რამდენიმე  ადამიანს ქონება იძულების წესით ჩამოერთმევა

500 კვ ქვესადგური ,,ლაჯანური 500“-ის პროექტის გამო რამდენიმე ადამიანის უძრავი ქონება ექსპროპრიაციას (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით ან მის გარეშე) დაექვემდებარება.

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ახორციელებს ,,ლაჯანური 500“-ის ქვესადგურის მშენებლობის პროექტს, რომლის განხორციელებაც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის გამოტანას და შესაბამისად ელექტრონულ ქსელში მის ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.

როგორც ეკონომიკის მინისტრის ბრძანებაშია აღნიშნული, პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად გაზრდის რეგიონის ენერგომომარაგების სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და აამაღლებს რეგიონის ენერგეტიკული სისტემის მდგრადობას. შესაბამისად, პროექტს გააჩნია სახელმწიფოებრივი და სოციალური დატვირთვა და მის წარმატებით განხორციელებას მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოს ენერგოსისტემის პერსპექტიული განვითარებისა და გაძლიერებისათვის.

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანას დასავლეთით, ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის მიმდებარედ, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე. პროექტის ფარგლებში მოექცა და ექსპროპრიაციას დაექვემდებარება ალპანაში აკაკი ფრუიძის, ლილი ფრუიძის, მარიეტა ფრუიძის და ნანა ფრუიძის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. საუბარია, 1 033 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ ნარგავებზე.

„დასახელებულ პირებს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ წერილობით ეცნობათ განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცათ პროექტისათვის საჭირო მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც მათ უარი განაცხადეს,“-აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებაში.

თაია არდოტელი