კომპანია „მოცვი“ ექსპორტზე 60 ტონა პროდუქტის გატანას გეგმავს

ლურჯი მოცვის მწარმოებელი, შპს „მოცვი“ ექსპორტზე 60 ტონა პროდუქტის გატანას გეგმავს. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიის დამფუძნებელმა ზვიად მირიანაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, მოცვი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ივნისში გავა. რაც შეეხება ექსპორტიორებს, სავარაუდოდ, ეს იქნება როგორც ევროკავშირის წევრი, ისე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები.

ცნობისთვის, ევროპულ ბაზარზე გასვლას მიმდინარე წლის ივნისში მოცვის მწარმოებელი ოთხი ქართული კომპანია გეგმავს. კერძოდ, შპს „მოცვი“, შპს „ქართული მოცვი“ , შპს „ლურჯი ველი“ და შპს „ჯეობერი“.

ოთხივე კომპანიის პლანტაციები ოზურგეთის რაიონში 20 ჰექტარ ფართობზეა განთავსებული.

როგორც ზვიად მირიანაშვილი აცხადებს, ჯერჯერობით ექსპორტიორი სავარაუდო ქვეყნებია შერჩეული, კონკრეტული პირობები და მოცულობები კი, მოსავლის აღების პროცესში დაზუსტდება.

„გვინდა, რომ ჩვენი პროდუქტი ევროკავშირის ქვეყნებში გავიტანოთ. თუმცა, ექსპორტიორი შეიძლება იყოს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიც, რუსეთი, უკრაინა და ყაზახეთი. ყველა დეტალს ზუსტად ივნისში დავადგენთ, როდესაც მოსავალს ავიღებთ. დაახლოებით, 60 ტონა მოცვის ექსპორტს ვგეგმავთ“,-ამბობს ზვიად მირიანაშვილი.

რაც შეეხება ქართული მოცვის ტრანსპორტირებას, პროდუქციის ექსპორტი სატვირთო ავტომობილებით იგეგმება.

ნინი ქეთელაური