„ჭკვიან“ ბეჭედს გადახდის ფუნქცია წლის ბოლომდე დაემატება

ინოვაციურ ჭკვიან ბეჭედ „კნიკის“ საგადასახადო სისტემა ემატება.

მომხმარებელი წლის ბოლოდან უკვე „ჭკვიანი ბეჭედით“ ფულს პოს-ტერმინალით გადაიხდის, ამასთან, ბეჭედს გამოიყენებს ტრანსპორტით მგზავრობის დროსაც. გარდა ამისა, როგორც იდეის ავტორები აცხადებენ, „კნიკის“ საშუალებით ბანკომატიდან თანხის გამოტანაც იქნება შესაძლებელი.

როგორც „კნიკის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით კვიციანმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მათი მიზანია სამომავლოდ, რაც შეიძლება მეტი ბარათი და ბილეთი „კნიკის“ ბეჭედში გააერთიანონ.

„ბეჭედზე გადახდების ინტეგრაციის კუთხით დასასრულს ვუახლოვდებით. რაც შეეხება რეალიზაციას, ვფიქრობთ წლის ბოლოს იქნება შესაძლებელი. ახლა წინასწარ რეგისტრაცია დავიწყეთ და რეალიზაციის დაწყებისას მომხმარებელი 20%-იან ფასდაკლებას მიიღებს. გადახდა შესაძლებელი იქნება ტერმინალებში, ასევე სატრანსპორტო საშუალებებში და ამადროულად, ბანკომატებიდან თანხის განაღდებას შეძლებთ. ბეჭედს დატენვა არ სჭირდება არასდროს,“ - აღნიშნა კვიციანმა.

პირველი ქართული მაღალტექნოლოგიური აქსესუარი „კნიკის“ პირველი ვერსია ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა, რისი დახამრებითაც მომხმარებელს, საშუალება ჰქონდა ბეჭდით დაშვების ბარათი ჩაენაცვლებინა.

„ჩვენი ბეჭდის პირველი ვერსია იყიდება, თუმცა გადახდის ფუნქცია არ აქვს. ანუ არსებულ ვერსიას გადახდა ვერ დაემატება. მსურველს ახლის შეძენა მოუწევს. ბეჭდის პირველი ვერსიის დახმარებით შესაძლებელია ორგანიზაციაში დაშვების ბარათი შეცვალონ და ასევე ნებისმიერი ინფორმაცია ჩატვირთონ, ეს შეიძლება იყოს სავიზიტო მონაცემები.

ჩვენი ხედვა ისაა, რომ ერთ კომპაქტურ მოწყობილობაში რაც შეიძლება მეტი ბარათი გავაერთიანოთ და საბოლოოდ, ერთი სისტემა მივიღოთ. თუმცა ყველაფერი ეტაპობრივად დაემატება. ასევე სატესტო რეჟიმში გავაკეთეთ ბეჭდით კინოში შესვლის ფუნქცია. ასევე აღსანიშნავია რომ ბეჭედი წყალგამძლეა." - განაცხადა კვიციანმა

მისი თქმით, დაინტერესება ძალიან დიდია, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ. ბეჭედი ძირითადად „ამაზონზე“ იყიდება. რაც შეეხება ფასს, „ამაზონზე“ 60-70 დოლარი ღირს. საქართველოში კი „კნიკის“ ფასი 100-120 ლარია. მისივე განცხადებით, ახალ ვერსიაზე ფასი დიდად განსხვავებული არ იქნება.

ცნობისთვის, დავით კვიციანმა თავის გუნდთან ერთად 2017 წელს "სტარტაპ საქართველოს" მაღალტექნოლოგიური ბიზნესის იდეების კონკურსში მე-7 ადგილი დაიკავა და ჭკვიანი ბეჭდის შექმნისთვის 100 000 ლარიანი დაფინანსება მოიპოვა.

ლიკა ამირაშვილი