რამდენად რეალურია მოგების გადასახადის გადავადება, შემცირება ან გაუქმება?

"ამ ეტაპზე გადასახადების შემცირება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ბიუჯეტს ისედაც პრობლემები აქვს"

მოგების გადასახადის გადავადების, შემცირების ან სულაც გაუქმების თემა ბოლო ხანებში საკმაოდ აქტუალური გახდა. ბანკებისა და ლომბარდების კლანჭებში მომწყვდეული მცირე მეწარმეები სახელმწიფოსგან შეღავათს ითხოვენ. მათი თქმით, ლარის გაუფასურებამ, რეალიზაციის შემცირებამ და რთულმა ეკონომიკურმა გარემომ მცირე და საშუალო ბიზნესს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. შესაბამისად, მოგების გადასახადის დროებით გადავადება მათთვის საგრძნობი შეღავათი იქნება. საპარლამენტო ოპოზიციამ მსგავსი კანონპროექტის მომზადების მოთხოვნით უკვე მიმართა მთავრობას, თუმცა კანონპროექტის ინიცირებას თავადაც აპირებს. სახელმწიფოს მხრიდან დამწყები ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ხელშეწყობის კარგი მაგალითია საფრანგეთი, სადაც დამწყები მეწარმე პირველი 3 წლის განმავლობაში მოგების გადასახადისგან თავისუფლდება, მეოთხე წელს მოგების 25%-ს იხდის, ხოლო მეხუთე წელს - 50%-ს. ხუთი წლის შემდეგ, როდესაც ბიზნესს ააწყობს და სახელმწიფოს დახმარება აღარ დასჭირდება, დამოუკიდებლად იწყებს საქმიანობას.

თუმცა, "ისტ გეით ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი მიიჩნევს, რომ მოგების გადასახადი საქართველოში ისედაც დაბალია. როგორც მან bpn.ge-სთან საუბრისას განაცხადა, ევროპის ქვეყნებში კი ეს გადასახადი გაცილებით მეტია. "მოდით, ეს საკითხი ობიექტურად შევაფასოთ და ვაღიაროთ, რომ მოგების გადასახადი ჩვენთან ისედაც დაბალია - კერძოდ, 15%, რაც ნამდვილად არ არის დიდი ციფრი. ხოლო თუ განულდება და სულ გაუქმდება, ოფშორულ ზონაში გადავსულვართ და ეგ არის. ამ ფულის ეკონომიკაში ჩატოვება დიდ ფისკალურ ეფექტს ვერ მოგვიტანს, მაგრამ მოგების გადასახადის შემცირებით ეკონომიკას სტიმული მიეცემა, გაჩნდება რეინვესტირების საშუალება ანუ გამოთავისუფლდება თანხა, რომელიც ეკონომიკაში დარჩება და მის განვითარებაში ჩაიდება. რა თქმა უნდა, ეს შეღავათი იქნება, მაგრამ ამით სიტუაცია სტაბილური ვერ გახდება. ამიტომ, ყველაფერი საგულდაგულოდ უნდა დავთვალოთ: უნდა გავარკვიოთ, რამდენია მოგების გადასახადის ეფექტი და თუ ეს ფული ეკონომიკაში დარჩება, რა შედეგს მოგვიტანს. თანაც, ამ თემის განხილვისას კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი ნიუანსი იკვეთება: თუ გადასახადებს არ გადავიხდით, სახელმწიფომ როგორ იარსებოს? თან იძახიან, პენსიები გაზარდეთო, თან ამბობენ - გადასახადები გააუქმეთ ან შეამცირეთო. ყველაფერი საფუძვლიანად უნდა დაანგარიშდეს - თუნდაც ერთი პროცენტით გადასახადის დაწევა, რა სტიმულს მისცემს ეკონომიკას და რამდენად მომგებიანი იქნება. ასეთ საკითხებზე ზეპირად ლაპარაკი არ შეიძლება", - აცხადებს ირაკლი იაშვილი.

ამ საკითხის სერიოზული ანალიზისა და შესწავლის საჭიროებაზე საუბრობს ეკონომიკის ექსპერტი ვაჟა კაპანაძეც, რომლის თქმით, მოგების გადასახადი რომ გაუქმდეს, სამართლიანი ნაბიჯი არ იქნება. "ყველა გადასახადს აქვს თავისი მიზანი და დანიშნულება. თუ ფიზიკური პირი იხდის თავისი ხელფასიდან გადასახადებს, იურიდიულმა პირმა რატომ არ უნდა გადაიხადოს? თუ ყველა გადასახადი უნდა გავაუქმოთ, მაშინ სახელმწიფოც უნდა გაუქმდეს. რაც შეეხება გადავადებას, ან შემცირებას, ამას სკრუპულოზური ანალიზი და გათვლები სჭირდება. ეს ის შემთხვევაა, როდესაც კეისარს კეისრისა უნდა მივუზღოთ და მონას - მონისა. ჩემი აზრით, ზოგიერთი გადასახადი უნდა გაიზარდოს, ხოლო ზოგიერთი - კიდეც შემცირდეს, მაგრამ ამის გაკეთება მხოლოდ სერიოზული შესწავლის შემდეგ შეიძლება", - აღნიშნავს ვაჟა კაპანაძე.

მისი შეფასებით, ბოლო პერიოდში ლარის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა სერიოზული პრობლემები შეუქმნა იურიდიულ პირებს. "სულ 2015 წლის განმავლობაში, ბანკებმა მილიარდი დოლარის ოდენობის მოკლევადიანი კრედიტი გასცეს, რაც ნიშნავს, რომ ეს ფული ერთი წლის განმავლობაში უნდა დაბრუნდეს თავისი ძირითა და საპროცენტო განკვეთით. უხეში გათვლებითაც აშკარად ჩანს, რომ მეწარმეებს მოუწევთ დაახლოებით 450 მილიონი ლარის მობილიზება ზედმეტად. ხოლო თუ ამას გრძელვადიან კრედიტებსაც დავუმატებთ, ნათელი ხდება რა თანხა "გადაქაჩეს" კომერციულმა ბანკებმა მეწარმეებისაგან. ეროვნულმა ბანკმა, თავისი გაუაზრებელი და არათანმიმდევრული პოლიტიკის წყალობით, ქართველი მეწარმეები გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა. აქვე უნდა ვთქვა, რომ ბანკები მარტო მოგების გადასახადს იხდიან, გამოდის, რომ გადასახადი მათაც უნდა გადავუვადოთ, ან შევუმციროთ და მცირე მეწარმესაც, რომელიც იძულებულია თავისი მცირე მოგებაც ბანკს ჩააბაროს? თუნდაც ამის გამო, მოგების გადასახადის შემცირება ან გადავადება საკმაოდ რთული საკითხია, მით უმეტეს, ჯერ კიდევ არ ვიცით, რა ნიშნულზე გაჩერდება ლარის კურსი, ამ მხრივ ქვეყანაში ჯერ კიდევ არასტაბილური სიტუაციაა. შესაძლოა გადასახადები ზოგიერთ ნაწარმზე გავზარდოთ - მაგალითად, ფუფუნების საგნებზე ან ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქტზე, მაგრამ სხვაზე - შევამციროთ, ოღონდ ეს ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ბიუჯეტიც არ დაზარალდეს", - აცხადებს ვაჟა კაპანაძე.

მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" ერთი სული აქვს, ბიუჯეტი სეკვესტრამდე მივიდეს, რომ მერე ლოზუნგები გაშალონ და მთავრობა გააკრიტიკონ. ვაჟა კაპანაძის თქმით, ეს იდეაც მათ ეკუთვნით, რადგან სახელმწიფო ინტერესები ნაკლებად აინტერესებთ. შეიცვლება თუ არა მოგების გადასახადის რაოდენობა, ან გადახდის ვადა? - ამ შეკითხვით საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის მოადგილეს, პაატა კვიჟინაძესაც მივმართეთ. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე გადასახადების შემცირება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ბიუჯეტს ისედაც პრობლემები აქვს.

"მაგრამ თუ მეწარმეს ძველი დავალიანება აქვს და მისი გადავადება სურს, ფინანსთა სამინისტროში არის სპეციალური სამსახური და შეუძლია მიმართოს. ეს სამსახური შეისწავლის მეწარმის საქმიანობას და საჭიროების შემთხვევაში შეღავათებსაც დაუწესებს. საერთოდ, გადასახადების შემცირება ყოველთვის ხელს უწყობს წარმოების განვითარებას, მაგრამ საქართველოში გადასახადები ისედაც დაბალია და ამ ეტაპზე მათი კიდევ უფრო მეტად შეცირება არარეალურად მიმაჩნია. სხვათა შორის, სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმა, რომლებიც საქართველოში ახლახან იყვნენ, პირიქით, გადასახადების მომატება მოითხოვეს ჩვენგან. რა თქმა უნდა, ჩვენ გადასახადებს არ გავზრდით, უფრო მეტიც, მე მათი შემცირების პრინციპს ვეთანხმები, მაგრამ ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია", - აღნიშნავს პაატა კვიჟინაძე. მისივე თქმით, ამ საკითხზე ეკონომიკის სამინისტროშიც მუშაობენ. ამასთან ერთად, პაატა კვიჟინაძე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე გადასახადების შემცირება ნიშნავს, რომ ბიუჯეტში ასეულობით მილიონი ლარი აღარ შევა. "იქნებ, ჩვენმა ოპონენტებმა გვირჩიონ, როგორ შევავსოთ ეს დანაკლისი?" - აცხადებს პარლამენტარი.

ხათუნა ჩიგოგიძე