სექტორები, სადაც ქალები კაცებზე მეტს მუშაობენ - როგორია სამუშაო დროის ხანგრძლივობა სქესის მიხედვით

საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, სამუშაო დროის ხანგრძლივობა კვირაში 40 საათს შეადგენს, სპეციფიკურ სამუშაოებზე კი 48 საათს. თუმცა, ქართულ რეალობაში ამ წესის დაცვა ნაკლებად ხდება, რაზეც ოფიციალური სტატისტიკაც მიუთითებს.

კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, მაგალითად, მშენებლობაზე დასაქმებულები კვირაში 52 საათს მუშაობენ, სასტუმროებსა და რესტორნებში 55,6 საათს და ა.შ.

ამასთან, აღსანიშნავია, 2018 წელს გამოიკვეთა ორი სფერო, სადაც ქალები კაცებზე მეტს მუშაობენ. კერძოდ საუბარია ისეთ საქმიანობებზე, როგორიცაა: კომუნალური, სოციალური და პერსპონალური მომსახურების გაწევა და კერძო საოჯახო მეურნეობა დაქირავებული მომსახურებით. რაც შეეხება სხვა სფეროებს, კაცების სამუშაო დროის ხანგრძლივობა ქალებისას კვლავ აჭარბებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2018 წლის მონაცემებით, ქალებისა და მამაკაცების სამუშაო საათები, სფეროების მიხედვით, ასე გამოიყურება:

  • სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - ქალი - 25,8 საათი, მამაკაცი - 32,6 საათი
  • მრეწველობა - ქალი - 45,2 საათი, მამაკაცი - 48,2 საათი
  • მშენებლობა - ქალი - 48,2 საათი, მამაკაცი - 52 საათი
  • საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - ქალი - 48, 6 საათი, მამაკაცი - 49,7 საათი
  • სასტუმროები და რესტორნები - ქალი 51,3 საათი, მამაკაცი - 55,6 საათი
  • ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - ქალი 43,6 საათი, მამაკაცი - 48 საათი
  • საფინანსო საქმიანობა - ქალი 42,4 საათი, მამაკაცი - 44,1 საათი
  • ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა - ქალი - 40,2 საათი, მამაკაცი - 48, 9 საათი
  • სახელმწიფო მმართველობა - ქალი - 41,6 საათი, მამაკაცი - 50,5 საათი
  • განათლება - ქალი - 29 საათი, მამაკაცი - 34,4 საათი
  • ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება - ქალი 42 საათი, მამაკაცი - 44,5 საათი
  • კომუნალური, სოციალური და პერსპონალური მომსახურების გაწევა - ქალი 41,6 საათი, მამაკაცი - 41,3 საათი
  • კერძო საოჯახო მეურნეობა დაქირავებული მომსახურებით - ქალი - 53,9 საათი, მამაკაცი - 52 საათი
  • ექსტერიტორიული ორგანიზაციების საქმიანობა - ქალი 40,2 საათი, მამაკაცი -58,2 საათი

როგორც ცნობილია, სამუშაო კვირის ხანგრძლივობას საქართველოს შრომის კოდექსის მე-14 მუხლი არეგულირებს. ამ მუხლის თანახმად, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, ხოლო სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში, სადაც წარმოების/შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს, – კვირაში 48 საათს. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენებისა და დასვენების დრო.

ნინი ქეთელაური