"რეზონანსი" - აზარტული თამაშები საფრთხეს უკვე ქვეყნის ეკონომიკას უქმნის

აზარტული თამაშების რეგულირება "ქართული ოცნებისათვის" კვლავ ხელშეუხებელი თემაა. რვა წლის განმავლობაში არაერთი დაპირების მიხედავად, ვერ მოხერხდა არათუ თავად ბიზნესის, არამედ რეკლამირების დარეგულირებაც კი. ამ დროს აზარტულ ინდუსტრიაში ყოველ წელს 3-4 მილიარდი ლარი მიედინება და იგი უკვე საფრთხეს არა ცალკეულ მოქალაქეებს და ოჯახებს, არამედ ქვეყნის ეკონომიკას უქმნის.

ზრდასრულ მოქალაქეებს რომ თავი დავანებოთ, მოსწავლეთა 48% აზარტული თამაშებზეა დამოკიდებული, მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონით აკრძალულია. ამ პირობებში კანონპროექტი აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ პარლამენტში არაერთხელ ჩავარდა. სხვა ტიპის შეზღუდვაზე საუბარი არც კი მიმდინარეობს.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი ზურაბ კუკულაძე ამბობს, რომ რეკლამის აკრძალვა ვითარებას არ შეცვლის, რადგან აზარტული თამაშების სისტემის განვითარება თავის ნებაშეა მიშვებული, რაც ერთგვარი ტრაგედიაა.

"სამწუხაროდ, დადებითს ვერაფერს ვიტყვი, ვერც ეკონომიკურად და ვერც სხვა ჭრილში, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, თითქოს, ბიზნესია და წარმატებულად ვითარდება. აზარტულ თამაშებში მოსახლეობა დაახლოებით 6 მილიარდ ლარამდე ხარჯავს. ეს სისტემა, რომ არ არსებობდეს, მოთამაშეების მხრიდან მასში გადაყრილი ფული დაიხარჯებოდა სხვა რამეში. თუ ეს თანხა დაიხარჯებოდა წარმოებაზე, ან ღირებულების შექმნაზე ორიენტირებულ ბიზნესებში, იქნებოდა დამატებითი სტიმულის მომცემი ეკონომიკისთვის.

შეიძლება წაგებული 20 ლარით ადამიანმა რაიმე სერიოზული საქმე ვერ წამოიწყოს, მაგრამ იგი ამ თანხით შეიძენდა სხვადასხვა პროდუქტს, თუნდაც კარტოფილს. ამით კი ბუნებრივია კარტოფილის მწარმოებელი, უფრო მეტ ღირებულებას შექმნიდა და ეს ეკონომიკისთვის არა მარტო ბიუჯეტში გადახდილი ფულია, არამედ არის მეტი შემოსავალი, რომელიც ქმნის ახალ ღირებულებას და უკეთეს სოციალურ ფონს.

მილიარდობით ლარი, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა აზარტულ თამაშებზე ხარჯავს არ მიდის არსად, ანუ ეკონომიკურად ეს ფული კვდება და ახალი ღირებულებები ვერ იქმნება. ეს არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ძირეული ტრაგედია, რომ რეალურად აზარტულ თამაშები ფულის გადინებას უწყობს ხელს", - ამბობს "რეზონანსთან" ზურაბ კუკულაძე.

აზრტული ბიზნესის დამანგრეველ შედეგებზე საუბრობენ არათუ სპეციალისტები, არამედ ბიზნესმენებიც, რომლებიც დაუფარავად აცხადებენ, რომ სათამაშო ბიზნესი ქვეყნის ეკონომიკას ძირს უთხრის.

“ტოიოტა ცენტრი თბილისის” დამფუძნებლის ირაკლი გურჩიანის აზრით, სათამაშო დაწესებელებები მხოლოდ უცხოელი ტურისტებისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ხოლო ადგილობრივი მოქალაქეებისთვის - დახურული.

„ქართველები ორ კაპიკს იშოვიან და გარბიან ტოტალზიატორში, ჰგონიათ, რომ გაასამმაგებენ მოგებას, მაგრამ ასე არ ხდება. იმიტომ არის, რომ დაიღუპა მთელი საქართველო. მე რომ ვიყო სახელმწიფოს მეთაური, ერთი ხელის მოსმით, ერთი ბრძანებით ავკრძალავდი ქართული პირადობის მოწმობით კაზინოში და ტოტალიზატორში შესვლას. გამოთავისუფლებული ფული საქართველოს ეკონომიკაში დარჩება. დღეს ტოტალიზატორის ფული საზღვარგარეთ გადის იმიტომ, რომ მათ უმეტესობას უცხოელი მფლობელი ჰყავს. ეს არხი დასაკეტია“, - აცხადებს `კომერსანტთან~ გურჩიანი.

აზარტულ თამაშებში, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილია ჩართული ამას ანალიტიკოსი სოსო არჩვაძეც ადასტურებს და ამბობს, რომ სათამაშო ინდოსტრიაში მთელი წლის განმავლობაში დაახლოებით 3-4 მილიარდი ლარი მიედინება. ხშირ შემთხვევაში, კაზინოებსა და ტოტალიზატორებში ჩაფლულ საქართველოს მოქალაქეებს უძრავი ქონების გაყიდვა ან ვალის აღება უწევთ.

"ჩვენი მეზობლებისაგან განსხვავებით, საქართველოში აზარტული თამაშები ნებადართულია. შესაბამისად, ამით სარგებლობენ არა მარტო საქართველოს მოქალაქეები, არამედ მეზობელი სახელმწიფოების წარმომადგენლებიც. ამ დროს სათამაშო ინდუსტრიის სფეროს სარგებლობის სიდიდე გაღებულ ხარჯებთან შედარებით 7-8%-ს არ აღემატება, ანუ მოსახლეობა ცალსახად დაზარაბეული გამოდის. ხშირად ამისათვის ისინი ბოლო კაპიკსაც კი ხარჯავენ, ან კიდევ უძრავ ქონებას ყიდიან, ან ვალებში ვარდებიან. ხშირად ისეც ხდება, რომ ოჯახის წევრებმაც კი არ იციან, რომ მათი ერთ-ერთი მათგანი თამაშობს. წლიდან წლამდე სათამშო დაწესებულებებში სულ უფრო მეტ თანხებს ხარჯავენ ადამიანები, თანაც ისე, რომ ეს ჩვენი მოსახლების რეალური შემოსავლების ზრდის ტემპს აღემატება. შესაბამისად, მათ უფრო ნაკლები თანხა რჩებათ პირველადი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.

საბოლოო ჯამში გამოდის, რომ ქვეყანაში ნომინალურად თითქოს შემოსავალი იზრდება, მაგრამ რეალურურად განკარგვადი სახსრების რაოდენობა ნაწილობრივ მცირდება. განსაკუთებით 2014 წლის შემდეგ, ჩვენი მოსახლეობის რეალური კეთილდღეობის დონემ მნიშვნელოვნად დაიკლო. ამიტომ, ოჯახების კეთილდღეობას და სულიერ სიმშვიდეს საფრთხე ემუქრება სწორედ ასეთი თამაშებისაგან.

წელიწადში დაახლოებით ბიუჯეტი იღებს 140 მილიონ ლარს შემოსავალს სათამშო ინდუსტრიისგან. თუ ამ სფეროში ბრუნვის მოცულობას გადავხედავთ, ბიუჯეტის შემოსავალი ძალიან მცირეა. აუცილებელია ისეთი მეთოდების გამოყენება, რომელიც ამ ბიზნესს არ დააზარალებს, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებს დაიცავს თამაშზე დამოკიდებულებისაგან. მაგალითად, მონაკო პატარა სახელმწიფოა, მაგრამ მის მოქალაქეებს აკრძალული აქვთ კაზინოში შესვლა. ჩვენს შემთხვევაში ეს იქნებოდა დამატებითი შემზღუდველი ზომები იმისათვის, რომ მოქალაქეები ნაკლებად შევიდნენ აზარტულ დაწესებულებებში და ის იყოს ძირითადად უცხოელებისთვის, რომლებიც იხდიან სოლიდურ თანხას", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას სოსო არჩვაძე.

გვანცა წულაია

გაზეთი "რეზონანსი"