რა პრობლემებს უქმნის ფერმერებს რეგიონებში სამაცივრე და გადამამუშავებელი მეურნეობების სიმცირე

ჩატარებული კვლევებიდან გამოვლინდა, რომ უმეტესობა მუნიციპალიტეტებში არ არსებობს გადამამუშავებელი და სამაცივრე მეურნეობა. შესაბამისად, ფერმერები მოსავლის გაყიდვას მცირე ვადებში ცდილობენ და გადამყიდველებთან მოლაპარაკებას მოსავლის აღებამდე აწარმოებენ. როგორც PMCG-ის კვლევაშია აღნიშნული, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საკუთარი პროდუქციის შედარებით დაბალ ფასში გაყიდვა უწევთ. ამასთან, პროდუქციის ექსპორტზე გატანა, გარკვეულ სირთულეებს უკავშირედება.

PMCG-ის ინფორმაციით, მაგალითად, იმერეთში პომიდვრის მწარმოებელი ფერმერები ცდილობენ პომიდორი სწრაფად გაყიდონ სეზონის პიკზე, როცა ფასი ყველაზე დაბალია. ამასთან, სამაცივრე მეურნეობები და პროდუქტის ტრანსპორტირება პრობლემას წარმოადგენს კახეთშიც.

„მაყვლის დიდხანს შესანახად საჭიროა მისი შოკურად გაყინვა (მინუს 40 გრადუსზე), რაც კახეთში 2018 წლის მდგომარეობით არ არის ხელმისაწვდომი. შოკური მაცივარი სულ რამდენიმეა საქართველოში. ერთ-ერთი მათგანია ახლად გახსნილი მეურნეობა „გლენბერი”, რომელსაც ქარელის მუნიციპალიტეტში, აგარაში აქვს სამაცივრე მეურნეობა“,-აღნიშნულია კვლევაში.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულმა მეურნეობამ კენკრის შესყიდვა (მათ შორის, მაყვლის) 2018 წლის ივლისში დაიწყო და როგორც კვლევის შედეგებმა აჩვენა, პროდუქცია ექსპორტზე უკვე გააგზავნეს თურქეთსა და ისრაელში.

„ამ სამაცივრე მეურნეობას შეუძლია 1 საათში 1500 კილოგრამი კენკრის შოკურად გაყინვა, რის შემდგომაც ხდება კენკრის მაცივრებში გადატანა (მინუს 18-22 გრადუსზე, სადაც სამ წლამდე შეიძლება შენახვა)“,- ნათქვამია კვლევაში.

ნინი ქეთელაური