საპენსიო დანაზოგის ნახვა უკვე საკუთარ ინტერნეტ/მობაილ ბანკში შეგიძლიათ

საპენსიო დანაზოგის ნახვა უკვე ინტერნეტ ბანკში შეგიძლიათ. აღნიშნულ მომსახურებას საკუთარ მომხმარებელს „თიბისი ბანკი“ სთავაზობს. ამის შესახებ, შეტყობინება ბანკის კლიენტებს ინტერნეტ ბანკში დაეგზავნათ.

კერძოდ, ბანკის ცნობით, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეებს, ბანკი აძლევს შესაძლებლობას ინტერნეტ და მობაილბანკის მეშვეობით გაეცნონ ინფორმაციას საპენსიო აქტივების თაობაზე, რომელიც შენი თანხმობის შემთხვევაში მოწოდებული იქნება სსიპ საპენსიო სააგენტოს მიერ.

„ბიზნესპრესნიუსი“ ბანკის მიერ მომხმარებლებისთვის გაგზავნილ შეტყობინებას უცვლელად გთავაზობთ:

„ვაცნობიერებ, რომ წინამდებარე თანხმობის გაცხადებით, საპენსიო სააგენტო და ბანკი გახდებიან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩემი პერსონალური მონაცემების დამმუშავებლები და ჩემს მიერ ინტერნეტ ბანკში ან მობაილ ბანკში შესვლისთანავე, ბანკს სააგენტოსგან ავტომატურად მიეწოდება ჩემი საპენსიო აქტივების ჯამური ღირებულების თაობაზე ინფორმაცია. ვაცხადებ თანხმობას, რომ ბანკის მიერ სააგენტოსაგან მიღებული პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს ჩემთვის ინტერნეტ ბანკის ან მობაილ ბანკის მეშვეობით საპენსიო აქტივების თაობაზე ინფორმაციის მოწოდების მიზნით. ამასთან, წინამდებარე თანხმობით ვადასტურებ, რომ გავეცანი აღნიშნულ წესებსა და პირობებს, რომელიც საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან ერთად, წარმოადგენს ჩემს, სააგენტოსა და ბანკს შორის არსებული ურთიერთობის მარეგულირებელ დოკუმენტს.

ასევე ჩემთვის ცნობილია, რომ უფლებამოსილი ვარ ნებისმიერ დროს უარი განვაცხადო და გამოვიხმო ჩემს მიერ გაცემული თანხმობა.

თანხმობის განცხადების შემდეგ, ბანკის ინტერნეტ და მობაილბანკში ნაჩვენები იქნება თქვენი საპენსიო აქტივების ჯამური ღირებულება, რომელიც წარმოადგენს დასაქმებულის, დამსაქმებლის და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ განხორციელებული საპენსიო შენატანებისა და ასეთ საპენსიო შენატანებზე დარიცხული სარგებლის ჯამურ ოდენობას.

გაცნობებთ, რომ განხორციელებული საპენსიო შენატანების შესახებ ინფორმაციის თქვენს ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ასახვა ხდება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სააგენტოს მიერ დადგენილი წესით შესაბამისი საპენსიო დეკლარაციის თქვენი დამსაქმებლის მიერ სააგენტოსათვის წარდგენის შემდგომ სამუშაო დღეს.

საპენსიო აქტივების ჩვენება ინტერნეტ და მობაილბანკში ხდება, თქვენს მიერ ინტერნეტ ან მობაილბანკში შესვლისას, თქვენს ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების ჯამური ღირებულების გათვალისწინებით, უცვლელი სახით.

ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, ბანკი არ ფლობს დეტალურ ინფორმაციას თქვენს ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე განთავსებული საპენსიო აქტივების შესახებ. საპენსიო შენატანებთან და მათზე დარიცხულ სარგებელთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით სააგენტოს ნომერზე: 1480.

საპენსიო დანაზოგის ჩვენებაზე თანხმობის განცხადების შემდეგ, ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი თიბისი ბანკთან დაკავშირება და ინტერნეტ და მობაილბანკში საპენსიო აქტივების ჩვენებაზე გაცემული თანხმობის გამოხმობა / უარის გაცხადება. ამისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე (+995 32) 2272727. თანხმობის გამოხმობა / უარი ძალაში შედის ასეთ გამოხმობის / უარის გაცხადების დღიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. თანხმობის გამოხმობის / უარის ძალაში შესვლამდე სააგენტო და ბანკი უფლებამოსილნი არიან განახორციელონ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება წინამდებარე თანხმობით განსაზღვრული მიზნით. თანხმობის გამოხმობის / უარის ძალაში შესვლის შემდეგ ბანკი შეწყვეტს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას,“-აღნიშნულია ბანკის მიერ დაგზავნილ შეტყობინებაში.

თაია არდოტელი