ლაშა პაპაშვილი - ევროვნული ბანკის პრეზიდენტის მხრიდან არის მზაობა, რომ რეგულაციები გადაიხედოს

„ჩვენ გვქონდა შეხვედრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან და არის მზაობა, რომ ამ რეგულაციებში მნიშვნელოვანი მომენტები გადაიხედოს“,-ამის შესახებ ბიზნესმენმა, „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელმა ლაშა პაპაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული რეგულაციები აუცილებლად გადასახედია, რათა არ დაზარალდეს მომხმარებელი, ისევე როგორც ბიზნესი და ეკონომიკა.

„თავიდან მე საბანკო რეგულაცების წინააღმდეგი არ ვიყავი. არ უნდა იყოს ასეთი ჭარბვალიანობა. ეს მართლა დიდი პრობლემაა არა მხოლოდ ისეთი განვითარებადი ქვეყნისთვის, როგორც ჩვენ ვართ, არამედ უფრო მომძლავრებული ქვეყნებისთვისაც. მაგრამ იქ ზღვარი არსებობს. ეს ძალიან ფაქიზი თემაა. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვქონდა შეხვედრა ევროვნული ბანკის პრეზიდენტთან და არის მზაობა, რომ ამ რეგულაციებში მნიშვნელოვანი მომენტები გადაიხედოს. მაგალითად, სტუდენტური სესხების დაფინანსება ვერ ხდება და ეს მაშინ, როდესაც ქვეყნის პრიორიტეტია განათლება.

გარდა ამისა, პრობლემები აქვთ არა მხოლოდ მშენებლებს, არამედ რითეილერებსაც და სწორედ ამისკენ იყო ეს შეხვედრა მიმართული, რომ რეგულიციები გადაიხედოს. ეს აუცილებელია, რათა არ დაზარალდეს არც მომხმარებელი, არც ბიზნესი და არც ეკონომიკა“,- აცხადებს ლაშა პაპაშვილი.

ბიზნესმენი კონკრეტულად მშენებლობის სექტორში რეგულაციების მომხრეა და ამას შემდეგნაირად ხსნის: „რაც შეეხება მშენებლობის ნაწილს, მე მაგ საკითხში მომხრე ვარ, რომ მოუჭირონ რეგულაციები და რაც შეიძლება ნაკლები მშენებლობა იყოს“.

ნინი ქეთელაური