ახალი მინისტრი უძრავ-მოძრავი ქონების გარეშე - როგორია ჩხენკელის ფინანსური მდგომარეობა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად კვლავ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.

მიხეილ ჩხენკელი დღემდე პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იყო განათლების საკითხებში, 2017-2018 წლებში - განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მანამდე კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორის თანამდებობა ეკავა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რა ქონების მფლობელია განათლების ყოფილი და კიდევ ერთი ახალი მინისტრი. როგორც მის მიერ 2019 წლის 30 იანვარს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, მიხეილ ჩხენკელისა და მისი მეუღლის სახელზე უძრავ-მოძრავი ქონება არ ფიქსირდება.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე - 170 050,82 ლარი და 10 159,91 დოლარი; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 1 950 ევრო, 2 000 ლარი და 1 500 დოლარი ჰქონდა.

როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, ჩხენკელი გასულ წელს შპს „ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის“ 1%-იან წილს ფლობდა, რომელიც გასულ წელსვე 100 ლარად გაასხვისა. მანვე 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 12 ივლისამდე პერიოდში განათლების მინისტრის პოსტზე შემოსავლის სახით - 39 772,73 ლარი მიიღო; ხოლო 16 ივლისიდან 31 დეკემბრის პერიოდში პრემიერის მრჩევლის პოზიციაზე - მისმა შემოსავალმა - 37 472,73 ლარი შეადგინა.

ამასთან, დეკლარაციის მიხედვით, მიხეილ ჩხენკელის მეუღლეს დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე 3 151,13 ლარი ჰქონდა, ხოლო მისმა გასული წლის შემოსავალმა გაეროს ბავშვთა ფონდის პროგრამის ასისტენტად მუშაობისას 82 285,31 ლარი შეადგინა.

თაია არდოტელი