საქართველოს რომელ რეგიონებში შემცირდა სასტუმროების ფასი და რომლებში გაიზარდა?

მიუხედავად მოლოდინებისა, რომ წელს, ზაფხულის სეზონზე ტურისტების შემოდინება შემცირდებოდა, რაც საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითად აისახებოდა, ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის მე-2 კვარტალში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.2 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან შედარებით 13.4 პროცენტით მეტია.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ წელს, საქართველოში ტურისტული სეზონი სასტუმროების მფლობელებისთვის წამგებიანი არ უნდა ყოფილიყო.

ამ სტატისტიკური მონაცემების ფონზე საინტერესოა, ტურისტული ნაკადის ზრდა რამდენად აისახა სასტუმროების ფასებზე? „ბიზნესპრესნიუსმა“ გადაწყვიტა, ბიზნესპლატფორმა Hotelhub.ge-ს მიერ ბოლო 20 000 ტურისტის ვიზიტის საფუძველზე ჩატარებული ანალიზის შესაბამისად, საქართველოს 5 რეგიონში მდებარე სასტუმროებში ერთი ღამის ფასები შეადაროს. Hotelhub.ge ორი წელია, საერთაშორისო ტუროპერატორებს ქართული სასტუმროების ინდივიდუალურ და ჯგუფურ ჯავშნებს სთავაზობს. ამ პერიოდში დაკვირვების შედეგად კი ბიზნესპლატფორმამ ტურისტულ ბაზარზე მიმდინარე ტენდენციები დეტალურად შეისწავლა.

ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს თბილისი და ბათუმი წარმოადგენს. ამას მოსდევს კახეთი, სვანეთი და იმერეთი, უფრო კონკრეტულად, ქუთაისის ტერიტორია. Hutelhub.ge-ის ინფორმაციით, თბილისის სასტუმროებში ფასები 10-12 პროცენტით არის შემცირებული. ასევე, 10-პროცენტიანი კლება შეინიშნება ბათუმში, ხოლო კახეთში 5 პროცენტიანი.

ამავე სეზონზე, სასტუმროებში ფასები 5 პროცენტით გაიზარდა ქუთაისსა და სვანეთში.

ფასი ბაზარზე არსებული მოთხოვნის შესაბამისად განისაზღვრება. რა თქმა უნდა, ეს პასუხი სწორი და ადეკვატურია, თუმცა ბაზარზე არსებულ მოთხოვნასთან ერთად, ფასის წარმოქმნაზე ზეგავლენა შესაძლოა, სხვა ფაქტორებმაც მოახდინონ, მაგალითად, მოლოდინებმა. მიმდინარე სეზონზე ეკონომისტთა ნაწილი ვარაუდობდა, რომ საქართველოზე, როგორც ტურისტულ ქვეყანაზე მოთხოვნა შემცირდებოდა, რაც სასტუმროებსა და სხვა ტურისტულ ობიექტებში არსებულ ფასებზეც აისახებოდა. რაც უფრო მაღალია პროდუქტზე ან მომსახურებაზე მოთხოვნა, ფასიც იზრდება; ხოლო რაც უფრო მცირდება მოთხოვნა, ფასიც მცირდება. სავარაუდოდ, შექმნილმა მოლოდინებმა განაპირობა ის, რომ ტურისტებში ყველაზე პოპულარულ ქალაქებში თბილისსა და ბათუმში და ასევე, კახეთის რეგიონში, სადაც არაერთი მაღალი კლასის სასტუმრო მდებარეობს, ფასები 5-12 პროცენტით შემცირდა.

ამასთან, ერთ-ერთი მიზეზი, რითიც ქუთაისსა და სვანეთში მდებარე სასტუმროებში 5 პროცენტით გაზრდილი ფასები შეიძლება აიხსნას, გაზრდილი მოთხოვნაა.

ტურიზმის განვითარებასთან ერთად, სასტუმროების მიმართ ხარისხთან დაკავშირებული მოთხოვნა იზრდება. ბიზნესპლატფორმა Hotelhub.ge-ის მონაცემების მიხედვით, საქართველოში არსებულ სასტუმროებს შორის ყველაზე მაღალი მოთხოვნა 3-ვარსკვლავიან, 4-ვარსკვლავიან და 5-ვარსკვლავიან სასტუმროებზეა.

აღნიშნული ტენდენცია გვეუბნება, რომ მართალია, საქართველოში შემოსული ტურისტული ნაკადის უმეტესი ნაწილი მაღალმხარჯველი არ არის, მაღალი კლასის სასტუმროებზე მოთხოვნა მაინც მზარდია. მნიშვნელოვანია, ქვეყანას ბევრი მაღალმხარჯველი ტურისტი სტუმრობდეს და მაღალი კლასის სასტუმროებსა და მომსახურებაში ხარჯავდეს ფულს.

Hotelhub.ge-ის მიერ ბოლო 20 000 ტურისტის ვიზიტის საფუძველზე მიღებული მონაცემების თანახმად, დასავლეთ ევროპიდან შემოსული ტურისტები უფრო მეტად ანიჭებენ უპირატესობას 4 და 5-ვარსკვლავიან სასტუმროებს, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპიდან შემოსული ნაკადი.

უფრო კონკრეტულად, ესპანელი ტურისტები ღამეებს ძირითადად, 4 და 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში ატარებენ, იტალიიდან ჩამოსულები 4-ვარსკვლავიანში, ფრანგ ტურისტებში ძირითადად, 3 და 4-ვარსკვლავიანი სასტუმროებია პოპულარული, პოლონელებსა და ბალტიის ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტებში კი 3-ვარსკვლავიანი.

ის, რომ ინფრასტრუქტურის განვითარება ტურიზმის ზრდისთვის მნიშვნელოვანია, ამას ბიზნესპლატფორმა Hotelhub.ge-ის რეგიონებზე არსებულ მოთხოვნასთან დაკავშირებული მონაცემებით მოწმობს. სვანეთზე, თუშეთზე, კახეთსა და აჭარაზე წელს ყველაზე მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა. სვანეთზე მოთხოვნა ძირითადად, გერმანელი ტურისტების მხრიდან ტრეკინგზე ფიქსირდება, ხოლო თუშეთზე, რომელიც საკმაოდ რთული გზებით არის ცნობილი, ზოგადად, ევროპიდან ჩამოსული ტურისტების მხრიდან.

რაც შეეხება კახეთსა და აჭარას, ბოლო წლებია, აქ ტურისტული ინფრასქტრუქტურა აქტიურად ვითარდება, შენდება 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები, იზრდება რეგიონების ცნობადობა, უცხოურ სატელევიზიო ეთერებში ტრიალებს საქართველოს საიმიჯო ვიდეორგოლები, რაც საბოლოო ჯამში, პოზიტიური შედეგის მომტანია.