შენობაში, სადაც ტექნოლოგიური უნივერსიტეტი უნდა განთავსებულიყო, სასტუმრო აშენდება

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, შენობაში, რომელშიც ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი უნდა განთავსებულიყო, ინვესტორი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას გეგმავს.

როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს აღნიშნული შენობის პრივატიზაციის საკითხის კომენტირებისას განუცხადა, ამისათვის ინვესტორი 18-20 მილიონ დოლარამდე ჩადებს. "ეს შენობა აუქციონზე 25 მილიონ დოლარად იყო გატანილი, აუქციონი კი დღეს უნდა დახურულიყო. ახალი ინვესტორი გეგმავს 18-დან 20 მილიონამდე დოლარის ჩადებას, რადგან იქ სასტუმრო კომპლექსის მშენებლობაზეა საუბარი. ეს შენობა აუცილებელი იყო გაყიდვას დაქვემდებარებოდა, რადგან იქ ინფრასტრუქტურა უკვე სავალალო მდგომარეობაში იყო", - განაცხადა გუშინ კვირიკაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, სახელმწიფომ არა უნივერსიტეტი, არამედ შენობა გაყიდა. "კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ უნივერსიტეტი არ გაგვიყიდია. გაყიდულია შენობა. წერილი, რომლითაც ამერიკულმა მხარემ მიმართა საქართველოს მილენიუმის ფონდის წარმომადგენლებს, ადასტურებს, რომ ეს შენობა უნივერსიტეტისთვის იყო გამოუსადეგარი. სწორედ ამიტომ მოხდა ამ შენობის რეალიზაცია. ჩვენ უნივერსიტეტი არ გაგვიყიდია", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.