საქართველოში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა  - სად გაიყიდება პროდუქტი

საქართველოში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა. კერძოდ, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა.

ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,410,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო.

ფერმა წელიწადში საშუალოდ 50 ტონა ლოკოკინას ხორცს აწარმოებს, პროდუქციის რეალიზაცია ხდება საექსპორტო ბაზრებზე, ძირითადად იტალიაში, იგეგმება ადგილობრივ ბაზარზე გასვლაც. საწარმოში მუდმივად 10 ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული.

სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 200 ახალი საწარმო დაფინანსდა, საიდანაც სამეგრელოს რეგიონში 25 ახალი საწარმო გაიხსნა. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

თაია არდოტელი