ბაკურიანში ზამთრის სეზონი ჩავარდა

"ტურისტები ჩამოვიდნენ, მაგრამ რომ ნახეს თოვლი არ იყო, 2-3 დღეში უკან გაბრუნდნენ"

წინა წლებთან შედარებით შეიძლება ითქვას, რომ წელს ბაკურიანში სეზონი ჩავარდა. ამის მთავარ მიზეზად ადგილობრივები უთოვლობას ასახელებენ. ზამთრის სპორტის მოყვარულებისთვის ხელოვნური თოვლის საფარი დააგეს, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. იმედგაცრუებული ბაკურიანელები იმედს ახლა ზაფხულის სეზონზე ამყარებენ. ბაკურიანში პირველი თოვლი ამ წელს მარტში მოვიდა. შესაბამისად, ამ პერიოდში დამსვენებელთა რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა. ხალხმრავლობა ძირითადად შაბათ-კვირას შეიმჩნევა, პროფესიონალ თუ მოყვარულ მოთხილამურეებს შორის უცხოელ ტურისტებსაც მოკრავთ თვალს. კვირის დანარჩენ დღეებში კი ბაკურიანში სრული სიმშვიდეა. სასტუმროების უმრავლესობა დამსვენებელთა სიმცირეს უჩივის. ლამის ყოველ ფეხის ნაბიჯზე სასტუმროებისა თუ კოტეჯების წინ განცხადებებია გამოკრული - ქირავდება.

სასტუმროს ფასები 60 ლარიდან 200 დოლარამდე მერყეობს. ბაკურიანში ძირითადად 5-ვარსკვლავიანი სასტუმროებია, რაც ადგილობრივების თქმით, ყველა ფენისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ძვირადღირებულმა სასტუმროებმა, ეკონომიკურმა კრიზისმა და უთოვლობამ საერთო ჯამში, ბაკურიანში ზამთრის სეზონი ჩააგდო. ადგილობრივები უცხოელი ტურისტების სიმცირეს გამკაცრებულ სავიზო რეჟიმსა და უკრაინაში განვითარებულ საომარ მოქმედებებსაც უკავშირებენ. მათი თქმით, ტურისტების ყველაზე მეტი წილი რუსებსა და უკრაინელებზე მოდიოდა, ასევე ყაზახებზე.

"წინა წლებში ტურისტი ნამდვილად არ გვაკლდა, პირიქით, სასტუმროს ნომრები წინასწარ იყო დაჯავშნილი და თავისუფალი ადგილები აღარ გვქონდა. დეკემბრის ბოლოდან მარტამდე ბაკურიანი დამსვენებლებით სავსე იყო. წელს ბუნებამაც გვიმტყუნა - თოვლი არ მოვიდა. საახალწლოდ სასტუმროების უმრავლესობა კლიენტის გარეშე დარჩა. პრაქტიკულად, დეკემბრიდან მოყოლებული თებერვლის შუა რიცხვებამდე, სეზონი ჩავარდა. სასტუმროს მეპატრონეებმა კლიენტის მისაზიდად მომსახურების ფასი ლამის გაანახევრეს, მაგრამ სეზონი მაინც ჩავარდა. ახალი წლის დღეებში აზერბაიჯანელები, სომხები ჩამოვიდნენ, მაგრამ როცა ნახეს თოვლი არ იყო, 2-3 დღეში უკან გაბრუნდნენ. წელს ძალიან ვიზარალეთ," - აღნიშნა bpn.ge-სთან საუბარში ბაკურიანის მკვიდრმა ზურაბ ელიაშვილმა.

სეზონით უკმაყოფილო არიან სასტუმროს მეპატრონეებიც. "შარშან ჩვენს სასტუმროში ერთი დღე-ღამე 200 დოლარი ღირდა, ნომრები წინასწარ დაჯავშნილი იყო, საახალწლოდ ერთი თავისუფალი ნომერიც არ გვქონდა. თუმცა წელს საპირისპირო სურათი მივიღეთ. ამჟამად ჩვენს სასტუმროში მხოლოდ ორი ნომერია დაკავებული. წარმოგიდგენიათ, როგორ ვიზარალეთ? კლიენტის მისაზიდად ფასიც კი დავწიეთ და 140 დოლარი გავხადეთ", - გვითხრა ერთ-ერთი სასტუმროს მენეჯერმა.

ადგილობრივებთან და სასტუმროს მეპატრონეებთან საუბრის შემდეგ, bpn.ge ტურისტებსაც ესაუბრა. ჩვენთან საუბარში უცხოელი ტურისტები, განსაკუთრებით ისინი, ვინც ბაკურიანს პირველად სტუმრობს, აქაური მთებით, ბუნებით აღტაცებულები არიან. თუმცა შენიშვნები აქვთ ინფრასტრუქტურის კუთხით. "თქვენს ქვეყანაში პირველად ვარ. მოხიბლული ვარ თქვენი ბუნებით. აქაურობა მართლა საოცრებაა, მაგრამ ურიგო არ იქნება თუ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე იზრუნებენ. ცენტრალურ ტრასაზე, სადაც მანქანები განუწყვეტლივ მოძრაობენ, ტროტუარი არ არის. პრაქტიკულად, შუა გზაზე დავდივართ. ღამით გარეთ გასვლა პრობლემაა, ქუჩა განათებული არ არის, ლამპიონები არ მუშაობს, განათება მხოლოდ სასტუმროების მიმდებარედ არის, ისიც ყველგან არა. თქვენს კურორტს ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ მხოლოდ ბუნება ვერ გიშველით თუ ინფრასტრუქტურა არ მოწესრიგდება", - გვითხრა ჩეხმა ტურისტმა.

ანალოგიური პასუხი მივიღეთ ქართველი დამსვენებლებისგანაც: "ჩემმა შვილებმა მთელი ბავშვობა აქ გაატარეს. ახლა შვილიშვილთან ერთად ვისვენებ. დასანანია, რომ ბაკურიანი ასეთი გაპარტახებულია. თოვლის დნობის პროცესში ცენტრალურ პარკში ვერ შეხვალთ, იქაურობა ატალახებულია. განა რა დიდი თანხაა საჭირო იმისთვის, რომ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა სავალ ნაწილზე ღორღი დაყაროს?" - გვითხრა ვენერა მიქაძემ.

ადგილობრივთა თქმით, ზამთრის სეზონი მარტის ბოლომდე გასტანს. ამჟამად, ბაკურიანში თოვლი არ არის, თუმცა ზამთრის სპორტის მოყვარულებისთვის სათხილამურო ტრასაზე ხელოვნური თოვლია. ამიტომ, ბაკურიანელები შაბათ-კვირას დამსვენებლის მოლოდინში არიან.

სალომე გოგოხია