„სათამაშო ბიზნესი უცხოელი ინვესტორების შემოყვანით პოზიციების გამყარებას ცდილობს“  - აფბა „აჭარაბეთის“ წილის გასხვისებაზე

„სათამაშო ბიზნესი უცხოელი ინვესტორების შემოყვანით პოზიციების გამყარებას ცდილობს“ , - ასე ეხმაურება "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ანალიტიკოსი ზურაბ კუკულაძე ირლანდიური კომპანიის მიერ „აჭარაბეთის“ 51%-იანი წილის შეძენას.

როგორც ცნობილია, საქართველოს აზარტული თამაშების ბაზრის უმსხვილესი მოთამაშის "აჭარაბეთის" 51%-იანი წილი, მსოფლიოს წამყვანი ონლაინ თამაშების კომპანიამ - Paddy Power Betfair (PPB) 116 მილიონ ევროდ შეიძინა. აჭარაბეთის მფლობელები აცხადებენ, რომ გაფორმებული ხელშეკრულება მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანაში ლონდონის საფონდო ბირჟაზე მყოფი 5 მილიარდი ბრიტანული ფუნტის კაპიტალიზაციის მქონე კომპანია შემოვიდა.

რაც შეეხება PPB ჯგუფის პოზიციას, კომპანიაში მიიჩნევენ, რომ მიღწეული შეთანხმება სრულად ერგება მათ სტრატეგიას, რაც „ონლაინ სათამაშო ბაზარზე წამყვანი პოზიციების მოპოვებას გულისხმობს“. ამასთან, კომპანია გამოთქვამს სურვილს, რომ მომავალი სამი წილს განმავლობაში აჭარაბეთის დარჩენილი 49%-იანი წილიც შეისყიდოს.

როგორც independent.ie წერს, ქართული აზარტული თამაშების კომპანიამ წილის გაყიდვით 351 მილიონამდე ლარი გამოიმუშავა. გარდა ამისა, გამოცემა აღნიშნავს, რომ „აჭარაბეთზე“ აზარტული თამაშების ონლაინ-ბაზრის საერთო შემოსავლის დაახლოებით, 40% მოდის. Buisness Irish-ის მონაცემებით კი, 2018 წელს "აჭარაბეთის" შემოსავალი 215 მილიონი ლარი, ხოლო საოპერაციო მოგება 68 მილიონი ლარი იყო.

ცნობისთვის, "აჭარაბეთი" ფლობს ვებგვერდ adjarabet.am-ს, რომლითაც საქართველოს გარდა, სომხეთის ბაზარზეც ოპერირებს. მასზე სომხეთის ონლაინ-გემბლინგის ბაზრის 10% მოდის.

აღსანიშნავია ისიც, რომ ხელისუფლების გადაწვეტილებით, უკვე 6 წელზე მეტია აზარტული თამაშების შეზღუდვაზე მიდის მსჯელობა, რაც „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას გულისხმობს. თუმცა კანონპროექტი ამ დრომდე „თაროზეა შემოდებული“.

სპეციალისტები სწორედ აღნიშნულ რეგულაციებს ასახელებენ აჭარაბეთის მიერ 51%-იანი წლის გასხვისების მიზეზად. როგორც "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ანალიტიკოსი ზურაბ კუკულაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, საქართველოში ადგილობრივი ბიზნესისთვის რეგულაციების დაწესება გაცილებით მარტივია, ვიდრე უცხოელ ინვესტორებისთვის. შესაბამისად, სათამაშო ბიზნესი ამ გზით ბაზარზე პოზიციებს მაქსიმალურად იმყარებს.

„ზოგადად, ნებისმიერ საქმიანობაში ახალი ინვესტიციის მოზიდვა ძალიან კარგია, თუმცა ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ისეთ ბიზნესთან, რომელსაც რეალურად ინვესტიცია არ სჭირდება და ამასთან, ის ყველა ქვეყანაში ფესვგადგმული და წარმატებულია, სადაც რეგულაციები არ არსებობს.

თუ „აჭარაბეთი“ ან რომელიმე სათამაშო ბიზნესკომპანია საკუთარ საქმიანობაში უცხოური ინვესტიციის შემოტანას გეგმავს, ეს უფრო მგონია მანიპულირება, რადგან ჩვენს ქვეყანაში გაცილებით ადვილია ადგილობრივ ბიზნესს გარკვეული რეგულაციები დაუწესო, ვიდრე საერთაშორისო ინვესტორს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ისინი უბრალოდ საკუთარ არასასარგებლო საქმიანობას იცავენ გარკვეული რეგუალაციებისგან. თუ ის კანონპროექტი, რომელიც მომზადებულია, ძალაში შევა (მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზით, საკმაოდ სუსტია), აზარტული თამაშების მომწყობი კომპანიებისგან აუცილებლად მოისმენთ გარკვეულ განცხადებებს, რომ ქვეყანაში უცხოურ ინვესტიციებს კლავენ და ა.შ. სინამდვილეში ჩვენთან ინვესტიციების გაგებაც არასწორია, რადგან ინვესტიცია მაშინ არის სასარგებლო, როდესაც ის რაღაცას ქმნის. ამ შემთხვევაში არაფერი შეიქმნება, მხოლოდ ნეგატიური შედეგები გაიზრდება“,-აცხადებს ზურა კუკულაძე.

მისი თქმით, აზარტული თამაშები მომხმარებლის წაგებაზე ორიენტირებული საქმინობაა. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ ამ ბიზნესში უცხოური ინვესტიცია შემოდის, მხოლოდ ერთგვარი მარკეტინგული სვლაა, ვიდრე საქართველოს ეკონომიკისთვის რაიმე პოზიტიური შედეგის მომტანი.

„პირდაპირ გეტყვით, რაც უფრო ძლიერი იქნება აზარტული თამაშების მომწყობი კომპანია, მით უფრო სუსტი იქნება ეკონომიკა, რადგან აზარტული თამაშები რეალურად უზრუნველყოფს იმას, რომ ის ფული, რომელიც ეკონომიკიდან გადის, იკარგება. მაშინ, როცა ეს ფული უნდა იხარჯებოდეს სამომხმარებლო ბაზარზე, სურსათის, ტექნიკის და ა.შ. თუ ეს ფული წავიდოდა პირობითად, ტექნიკის ბაზარზე, ტექნიკის კომპანია უფრო მეტ გადასახადს გადაიხდიდა, მეტ ადამიანს დაასაქმებდა და ა.შ. ხოლო, როდესაც ეს ფული მიდის აზარტული თამაშების მომწყობთა ჯიბეში, ამით ეკონომიკას არაფერი ემატება, რადგან ეს ფული კვდება.

გარდა ამისა, ამ საქმიანობაზე მოთხოვნის გაზრდა არ ნიშნავს, მეტი ადამიანის დასაქმებას, რადგან თამაშის მოწყობა ელექტრონულად ხდება. რაც შეეხება გადასახადების გადახდას, ჩვენთან ასეთი კომპანიების შეღავათებით სარგებლობენ, იხდიან ერთჯერად მოსაკრებელს, შესაბამისად, მათი მოგების გაზრდით, ეკონომიკას და ბიუჯეტს არაფერი ემატება“,-აცხადებს ზურა კუკულაძე.

ნინი ქეთელაური