მოქალაქეებს უძრავ ქონებას იძულების წესით ჩამოართმევენ

,,ახალციხე-ბათუმი“-ს 220 კვ. ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის გამო სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოქალაქეების უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) უფლება მიენიჭა.

„რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) დაფინანსებით ხორციელდება "ახალციხე - ბათუმის“ 220 კვ. ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, რათა მოხდეს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ახალი ჰესების (,,შუახევის“ და ,,კორომხეთი“- ს ჰესები) მშენებლობის შედეგად გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემა, განაწილება ან/და ექსპორტი. გარდა ამისა, რეგიონში ახალი 220 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის არსებობა მნიშვნელოვნად გაზრდის მთლიანად აჭარის ენერგომომარაგების სტაბილურობას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და აამაღლებს ავტონომიური რესპუბლიკის ენერგეტიკული სისტემის მდგრადობას,“-აღნიშნულია ეკონომიკის მინისტრის ბრძანებაში.

დოკუმენტის თანახმად, პროექტის ფარგლებში მოექცა ორი მოქალაქის თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი, რომელთანაც მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, უძრავი ქონების (მიწა, შენობა-ნაგებობა, მრავალწლიანი ნარგავები) ნებაყოფლობით გამოსყიდვასთან დაკავშირებით, შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული.

კერძოდ, საუბარია, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ შოლავერში ზვიად ჭანტურიძისა და რუსუდან ჭანტურიძის თანასაკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საერთო ფართი: 3000 კვ.მ) ნაწილზე – 140 კვადრატულ მეტრზე.

როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, დასახელებულ პირებს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ წერილობით ეცნობათ განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცათ პროექტისთვის საჭირო მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზეც მათ უარი განაცხადეს. შესაბამისად, "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ უძრავი ქონების ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა.

თაია არდოტელი