სინგაპურში მფრინავი ტაქსი წარმატებით გამოსცადეს

სინგაპურში მფრინავი ტაქსი სახელწოდებით "ვოლოკოპტერი" წარმატებით გამოსცადეს. საფრენმა აპარატმა ქალაქის დასახლებულ უბანში აფრენა და ჰაერში 3 წუთის განმავლობაში გადაადგილება წარმატებით შეძლო.

საფრენი აპარატის პირველი ოფიციალური წარდგენა წელს ბერლინში Greentech-ის ტექნოლოგიურ ფესტივალზე მოხდა, სადაც მან სხვადასხვა სახის შემოწმება გაიარა და ის ყველა აუცილებელ კრიტერიუმს აკმაყოფილებს. აპარატის მწარმოებლები აცხადებენ, რომ ვოლოკოპტერების ხილვა მომავალი წლიდან დუბაიში, სინგაპურსა და გერმანიის რამდენიმე ქალაქში იქნება შესაძლებელი.

მათი განმარტებიტთ, საფრენი აპარატის უპირატესობას მისი უსაფრთხოება, სისწრაფე და კომფორტულობა წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ საფრენი აპარატი დრონის მსგავსად ბატარეებზე მუშაობს, რის გამოც ის გარემოში მავნე ნივთიერებებს არ გამოყოფს.

ამჟამად არსებულ მოდელს 2 ადამიანის გადაყვანა 30 კილომეტრის მანძილზე შეუძლია. ამასთან, აპარატი 110 კმ.სთ. სიჩქარეს ავითარებს.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში ისინი "ვოლოკოპტერის" გაუმჯობესებულ ვერსიასაც შექმნიან.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, "ვოლოკოპტერი" არ იქნება განკუთვნილი მხოლოდ მდიდარი ადამიანებისათვის და მისი გამოყენება ნებისმიერს შეეძლება. როგორც ცნობილია, მფრინავი ტაქსით გადაადგილების საფასური ყოველ კილომეტრზე 6 აშშ დოლარს გაუტოლდება, რაც ზოგიერთ ქალაქში არსებულ ტარიფზე ბევრად ნაკლებია.

ბექა ბერიაშვილი