საქართველოში კაზინოების ცნობილი ბრენდი ”მილკო ქრაუნ ენთერთეინმენთი” შემოდის

კაზინოების ცნობილი ბრენდი „მილკო ქრაუნ ენთერთეინმენთი" საქართველოში შემოსვლას გეგმავს.

ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთი ბოჭორიშვილმა bpn.ge-სთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, კომპანიამ უკვე მიიღო საქართველოში შემოსვლის გადაწყვეტილება და ახლა მხოლოდ ლიცენზიის მიღებას ელოდება. ”სავარაუდოდ, ერთ-ორ თვეში აღნიშნული კომპანია მიიღებს ლიცენზიას და შესაბამისად, ოფიციალური პრეზენტაციის შესახებაც დააანონსებს”, - განუცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ bpn.ge-ს.

ქეთი ბოჭორიშვილის თქმით, „მილკო ქრაუნ ენთერთეინმენთი" 7-ვარსკვლავიანი სასტუმრო ”მილენიუმ ბილთმორის” შენობაში განთავსდება. სასტუმრო ”მილენიუმის” მშენებლობა თბილისში, იმელის შენობის უკან მიმდინარეობს და 2016 წლის მეორე ნახევარში უნდა დასრულდეს.

ჰონგ-კონგში, 1910 წელს დაარსებული კომპანია „მილკო ქრაუნ ენთერთეინმენთი" აზიაში სათამაშო და სასტუმროების ბიზნესის მფლობელია. ამჟამად კომპანია ჰონგ-კონგის გარდა, წარმატებით ოპერირებს მაკაუსა და ფილიპინებზე.