სერგეენკო წამლებზე ქართულენოვანი ანოტაციების დართვის შესახებ კანონპროექტის მომზადებას საჭიროდ არ მიიჩნევს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, მედიკამენტებზე ქართული ანოტაციის ვალდებულება უკვე დიდი ხანია, არსებობს.

როგორც დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განუცხადა, ამაში არანაირი დამატებითი ხარჯები არ მოიაზრება. "ჩემი აზრით, ეს არის რაღაც ღია კარის მტვრევა. ნებისმიერ მომხმარებელს აფთიაქში დღესაც შეუძლია, მოითხოვოს ქართულენოვანი ანოტაცია. დღეს კანონში არის ჩაწერილი ვალდებულება და ნებისმიერ აფთიაქს უკვე წლებია, აქვს ქართული ანოტაციის ვალდებულება. შესაბამისად, ვერანაირ რისკს ვერ ვხედავ და საკითხის სიმწვავეც გაუგებარია", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

განცხადება იმის შესახებ, რომ წამლებზე ქართული ანოტაციის დართვის შესახებ კანონპროექტი მომზადდება, თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის ხელმძღვანელმა, თედო კობახიძემ გააკეთა.