როგორ  გავიუმჯობესოთ საკრედიტო ქულა, რომ შემდეგ უკეთესი პირობებით მივიღოთ საბანკო პროდუქტები

კარგი საკრედიტო ქულა დიდწილად განსაზღვრავს გარკვეული საკრედიტო პროდუქტების მიღების პირობებს.

საკრედიტო ქულას აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში დიდ ყურადღებას აქცევენ და მუდმივად ცდილობენ მის გაზრდას. საქართველოში რეალობა განსხვავებულია. ჩვენთან ცოტამ თუ იცის, რომ კარგი საკრედიტო ისტორიითა და ქულით შესაძლებელია სარგებლის მიღება. ამისთვის გარკვეული მოქმედებაც არის საჭირო.

რა არის საკრედიტო ქულა და როგორ გავაუმჯობესოთ ის? ამ და სხვა საინტერესო კითხვებით საქართველოში ერთადერთი საკრედიტო ბიუროს - „კრედიტინფო საქართველოს“ - ბიზნესის განვითარების მენეჯერს, ლაშა ბაღათურიას მივმართეთ:

რას ნიშნავს და რის მიხედვით ანგარიშდება საკრედიტო ქულა?

საკრედიტო ქულა გამოითვლება რეპორტის მონაცემების სტატისტიკურად დამუშავების გზით და 0-დან 400-მდე მერყეობს. ქულა იყოფა 11 რე­ი­ტინ­გად.

საკ­რე­დი­ტო ქუ­ლა­ზე ბევ­რი ისეთი ფაქ­ტო­რი ახ­დენს გავ­ლე­ნას, როგორიცაა, მაგალითად: გა­დახ­დე­ბის ის­ტო­რია, ჯა­რი­მა და ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბა, ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­ცუ­ლო­ბა, სეს­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, საკ­რე­დი­ტო ის­ტო­რი­ის ხან­გრძლი­ვო­ბა, სა­ბან­კო პრო­დუქ­ტე­ბის მოხ­მა­რე­ბის სიხ­ში­რე, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სა­სეს­ხო პრო­დუქ­ტე­ბის ტი­პე­ბი, ფი­ნან­სუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ განხორციელებული ძი­ე­ბე­ბი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქულას ამცირებს მხოლოდ ფინანსური ორგანიზაციის მხრიდან განხორციელებული ძიება, „ჩემი კრედიტინფოს“ საშუალებით სა­კუ­თა­რი საკრედიტო ისტორიის გადამოწმება ქულაზე არ აისახება.

რაში გვეხმარება მაღალი საკრედიტო ქულა?

მცირე და სამომხმარებლო სესხების საპროცენტო განაკვეთის მოცულობა პირდაპირ კავშირშია საკრედიტო ქულასთან. ასე რომ, მაღალი საკრედიტო ქულით თქვენ მართლაც შეგიძლიათ რეალური სარგებლის მიღება. ბანკში მისვლამდე, საჭიროა, „ჩემს კრედიტინფოში“ წინასწარ შეამოწმოთ თქვენი საკრედიტო ქულა და საკრედიტო ოფიცერთან მომზადებული მიხვიდეთ, რომ თამამად ესაუბროთ ხელსაყრელი საპროცენტო განაკვეთის მიღებაზე. მა­ღა­ლი სა­რე­ი­ტინ­გო ქუ­ლით თქვენ, ასევე, შე­გიძ­ლიათ მი­ი­ღოთ შე­ღა­ვა­თი სა­კო­მი­სი­ო­ზე, სწრა­ფი პა­სუ­ხი გა­ნა­ცხად­ზე ან ნაკ­ლე­ბი სა­გი­რავ­ნო მო­თხოვ­ნა.

როგორ გავიუმჯობესოთ საკრედიტო ქულა?

საკრედიტო ქულის გაუმჯობესება ერთ კვირაში არ მოხერხდება, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ეს შესაძლებელია. ამისათვის გარკვეული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.

პირველ რიგში, უნდა გაარკვიოთ, ძირითადად, რა ფაქტორები ახდენს ნეგატიურ გავლენას თქვენს ქულაზე. ამ ინფორმაციის მიღება „ჩემი კრედიტინფოს“ მეშვეობით არის შესაძლებელი.

გაითვალისწინეთ, რომ დაგვიანებული გადახდები და კრედიტებით ხშირი სარგებლობა ყველაზე მეტად მოქმედებს საკრედიტო ქულაზე, ამიტომ თუ ამ ორი მიმართულებით გაქვთ პრობლემა, შეიძლება რამდენიმეწლიანი კარგი გადახდების ისტორიაც კი დაგჭირდეთ ქულის გამოსასწორებლად. ამის მიზეზი ისაა, რომ ვადაგადაცილებული გადახდები ისტორიაში სესხის დაფარვიდან 5 წლის განმავლობაში ჩანს. დროის გასვლასთან ერთად ამ ფაქტორის გავლენა ქულაზე იკლებს, თუმცა გარკვეულ ნეგატიურ გავლენას მაინც ახდენს.

დიდი მნიშვნელობა აქვს რამდენად ხშირად და როგორ იყენებთ საკრედიტო ბარათებს. მაღალი ქულისთვის მნიშვნელოვანია, რომ ხანგრძლივად არ სარგებლობდეთ საკრედიტო ბარათის სრული ლიმიტით. თუ ასე აკეთებთ, გამოდის, რომ საკრედიტო ბარათს სესხის ფუნქციით იყენებთ.

ახალი სესხის აღების დროს გაითვალისწინეთ, რომ უზრუნველყოფილი სესხის აღება უფრო პოზიტიურ გავლენას ახდენს თქვენს საკრედიტო რეიტინგზე, ვიდრე მცირე და არაუზრუნველყოფილი სესხებით ხშირი სარგებლობა.

ქულაზე უარყოფითად მოქმედებს საკრედიტო ინფორმაციაზე განხორციელებული ძიებებიც. ამიტომ კარგი იქნება, თუ სესხზე უარის მიღების შემთხვევაში, რაღაც დროით თავს შეიკავებთ სესხის მოთხოვნისაგან.

ზოგჯერ ადამიანს გარკვეული გეგმების განსახორციელებლად თანხა სჭირდება. დარწმუნებული არ არის, რომ დასახულს შეასრულებს თუ არა, მაგრამ სესხზე განცხადებას კი მაინც ავსებს. ეს ქულაზე ნეგატიურად მოქმედებს.

რამდენ ხანს ინახება დახურული მონაცემი საკრედიტო ისტორიაში და ახდენს თუ არა ის გავლენას ქულაზე?

ნებისმიერი ინფორმაცია სესხზე ინახება 5 წლის განმავლობაში. თუმცა აქ ერთი საკითხია გასათვალისწინებელი, მონაცემი იშლება არა სესხის აღებიდან - არამედ სესხის სრულად დაფარვიდან 5 წლის შემდეგ.

საკრედიტო ჩანაწერების საკრედიტო ისტორიაში შენახვის ვადა განსაზღვრულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ.