5 მიზეზი, რომლის გამოც მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში მხოლოდ ახალ საბურავებს იყენებენ

ახალი საბურავების ფასი მის სარგებელთან შედარებით, მინიმალურია. საბურავები ავტომობილის ერთადერთ ნაწილს წარმოადგენს, რომელსაც გზის საფართან აქვს შეხება. სხვა ავტონაწილები რამდენად გამართულადაც არ უნდა მუშაობდეს, კარგი საბურავის გარეშე უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

იმის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ საბურავს აქვს გზის საფართან კონტაქტი, მისი მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი და საჭიროებისამებრ გამოცვლა ჩვენივე უსაფრთხოებისთვის არის მნიშვნელოვანი.

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს საბურავი, რომ უსაფრთხოდ გვატაროს?

2018 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედებული ავტომობილების სავალდებული ტექდათვალიერების ტექნიკური რეგლამენტის თანახმად

დაუშვებელია დისკების დასამაგრებელი თუნდაც ერთი ჭანჭიკის ან ქანჩის არქონა ან მათი სუსტი მოჭერა;

დაუშვებელია საბურავის მკვეთარას შეცვლა სახშობით, საცობით ან სხვა მსგავსი სამარჯვით;

დაუშვებელია ერთ ღერძზე სხვადასხვა პროტექტორის მქონე საბურავების დაყენება;

საბურავებში ჰაერის წნევის კონტროლის სისტემა (არსებობის შემთხვევაში) გამართულად უნდა მუშაობდეს.

ფაქტობრივად, შეუძლებელია, ეს მინიმალური მოთხოვნები ახალმა საბურავებმა ვერ დააკმაყოფილოს და ჩვენი მგზავრობა კიდევ უფრო უსაფრთხო არ გახადოს. მიზეზი, რის გამოც ევროპაში მეორად საბურავებზე მოთხოვნა თითქმის არ არსებობს და მძღოლები ახალი საბურავების შეძენას ამჯობინებენ, პირველ რიგში უსაფრთხოება, დროისა და ხარჯების ეკონომია და ავტომობილის უკეთესი პერფორმანსია.

ახალ საბურავებზე მოთხოვნა საქართველოშიც იზრდება, რასაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიც ადასტურებს: 2019 წლის მდგომარეობით, ჯამში, 42 650 800 აშშ დოლარის ღირებულების რეზინის პნევმატური სალტეებისა და საბურავების იმპორტი განხორციელდა, როცა ამავე პერიოდში მხოლოდ 6 608 000 აშშ დოლარის ღირებულების აღდგენილი ან ნახმარი რეზინის პნევმატური სალტეები ან საბურავები შემოიტანეს.

უფრო მეტი თვალსაჩინეობისთვის, შეგვიძლია, გასული წლებს მონაცემებსაც გადავავლოთ თვალი: 2018 წელს 80 888 400 აშშ დოლარის ღირებულების ახალი რეზინის პნევმატური სალტეებისა და საბურავების იმპორტი განხორციელდა, როცა აღნიშნული ტიპის იმპორტირებული მეორადი პროდუქციის ღირებულებამ ჯამში 12 452 100 აშშ დოლარი შეადგინა.

2017 წელს კი სულ 71 925 100 აშშ დოლარის ღირებულების ახალი პროდუქცია შემოიტანეს, როცა მეორადის ჯამურმა ღირებულებამ 14 367 200 აშშ დოლარი შეადგინა.

ახალ საბურავებზე მოთხოვნის ზრდის მიზეზად ინფრასტრუქტურისა და საკანონმდებლო მოთხოვნების ცვლილება, უსაფრთხოდ მგზავრობასთან დაკავშირებით, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება შეიძლება ჩაითვალოს. ამასთან, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო დაადგა იმ განვითარებული ქვეყნების გზას, სადაც მეორად საბურავებს საერთოდ აღარ იყენებენ.

წარმოდგიდგენთ 5 მიზეზს, რამაც აღნიშნული ქვეყნების მოსახლეობა დაარწმუნა, ავტომობილისთვის მხოლოდ ახალი საბურავები შეიძინონ:

უსაფრთხოება

განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენი ავტომობილით ხშირად მგზავრობენ ბავშვები, მექანიზმის სწორად და გამართულად მუშაობას დიდ ყურადღებას ვაქცევთ. საბურავები ავტომობილის უსაფრთხოდ გადაადგილებაში უდიდეს როლს თამაშობს. თუ ყოველდღე დიდ დისტანციას ფარავთ, საბურავები განიცდის ცვეთას და გარკვეული პერიოდის შემდეგ უბრალოდ, ვეღარ გემსახურებათ ისე, როგორც მანამდე. ამ ფაქტის უგულებელყოფით კი საკუთარ თავსაც და მგზავრებსაც საფრთხის ქვეშ აყენებთ.

არასდროს არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ავტომობილის წონის მეოთხედის დაწოლა დაბურავებზე მოდის, რაც არ ისე მცირეა. ამიტომ საბურავებთან დაკავშირებით კომპრომისები არ შეიძლება და რეკომენდებულია, კარგად მოვლის შემთხვევაში ისინი 5 წელიწადში ერთხელ შეიცვალოს.

უკეთესი პერფორმანსი

მეორადი საბურავის გამოყენებისას სამუხრუჭე მანძილი იზრდება. რამდენად გამართულ და მწყობრში მყოფ ავტომობილსაც არ უნდა მართავდეთ, მეორადი საბურავის გამოყენებისას ამ რისკის ქვეშ ყოველთვის აღმოჩნდებით.

ზუსტი დანიშნულებით შერჩეული საბურავი - ეს არის ერთ-ერთი სარგებელი, რის გამოც განვითარებული ქვეყნების მოსახლეობა უპირატესობას ახალ საბურავებს ანიჭებს.

საბურავები თქვენი ავტომობილის შესაბამისი დანიშნულებით და სეზონის გათვალისწინებით უნდა შეარჩიოთ. გასათვალისწინებელია, რომ საბურავის ხარისხს განაპირობებს ის, თუ რამდენად ეჭიდება გზას, რამდენად ემორჩილება ის მძღოლის მართვის მანევრირებას, როგორ ხდება დამუხრუჭება.

რაც შეეხება სეზონურობის საკითხს, ზამთრის საბურავს უფრო მაღალი პროტექტორი და მეტი ბუნებრივი კაუჩუკის შემცველობა აქვს, ვიდრე ზაფხულისას, ამიტომ მისი სამუხრუჭე მანძილი დიდია. საბურავის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ ზამთრის საბურავის მაღალ ტემპერატურაზე ცვეთის კოეფიციენტი 2-3-ჯერ მაღალია, ვიდრე ზაფხულის, რაც ასევე ეკონომიკურად ზრდის ხარჯებს.

სანამ საბურავს შევარჩევთ საჭიროა გავარკვიოთ როგორ და რა პირობებში ინახებოდა იგი, რადგან საბურავი მაღალ ტემპერატურაზე, პირდაპირ მზის სხივების ქვეშ, წვიმაში ან თოვლში, ყოველგვარი დაცვის გარეშე არ უნდა იყოს მოთავსებული. ამ პირობების დარღვევა მის პერფორმანსს აქვეითებს.

ავტომობილის უკეთესი აჩქარება

ავტომობილის ამაჩქარებელი ძალის გამოყენება მაგისტრალზე გადაადგილებას უფრო სასიამოვნოს ხდის, უხარისხო საბურავმა კი შეიძლება, ყველაფერი გააფუჭოს.

ევროპის ქვეყნების მოქნილი და გამართული ინფრასტრუქტურა მეორადი საბურავის გამოყენებას ფაქტობრივად, გამორიცხავს. დროის დაზოგვისა და უსაფრთხოების მიზნით, მძღოლები, ახალი საბურავის შეძენას ამჯობინებენ, რათა მგზავრობისას კომპრომისები გამორიცხონ.

თანხის დაზოგვა

როგორც წესი, ახალი საბურავის შეძენა ეკონომიკურად უფრო გამართლებულია, ვიდრე მეორადის. შეიძლება, ერთი შეხედვით მეორადი საბურავი უფრო ხელმისაწვდომად მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში, არც იცით, რა ტიპისა და ხარისხის პროდუქციას ყიდულობთ, შესაბამისად, მარტივად შესაძლებელია, ფინანსური ზარალი ნახოთ.

როგორც აღვნიშნეთ, ახალი საბურავის ექსპლუატაციის ვადა დაახლოებით, 5 წელია, მეორადის შეძენისას კი არ ვიცით, რა პირობებში ინახებოდა, რა დაზიანება აქვს მიღებული და როგორ უვლიდნენ. ერთი შეხედვით „ნორმალური“ საბურავი შეიძლება, რამდენიმე თვეში გაგიფუჭდეთ, ამასობაში კი თქვენი და თქვენი მგზავრების უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებთ. საბურავების მოკლე დროში შეცვლა კი საბოლოო ჯამში, ახალი პროდუქციის შეძენაზე ძვირი გიჯდებათ.

ეს რისკები მსოფლიოს განვითარებულმა ქვეყნებმა უკვე გამოსცადეს, ამიტომ ფინანსების უკეთ მენეჯმენტის კუთხითაც, მეორად საბურავს იქ თითქმის არავინ შეიძენს.

ეკოლოგია

გარემოს დაბინძურების პირობებში, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიები პროდუქციის წარმოებისთვის ბიოდეგრადირებად, ნატურალურ ნივთიერებებს იყენებენ. მსგავსი მასალებით წარმოებული საბურავები უფრო გამძლე და ხარისხიანია, ნაკლები ცვეთა აქვს და ბუნებისთვის ნაკლებად დამაბინძურებელ მტვერს გამოყოფს. ამავდროულად, მისი გადამუშავება გარემოს ნაკლებ ზიანს აყენებს.

მსგავსი პროდუქციით სარგებელს იღებენ მომხმარებლებიც. ახალ საბურავს ნაკლები გორვის წინააღმდეგობა აქვს, რაც ნიშნავს რომ გადაადგილებისას შედარებით მცირე ოდენობით საწვავის მოიხმარს. ნაკლები საწვავის მოხმარება ნიშნავს ეკონომიას მძღოლისთვის და ბუნებაში ნაკლებ გამონაბოლქვს, რაც ორმაგად მომგებიანია როგორც მღძოლისთვის ასევე ეკოლოგიისთვის.