ანაკლიის პორტს ჩინური კომპანია ააშენებს?

პროექტის განხორციელებისთვის ჩინური მხარე 5 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციას მოიზიდავს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმადაც 11 მარტს, პეკინში ხელი მოეწერა შეთანხმებას უმსხვილეს ჩინურ სახელმწიფო ენერგოკომპანია Power China-სა და ქართულ კომპანია Anaklia Industrial Eco Park and Port Ltd-ს შორის. გავრცელებული ინფორმაციით, ჩინური კომპანია 6 თვეში დაიწყებს შავი ზღვის სანაპიროზე, ანაკლიაში უმსხვილესი პორტის მშენებლობას. პორტის სიმძლავრე წელიწადში 100 მილიონი ტონა იქნება. პროექტის განხორციელებისთვის ჩინური მხარე 5 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციას მოიზიდავს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეთანხმების ხელმოწერა მოხდა პეკინში საქართველოს და ჩინეთის ოფიციალური დელეგაციების შეხვედრის დროს, აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის პროექტის ფარგლებში. bpn.ge-მ კომენტარისთვის Anaklia Industrial Eco Park and Port Ltd ხელმძღვანელთან, თემურ ქარჩავასთან დაკავშირება სცადა, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, ის ახლაც ჩინეთში იმყოფება.

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა: „ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მანამდე, სანამ მეორე ეტაპზე იქნება წინადადებები შვიდივე კონსორციუმის მხრიდან წარმოდგენილი, ჩვენ ვატარებთ დამაზუსტებელ შეხვედრებს. ჩამოსული იყო ფრანგული კონსორციუმი და ამერიკული კომპანია. მათთან გავმართეთ შეხვედრები. ასეთივე შეხვედრები გვქონდა ჩინეთშიც ორ ადგილობრივ კონსორციუმთან, რომლებსაც ანაკლიის პორტის საკითხზე აქვთ დაინტერესება. ჩვენ მათ შეკითხვებსაც ვუპასუხეთ.“

რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას Power China-სა და ქართველი ბიზნესმენის, თემურ ქარჩავას კომპანია Anaklia Industrial Eco Park and Port Ltd-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ, საქართველოს ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ რამდენადაც იცის, ეს არის მათი შიდა კონსორციუმის ხელშეკრულება და აღნიშნულ დოკუმენტთან საქართველოს მთავრობას არაფერი აკავშირებს. „მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ორი ჩინური კომპანიის - Power China-სა და China Harbor-ის წარმომადგენლებს შევხვდით. მათთან გვქონდა კონსტრუქციული საუბრები და მათ ყველა შეკითხვას ვუპასუხეთ“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.