„ჩემ ფერმერულ მეურნეობას ვყიდი!“ - მოგიყვებით როგორ შეიძლება წარმატებული ადამიანი ერთ დღეს გახდეს წარუმატებელი“

„ჩემ ფერმერულ მეურნეობას ვყიდი!“ - ამის შესახებ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

„ბიზნესპრესნიუსი“ ზამბახიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„აქამდე ჩემი წარმატების ისტორია იცოდით. ახლა კი, მოგიყვებით როგორ შეიძლება წარმატებული ადამიანი - ერთ დღეს წარუმატებელი გახდეს! 8 წელი ახალციხეში ვიცხოვრე იმ იდეით, რომ ხარისხიანი პროდუქტი მეწარმოებინა, გრანტებიც მოვიგე და საქართველოს რეალობისთვის დიდი ფერმერული მეურნეობის მეპატრონეც გავხდი. ბევრი გამოწვევა იყო ..

მახსოვს 2010 წელს მოგებულ ტენდერზე გაფორმებული ხელშეკრულება როგორ შემიწყვიტეს და ასობით ათასი ვალი როგორ დაგვედო კომპანიაში, მაგრამ რაც არ გკლავს გაძლიერებს პრინციპით გავიტანეთ თავი. დაიწყო ახალი ერა - სოფლის მეურნეობის აყვავების, ამ პერიოდში ფერმა დავხურეთ, ძროხები ბრუცელოზით დაავადდა. რატომ? - ამაზე პასუხი არ მაქვს. ბევრი მიზეზი დასახელდა და დაკვლა მოგვიწია, აქაც ასობით ათასი ვალი დავიდეთ, ეხლაც მოგებული ტენდერი წავაგეთ!

ასე რომ ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო, ყველაფერს - რასაც შევწირე თავი, რის გამოც სოფელში გადავედი საცხოვრებლად და შვილები ფაქტობრივად დედის გარეშე დავტოვე, რასაც შეეწირა ჩემი ოჯახი, ანუ ჩემს ფერმერულ მეურნეობას ვყიდი!

ჰო, კიდევ, ეს კომპანია ჩემი რომ არ ყოფილიყო, ამ ამბებს ფერმერთა ასოციაცია ასე არ დატოვებდა, მაგრამ ახლა ინტერესთა კონფლიქტია.

P. S რაც შეეხება ფერმერთა ასოციაციას, მერწმუნეთ, კიდევ უფრო გავაძლიერებ!,“-წერს ზამბახიძე.

თაია არდოტელი