ისრაელის და ჩინეთის უმსხვილესი კომპანიები საქართველოში ინვესტირებას გეგმავენ

ისრაელის და ჩინეთის უმსხვილესი კომპანიები საქართველოში ინვესტირებას გეგმავენ.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ინვესტორებს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა. მათივე ცნობით, ისრაელის და ჩინეთის მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები დაინტერესებულნი არიან ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და IT ტექნოლოგიების სფეროში ინვესტირებით. საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში 1-მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტის განხორციელება იგეგმება. ინვესტორები ასევე აქტიურად თანამშრომლობენ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებულ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან, IT ტექნოლოგიების სფეროში ინვესტირების მიზნით.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო გარდაბნის თბოელექტროსადგურის გასხვისებას. ამ თემაზე მოლაპარაკებები Pegasus Eastwest-თან დასასრულს უახლოვდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ისრაელში მოღვაწე ბიზნესმენი, მიხეილ მირილაშვილი, კომპანია Pegasus Eastwest-ის თავმჯდომარე რაფი კამინერი, კომპანია CEFC-ის თავმჯდომარე იუ ჟიანმინგი, კომპანია CEFE-ს პრეზიდენტი ჩან ჩაუტო, კომპანია შყნოჰყდრო-ს ვიცე-პრეზიდენტი ლიუ ლიუშანი, LR Group-ის პრეზიდენტი რობი ბენ იამი და სხვა მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.