მომავალ ზამთარს მაინც, ხოლო მსხვერპლი და ზარალი კიდევ უფრო გაიზრდება, თუ ამ პრობლემებს თვალს არ გავუსწორებთ".

საინტერესო დეტალები, რომლებიც ჩვენ გავარკვიეთ

სპეციალისტების მსგავსად, მობინადრე­ებსაც აეჭვებთ აფეთქების ძალა, რომელმაც ლიფტის შახტში მე-9 სართულზე გაჩერებული კაბინა მოგლიჯა. ლევან დავლაძე, რომლის ცხედარიც აფეთქების შემდეგ მაშველებმა კორპუსის ეზოში იპოვეს, იმ საღამოს მეგობრის ბინაში ავიდა. ბინის პატრონი შინ დილიდან არ იმყოფებოდა და იმ საღამოს დავლაძესთან ერთად ქუთაისში აპირებდა გამგზავრებას. წასვლამდე ლევანისთვის უთხოვია, მის ბინაში ასულიყო და ენახა, გამორთული იყო თუ არა ენერგიის ყველა წყარო. ლევანს ბინის პატრონი ქვემოთ, მანქანაში ელოდებოდა. ლიფტში დავლაძეს მეზობელი მამაკაცი დაემგზავრა. დავლაძე მეექვსე სართულზე გამოვიდა ლიფტიდან, ხოლო მისმა თანამგზავრმა როგორც კი დატოვა მეცხრე სართულზე ლიფტი, შახტში მომხდარმა აფეთქებამ კაბინა მთლიანად მოწყვიტა. მობინადრეებს ეს უჩენს ეჭვს, რომ თუ აფეთქების კერა დავლაძის მეგობრის ბინა იყო, რომელიც მეექვსე სართულზეა, რატომ მოწყდა ლიფტის კაბინა, რომელიც იმ დროს მეცხრე სართულზე იყო გაჩერებული. ამიტომაც არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა აფეთქება ლიფტის შახტშიც მომხდარიყო, ანუ აფეთქების ორი კერა არსებობდა...(?!)

ამ კორპუსში, ძირითადად, ერთმანეთის ნათესავი და მეგობარი ოჯახები ცხოვრობენ, მათ შორის უმეტესობა მშენებელია. იმასაც ამბობენ, რომ მშენებლებმა ეს ბინა, ფაქტობრივად, თავისთვის აიშენეს, ამიტომ ყველა დეტალს, მათ შორის უსაფრთხოების ნორმების დაცვას, დიდი გულისყურით ეკიდებოდნენ. იმ საბედისწერო დღეს ქეიფი ჰქონიათ გადაწყვეტილი მეხუთე სართულზე ერთ-ერთ ბინაში, მაგრამ ისეთი მძაფრი გაზის სუნი იდგა, რომ სახლში ვერ გაჩერდნენ. არადა, მანამდე მეზობლებს ერთხელ უკვე გამოუძახებიათ "ყაზტრანსგაზის" შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები. მობინადრეების, თვითმხილველების თქმით, მათ ვერაფერი შეუნიშნავთ საეჭვო და წასულან. მეორედ "ყაზტრანსგაზში" თავად იმ სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელმა დარეკა. მობინადრეების თქმით, "ყაზტრანსგაზის" თანამშრომლებმა მეორე ჯერზეც ძალიან ზედაპირულად დაათვალიერეს საცხოვრებელი კორპუსი, მეცხრე სართულზე ასვლაც დაეზარათ და ამის გამო შეკამათებაც კი მოუვიდათ მობინადრეებთან. საღამოს კი მეზობლები მეხუთე სართულზე ოჯახში მიუსხდნენ თუ არა სუფრას, აფეთქების ხმაც გაისმა.

კომპანიის ხელმძღვანელი პოლიციაში სამჯერ დაიბარეს

ალექსანდრე კობაიძე, სამშენებლო კომპანია "ელ ჯგუფის" დამფუძნებლის, გრიგოლ ჭანტურიას ადვოკატი:"ჩემი დაცვის პირი უკვე სამჯერ დაიბარეს პოლიციაში გამოკითხვაზე და სცადეს, მასზე გადამტყდარიყო ჯოხი. იმის ხელზე დახვევა უნდოდათ, რომ კორპუსი ექსპლუატაციაში არ არის შესული. რომ არა ეს აფეთქება, უკვე მეორე დღეს შევიდოდა ექსპლუატაციაში, რადგან ფასადის ფერის გამო იყო დახარვეზებული, რაც მალევე გამოსწორდა. "ყაზტრანსგაზი" არ აპირებს პასუხისმგებლობის აღებასა და დაზარალებულების დაკმაყოფილებას. სათითაოდ დავითვლით, რა მატერიალური ზარალი მიადგათ მობინადრეებს. რაც შეეხება მორალურ ზიანს, 70-მდე ოჯახი დააზარალა ამ ტრაგედიამ. ძალიან ბევრს ჯანმრთელობა შეერყა. სტრესის გამო ბავშვებს ძილი აღარ აქვთ".

წყარო: „კვირის პალიტრა"

ემა ტუხიაშვილი
დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს
„თუ „ყაზტრანსგაზის" წარმომადგენლებმა საფრთხის წყარო ვერ აღმოაჩინეს, ეს ან არაპროფესიონალიზმია, ან საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულება"
„შენობის ექსპლუატაციაში მიღებისას, ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოების შემოწმება მუნიციპალური ინსპექციისა და მერიის კომპეტენციაში არ შედის"