კენკროვანი ხილი საქართველოსა და რუსეთის გარდა ყველგან გაიაფდა - როგორია პროდუქტის ღირებულება

გასულ კვირას, კენკროვანი ხილი საქართველოსა და რუსეთის გარდა, რეგიონის ყველა ქვეყანაში გაიაფდა. ამის შესახებ East fruit-ის მიერ განხორციელებულ, რეგიონის ბაზრის კვლევაშია ნათქვამი.

ამავე მონაცემების მიხედვით, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ბაღის მარწყვის სეზონი დასრულდა, მწარმოებლებმა პროდუქტი 20%-ით გააძვირეს. შესაბამისად, 1 კგ ბაღის მარწყვის ღირებულება საშუალოდ, 1,26 -3,39 დოლარამდე მერყეობდა. რაც შეეხება ჟოლოს, გასულ კვირის მდგომარეობით, 1 კგ პროდუქტი 1,83 დოლარი ღირდა. ხოლო წითელი მოცხარი - 2,56 დოლარი.

რუსეთში კენკროვანი ხილის ფასი მხოლოდ ქვეყნის დასავლეთ ნაწილში შემცირდა (14%-ით) და 1 კგ-ს ღირებულებამ საშუალოდ, 1,55- 2,32 დოლარი შეადგინა. თუმცა, რუსეთის ბაზარზე ჩრდილოეთის ტერიტორიიდან შეთავაზებული პროდუქტი ჭარბობდა, რომლის ფასმაც 2,79 დოლარს მიაწია. რაც შეეხება იმპორტირებულ პროდუქტს, საშუალოდ, 2,63 -4,18 დოლარამდე მერყეობდა.

აღსანიშნავია, რომ რეგიონის ქვეყნებს შორის, წითელი მოცხარის ფასი ყველაზე მეტად ტაჯიკეთსა და უზბეკეთში შემცირდა. ტაჯიკეთში პროდუქტი საშუალოდ, 1,27 – 1,38 დოლარი, ხოლო უზბეკეთში - 1,29 – 1,53 დოლარი ღირდა.

ნინი ქეთელაური