7 გამაოგნებელი ფაქტი რუსეთის ეკონომიკაზე

მეორე მსოფლიოს ომის დასრულების შემდეგ, საბჭოთა კავშირი ზესახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის კონკურენციის გაწევა იყო.

თუმცა მას შემდეგ, რაც 90-იან წლებში საბჭოთა კავშირი დაიშალა, რუსეთს თავისი ეკონომიკის გარდაქმნა მოუხდა. ამ გზაზე კი კომუნისტური სახელმწიფო მრავალი წინააღმდეგობისა და სირთულის წინაშე აღმოჩნდა. საბოლოო ჯამში კი მისი ეროვნული ვალუტა გაუფასურდა, მოსახლეობის რაოდენობამ - კლება, სიღარიბის მაჩვენებელმა კი მატება დაიწყო, - წერს BusinessInsider-ი.

წარმოგიდგენთ 7 გამაოგნებელ ფაქტს რუსეთის ეკონომიკაზე:

რუსეთი ყოველდღიურად 700 ადამიანს „კარგავს“

რუსეთის მოსახლეობა ყოველდღიურად დაახლოებით 700 ადამიანით მცირდება, რაც ყოველწლიურად 250 ათასზე მეტ ადამიანს შეადგენს - აღნიშნულ ინფორმაციას Eurasia Daily Monitor ავრცელებს. ზოგიერთ ქალაქში, მაგალითად, მურმანსკში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მოსახლეობის რაოდენობამ 30%-ით იკლო. მოსახლეობის რაოდენობის კლება ნაწილობრივ ერის დაბერებასთან, იმიგრაციის მატებასთან და ასევე ხელისუფლების წარუმატებლობასთან არის დაკავშირებული, გაეძლიერებინა ჯანდაცვისა და კვების რეგულაციები. ზოგიერთი ექსპერტი რუსეთში არსებულ ამ მდგომარეობას დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს უკავშირებს, რასაც პირდაპირი გავლენა აქვს რუსეთში სიღარიბის დონის მატებასა და ეკონომიკის არასტაბილურობასთან.

ნავთობი და ბუნებრივი აირი რუსული ექსპორტის 59%-ს შეადგენს

რუსეთი ნავთობით ნამდვილად განებივრებულია, სწორედ ამით არის გამოწვეული ის ფაქტი, რომ ქვეყნის ეკონომიკა დიდწილად სწორედ ბუნებრივ რესურსებზე არის დამოკიდებული. საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ცნობით, გასული წლის ბოლოსთვის რუსეთის მიერ ნავთობის მოპოვებამ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს, დღეში 11,16 მილიონი ბარელს მიაღწია. მხოლოდ 2017 წელს ბუნებრივი აირი რუსეთის მიერ ექსპორტზე გატანილი პროდუქციების 59%-ს და მთლიანი მოგების 25%-ს შეადგენდა.

რუსეთის მოსახლეობის 13%-ზე მეტი სიღარიბეში ცხოვრობს

კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა გასულ წელს პირობა დადო, რომ სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების რაოდენობას გაანახევრებდა, რაც მთლიანი მოსახლეობის 13%-ზე მეტს წარმოადგენს. ოფიციალური სახელმწიფო სტატისტიკა კი ცხადყოფს, რომ რუსეთის 19,3 მლნ მოქალაქე სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება. პუტინის გამოსვლაში ასევე საუბარი იყო 380 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციაზე, რომელიც რუსეთის ჯანდაცვის სისტემის, განათლების, ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის გაუმჯებესებას უნდა დათმობოდა გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად და იმისთვის, რომ ნაწილობრივ მაინც შეემცირებინა მოსახლეობის პერმანენტული კლება. ამის მიუხედავად, რუსეთში სიღარიბის მაჩვენებელმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 35%-ით მოიმატა.

რუსეთში 70-ზე მეტი მილიარდერია

რუსეთში ქონება უკიდურესად არათანაბრად არის გადანაწილებული. როგორც წესი, მოსკოვი ხშირად არის რეიტინგების თავში, როდესაც საქმე მილიარდერების რაოდენობას ეხება. ქვეყანაში ჯამში 70-ზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს. მათმა უმეტესობამ ქონება 1990-იან წლებში მოიხვეჭა, სწორედ იმ დროს, როდესაც კომუნისტურ ქვეყანაში კორუფცია ყვაოდა.

ოლიგარქებს ძალიან დიდი გავლენა აქვთ რუსეთის ხელისუფლებაზე და უკვე დაიწყეს ინვესტიციების დასავლეთის ქვეყნებში ჩადება, მათ შორის, სპორტის სფეროში.

უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში რუსეთის ეროვნული ვალუტა, რუბლი 50%-ით გაუფასურდა

რუსეთის ეკონომიკამ 2014-2017 წლებში მნიშვნელოვანი ფინანსური კრიზისი გადაიტანა, რის გამოც, ეროვნული ვალუტის ღირებულება ფაქტობრივად, განახევრდა. გასულ წელს რუსეთის ცენტრალური ბანკი ეროვნული ვალუტის გაუფასურებას, რომლის ღირებულება დოლართან მიმართებით 64,40 რუბლს შეადგენდა, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ სანქციებს აბრალებდა. 2013 წელს 1 დოლარის ღირებულება 33 რუბლი იყო. ეკონომიკური კრიზისი 2014 წელს ნავთობზე ფასების მკვეთრმა კლებამ და რუსეთზე დაწესებულმა საერთაშორისო სანქციებმა გამოიწვია, როდესაც მან უკრაინაში ინტერვენცია განახორციელა.

რუსეთში თვიური ანაზღაურება 670 დოლარს შეადგენს

რუსეთი მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით, პირველ ათეულში შედის, თუმცა ამის მიუხედავად, ქვეყანაში საშუალო თვიური ანაზღაურება 670 დოლარს - 42 413 რუბლს შეადგენს. აქვე უნდა ითქვას, რომ ის 2016 წლის შემდეგ, 50%-ით გაიზარდა - მაშინ საშუალო ხელფასი 437 დოლარს შეადგენდა. მაგრამ აქ ერთი ფაქტორი არ უნდა გამოგვრჩეს - 2013 წელს მოსახლეობას თანხის ერთი და იმავე მოცულობით 40%-ით მეტი პროდუქტისა და მომსახურების შეძენა შეეძლო, ვიდრე 2018 წელს.

რუსეთში მხოლოდ გასულ წელს 315 ათასი ტონა ასბესტი აწარმოეს

ასბესტი ქალაქ ასბესტის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქციაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნივთიერება ჯანმრთელობისთვის საშიშია, რუსეთში და კონკრეტულად ამ ქალაქში გასულ წელს მისი წარმოება კიდევ უფრო გაზარდეს. აღნიშნულ ინფორმაციას New York Times ავრცელებს. მხოლოდ გასულ წელს 315 ათასი ტონა ასბესტი აწარმოეს, მისი დიდი ნაწილი - 80% საზღვარგარეთ გაყიდეს, აქედან 67 ტონა ამერიკის შეერთებულ შტატებში. აღნიშნული ნივთიერება 60-ზე მეტ ქვეყანაშია აკრძალული.

მოამზადა სალომე აბულაშვილმა