რა ქონებით დაბრუნდა ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობაში

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გადადგომის შემდეგ, მთავრობის შეცვლილ შემადგენლობაში ირაკლი ღარიბაშვილი როგორც თავდაცვის მინისტრი, ისე დაბრუნდა.

სამთავრობო ცვლილებები მიმდინარე წლის სექტემბერში განხორციელდა. მანამდე კი, 209 წლის მარტში ყოფილი პრემიერი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში დაბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი 2015 წლის 23 დეკემბერს დატოვა. მანვე პრემიერ-მინისტრის პოსტი 2013 წლის 20 ნოემბერს დაიკავა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ როგორ შეიცვალა ღარიბაშვილის ქონება ამ პერიოდში და რა ფინანსური მდგომარეობით დაბრუნდა ის მთავრობაში. მთავრობაში დაბრუნებამდე ღარიბაშვილი შპს „ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლის პოზიციას იკავებდა, სადაც მისმა შემოსავალმა 2018 წლის განმავლობაში 169 926,87 ლარი შეადგინა.

უძრავ-მოძრავ ქონებას რაც შეეხება, 2019 წლის 13 ოქტომბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ღარიბაშვილი ფლობს 121,8 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში, იმავე მისამართზე მდებარე 16 კვ. მეტრის ავტოფარეხს; დედაქალაქში მდებარე 170 კვ. მეტრისა და 159 კვ. მეტრის ბინებს, ასევე იმავე მისამართზე მდებარე ორ - 38 კვადრატული მეტრისა და 11 კვ. მეტრი ფართობის არასაცხოვრებელ ფართს. მის საკუთრებაშია ასევე, მსუბუქი ავტომობილი, 2019 წელს გამოშვებული - აუდი A8, რომელიც განვადების ხელშეკრულების თანახმად, მიმდინარე წელს 75 620 ევროდ აქვს შეძენილი.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში, ღარიბაშვილს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე 44 357.53 ლარი; 169,31 დოლარი, ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით, 50 000 ლარი ჰქონდა.

თავდაცვის მინისტრს მეუღლე და ოთხი შვილი ჰყავს. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მისი მეუღლე ფლობს 1 530 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს დაბა ბაკურიანში, რომელიც 2019 წელს 76 500 დოლარად აქვს შეძენილი. მის საკუთრებაშია ასევე: მსუბუქი ავტომობილი, 2018 წელს გამოშვებული RANGE ROVER VELAR-ი, რომელიც გასულ წელს 46 000 ევროდ აქვს შეძენილი.

თაია არდოტელი