თბილისი საკრებულოს წევრები, რომლებიც ბიზნესიდან მოდიან

დედაქალაქის საკრებულოში სულ 50 დეპუტატია, რომელთაგან 9 ბიზნეს-სექტორიდან მოდის. მათგან 8 „ქართული ოცნების“ დეპუტატია, 1 კი ოპოზიციის.

აღსანიშნავია ისიც, რომ დეპუტატების ნაწილს ბიზნეს-საქმიანობასთან კავშირი დღემდე არ გაუწყვეტია.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ დეპუტატების სიას, რომელთა სახელიც ბიზნეს-სექტორს უკავშირდება.

თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ფრაქცია ''ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის '' წევრია. მისი სამუშაო გამოცდილება ძირითადად სახელმწიფო უწყებას უკავშირდება. თუმცა მანამდე, ბიზნეს სექტორში იყო დასაქმებული. კერძოდ, 1998-2000 წლებში - საქართველო-ამერიკის ერთობლივი საწარმოს "ჩალას-ვაინსი" მენეჯერის პოსტს იკავებდა. ხოლო 2006 -2008 - შ.პ.ს. "ვეტპრეპარატის" დირექტორი იყო.

დავით უჯმაჯურიძე - დეპუტატი ''ქართული ოცნებიდან“, 2017 წლიდან დღემდე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა, მანამდე კი, ბიზნეს საქმიანობით ორჯერ იყო დაკავებული. კერძოდ, 2008-2017 და 1996-2003 წლებში. აღსანიშნავია, რომ ბიზნეს საქმიანობის შეწყვეტის მიზეზი 2004 წელს VI მოწვევის პარლამენტის წევრობა, ხოლო 2017 წელს თბილსის საკრებულოს წევრობა გახდა.

გიორგი მუსხელიშვილი „ქართული ოცნების“ დეპუტატია, რომელიც თბილისის საკრებულოს წევრი სხვადასხვა პერიოდში იყო. ამასთან, 2008-2009 წელებში შ.პ.ს. „ბოლექს ჯორჯიას“ დირექტორი და დამფუძნებელი გახლდათ. აღნიშნული კომპანია მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე გირავნობა/ლიზინგის უფლებით იყო აღჭურვილი, თუმცა გაკოტრდა. გიორგი მუსხელიშვილი 2003-2006 წლებში შ.პ.ს. „ოვალის“ - დირექტორი და დამფუძნებელი იყო, 2002-2003 წლებში შ.პ.ს. „გ & ნ“ დირექტორი და დამფუძნებელი, ხოლო 2000 -2002 წლებში - შ.პ.ს. „აკო-ს“ გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი.

თემურ გორგაძე თბილისის საკრებულოს წევრი ასევე „ქართული ოცნებიდან“ გახდა. დეპუტატი 2008-2010 წლებში შ.პ.ს „ბრედ ჰაუსის“ დირექტორი იყო, 2005-2007 წლებში - შ.პ.ს „ჭაბუკა-ს“ დირექტორი, ხოლო 1999-2001 წლებში - შ.პ.ს „ბურჯის“ წარმოების უფროსი.

ასევე „ქართული ოცნების“ წევრი ლევან დავითაშვილი 2014 წლიდან სამშენებლო კომპანია „ოცნების სახლის“ დამფუძნებელია. 2004-2014 წლებში კი სუპერმარკეტების ქსელის ბიზნესით იყო დაკავებული.

ალექსანდრე ხუჯაძე - თბილისის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ გახდა. იგი 2016 წლიდან სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. ,,ეი იქს AX“ - აღმასრულებელი დირექტორია. 2003-2005 წლებში კი რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის რუზის რაიონში ფირმა ,,კოლოს“ მენეჯერი იყო.

საარჩევნო ბლოკი ''ქართული ოცნების“ წევრი ვახტანგ შაქარიშვილი 2012 წლიდან დღემდე - შპს „EXPRESS” -ის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსია. აღნიშნული კომპანიის 70%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა, ხოლო 30%-ს ოფშორში, კერძოდ, ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება ADPROJECTS INC ფლობს. აღნიშნულმა კომპანიამ 69 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 65%-ში გაიმარჯვა, 2% არ შედგა, 33% კი მიმდინარეა.

ლევან დარახველიძე დედაქალაქის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნების პროპორციული სიით გახდა. დეპუტატი 2004-2014 წლებში შ.პ.ს “გოლბის გენერალური დირექტორი იყო. ხოლო, 1998-2004 წლებში - შ.პ.ს. “პეანის” კომერციული დირექტორი.

ფრიდონ ინჯია თბილისის საკრებულოს წევრი ,,პატრიოტთა ალიანსის“ პროპორციული სიით გახდა. იგი 2003 წლიდან დღემდე შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ფოპტნეტის“ - სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. ეს უკანასკნელი კომპანია საქალაქთაშორისო, საერთაშორისო და სატრანზიტო სატელეკომუნიკაციო არხებით მომსახურებას ახორციელებს.

ნინი ქეთელაური