რა თანხას ხარჯავს მოსახლეობა საკვებსა და კომუნალურებში

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 76% ამბობს, რომ ყველაზე მეტ თანხას საკვებში ხარჯავს. ამასთან, 48% ამბობს, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც კომუნალური გადასახადების დასაფარად საკმაირის თანხა არ ჰქონია.

საქართველოს მოსახლეობის ხარჯების 1/3-ზე მეტი ნამდვილად კვების ხარჯებზე მოდის. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, ერთ შინამეურნეობაზე მთლიანი ფულადი ხარჯები 736,5 ლარს შეადგენს, საიდანაც სურსათსა და სასმელებზე 275,6 ლარს ხარჯავს, რაც ფულადი ხარჯების 37,4%-ს შეადგენს.

რაც შეეხება კომუნალურ გადასახადებს, იქ მთლიანი ფულადი ხარჯების 13%-ია, ანუ თვის განმავლობაში კომუნალურებში მოსახლეობას საშუალოდ 95,8 ლარის გადახდა უწევს.

საქსტატის მონაცემებით ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე საშუალო თვიური ხარჯი 32,4 ლარს შეადგენს; საოჯახო მოხმარების საქონელზე - 30 ლარს; ჯანმრთელობის დაცვაზე - 91,7 ლარს; ტრანსპორტზე - 78,8 ლარს; განათლებაზე - 25,2 ლარს; სხვა სამომხმარებლო ხარჯი კი 106,8 ლარს შეადგენს.

ცნობისათვის, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს. „ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

ელზა წიკლაური