მოგების გადასახადთან დაკავშირებით შესაძლოა, საწარმოებს საგადასახადო შეღავათი დაუწესდეთ

საწარმოთა მოგების ის ნაწილი, რომლის რეინვესტირებაც სამი წლის განმავლობაში განხორციელდება, შესაძლოა მოგების გადასახადით აღარ დაიბეგროს.

საგადასახდო შეღავათი, რომელიც სადღეისოდ მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო და სამედიცინო საქმიანობიდან მიღებულ მოგებაზე ვრცელდება, შესაძლოა ნებისმიერი ტიპის საწარმოს შეეხოს. საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ მოამზადა. პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია, თუმცა განხილვის პროცესი ჯერ არ დაწყებულა.

პროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს საწარმოს სტატუსის მქონე პირების მოგების გადასახადით დაბეგვრისგან გათავისუფლება მოგების გადასახადის იმ ნაწილში, რომლიც რეინვესტირებისთვის იქნება მიმართული. ეს კი, საკითხის ინიციატორის შეფასებით, ბიზნესს განვითარებისა და გაფართოების სტიმულს მისცემს, ხელს შეუწყობს წარმოების გაფართოებასა და ინვესტირების წახალისებას.

საგადასახადო შეღავათის ამოქმედების ვადად 2015 წლის 1 ივნისია განსაზღვრული.

ნათია ინაური