"ნაციონალური მოძრაობა" საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების ინიციატივით გამოდის

პროექტის მიხედვით, მცირე მეწარმეებს წლიური მოგების გადასახადის 1-ლი აპრილისთვის გადახდა არ მოუწევთ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მმართველ გუნდს მეწარმეებისთვის გადასახადის განწილვადებით გადახდის შესაძლებლობის მიცემის წინადადებით მიმართავს. შესაბამისი პროექტი პარლამენტში უკვე წარდგენილია, რომელიც ძირითადად მცირე მეწარმეებსა და მეწარმე ფიზიკურ პირებს შეეხებათ, მსხვილ გადამხდელებზე კი არ გავრცელდება.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრების პავლე კუბლაშვილისა და გიორგი მელაძის ავტორობით პარლამენტში ინიცირებულია "საგადასახადო კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვით, მცირე მეწარმეებს წლიური მოგების გადასახადის 1-ლი აპრილისთვის გადახდა არ მოუწევთ და მისი 1-ელ ნოემბრამდე გადახდის საშუალება ექნებათ. ამასთან, მეწარმეებს საშუალება ეძლევათ, არ გადაიხადონ მიმდინარე გადასახდელები, თუ 2015 წელს მათი ბრუნვა 25%-ით შემცირდება.

პროექტის ავტორთა განმარტებით, მათი ინიციატივა სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენას არ ახდენს, რადგან გადასახადების გადახდა 1-ლი ნოემბრისთვის მოხდება, ხოლო ვინ ისარგებლებს მიმდინარე გადასახდელების განსხვავებული რეჟიმით, მათი დადგენა წინასწარ შეუძლებელია.

პროექტის პარლამენტში განხილვა ჯერ არ დაწყებულა.

ნათია ინაური